ერთი ჩანთა მედიკამენტებით დაწყებული დიდი ბიზნესი

”წამალი იაფი ვერასდროს იქნება, იმიტომ რომ, თავისი ტექნოლოგიით ეს არის ძვირადღირებული პროდუქტი”.

ექიმი, მეწარმე, ლიდერი - სწორედ ეს ძველი, საარჩევნო სლოგანი გამახსენდა მაშინ, როცა ამ ადამიანის ბიოგრაფიას ვეცნობოდი. საქართველოში ყველაზე დიდი სააფთიაქო ქსელის ჩამოყალიბება სწორედ მის სახელს უკავშირდება. რა გზა გაიარა დღეს პედიატრობიდან წარმატებულ ბიზნესამდე, ამაზე ”ავერსის” დამფუძნებელმა, პაატა კურტანიძემ პალიტრა TV-ს გადაცემაში ”ბიზნეს PRESS” ისაუბრა. Bpn.ge ბიზნესმენის ინტერვიუს ბეჭდურ ვერსიას გთავაზობთ.

- პროფესიით ექიმი ხართ. თუმცა მაინტერესებს, რა პროფილის ექიმი ხართ?

- პედიატრი.

- და ბავშვების მკურნალობა ერთ დროს ბიზნესზე გაცვალეთ, რატომ?

- ექიმობა ბავშვობიდან მინდოდა. დავამთავრე ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა. ფიზიკაც ძალიან მიყვარდა, მათემატიკაც, მაგრამ მაინც სამედიცინო ინსტიტუტში გადავწყვიტე ჩაბარება. არასდროს მინანია და მიმაჩნია, რომ ძალიან სწორი არჩევანი გავაკეთე. ჩემი თავი მხოლოდ ექიმად წარმომედგინა და ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ბიზნესმენი ვიქნებოდი, რომ დიდი ფინანსური შესაძლებლობები მექნებოდა. ძალიან მინდოდა ვყოფილიყავი კარგი ექიმი. მაგრამ მოგეხსენებათ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ყველაფრის ძალიან დიდი დეფიციტი იყო, მათ შორის მედიკამენტების. 1994 წელს, მე-6 კურსზე რომ ვიყავი, კლინიკაში ოპერაციებს ვესწრებოდი, ყველაფერი პაციენტს უნდა მოეტანა - იქნებოდა ეს მედიკამენტები თუ შესახვევი მასალები. თვითონ კლინიკას არ ჰქონდა, რადგან მოშლილი იყო ცენტრალური მომარაგება. მაშინ გამიჩნდა იდეა, მოსკოვიდან ან კიევიდან შესახვევი მასალები და მედიკამენტები ჩამომეტანა და კლინიკისთვის შემეთავაზებინა, თუმცა კლინიკის მთავარმა ექიმმა უარი თქვა - ამის არც ფინანსები მაქვს, არც გამოცდილებაო. მაგრამ იმისთვის, რომ ხალხმა არ იწვალოს და არ იაროს ვაგზალზე, სადაც ერთი დიდი ბაზრობის სახით იყიდებოდა მედიკამენტები მთელი ქალაქისთვის და ქვეყნისთვის, ფართს გამოგიყოფ და კლინიკაში გახსენი აფთიაქი - ამით პაციენტებიც და მათი პატრონებიც ძალიან კმაყოფილი იქნებიანო. ასე მოულოდნელად გადავწყვიტე აფთიაქის გახსნა. პირველად აფთიაქში 16 დასახელების მედიკამენტი იყო: ამპიცილინი, პენიცილინი, სტრეპტომიცინი... ამას მოჰყვა ამ ბიზნესის განვითარება.

-ამ მედიკამენტების შესაძენი და ჩამოსატანი ფული სად იშოვეთ?

-პირველად დაახლოებით ერთი ჩანთა მედიკამენტები მოსკოვიდან ჩამოვიტანე. ჯამში, სადღაც 350 დოლარის იყო, რომლებიც განვადებით მომცეს ჩემმა ნაცნობებმა მოსკოვში.

-ანუ პირადად ჩახვედით მოსკოვში, პირადად შეარჩიეთ მედიკამენტები, რომლებიც ყველაზე მოთხოვნადი იყო ალბათ იმ დროს საქართველოში, ჩააწყეთ ჩანთაში და უპრობლემოდ ჩამოიტანეთ?

-დიახ და იმ თექვსმეტი დასახელებით გაიხსნა აფთიაქი. გაიყიდა სამ დღეში, ამიტომ ისევ წავედი, უკვე 1000 დოლარის გამომატანეს, ისიც 2-3 დღეში გაიყიდა, შემდეგ ყოველ წასვლაზე ეს თანხა იზრდებოდა.. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, როდის გავცვალე ექიმობა ბიზნესმენობაზე - იმ პერიოდში, როდესაც ექიმად უნდა დამეწყო მუშაობა, არჩევანის წინაშე დავდექი: ან უნდა ვყოფილიყავი ექიმი ან უნდა ვყოფილიყავი ბიზნესმენი. შეთავაზებაზე უარი ვთქვი.

-კონკურენტები არ გყავდათ მაშინ?

- მაშინ კონკურენცია საერთოდ არ იყო, რადგან წამლების ძალიან დიდი დეფიციტი იყო. ამიტომ არც მარკეტინგი იყო საჭირო, არც რეკლამა. რასაც შემოიტანდა ვინმე, დიდი დეფიციტის გამო 2-3 დღეში იყიდებოდა. ამიტომ ძალიან სწრაფი წინსვლის გამო, ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ ბიზნესში ვყოფილიყავი.

- ძალიან საინტერესო რამ თქვით, რომ მაშინ არ გყავდათ კონკურენტი; რომ ერთი ჩანთა მედიკამენტები ჩამოიტანეთ და მალევე გაყიდეთ. გულწრფელად მიპასუხეთ, იყო ცდუნება, რომ ამ მედიკამენტებში რაც შეიძლება დიდი მოგება დაგრჩენოდათ?

-მაშინ ფასები არ იყო ასეთი უკონტროლო. კონკურენცია არ იყო, წამლების დეფიციტი იყო, მაგრამ ამპიცილინს მანქანის ფასს ხომ არ დაადებდი? იყო გონივრული, ზომიერი ფასნამატი. ამავე დროს, ფასს რომ ვადებდი, რა თქმა უნდა, ქალაქში მედიკამენტებზე არსებულ ფასს ვითვალისწინებდი. ბიზნესში არის მარტივი შეკითხვა: რა სჯობს - გაყიდო ცოტა და ძვირად, რომ დაგრჩეს კარგი მოგება თუ ბევრი და იაფად, რომ დაგრჩეს ნორმალური მოგება. თავიდანვე გადავწყვიტე, რომ უკეთესია გავყიდო ბევრი წამალი და იაფად. ეს პრინციპი გვაქვს დღემდე და ამ პრინციპმა ფინანსურადაც ძალიან გაამართლა, ვინაიდან ჩვენ აქცენტს მეტი მედიკამენტის შემოტანასა და დეფიციტის უფრო მეტად დაკმაყოფილებაზე ვაკეთებდით.

-ერთი ჩანთა მედიკმანეტები რამდენ ხანში იქცა დიდ ბიზნესად?

- სიმართლე გითხრათ, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ჩემს მიერ დაარსებული კომპანია ამ მასშტაბებს მიაღწევდა. როდესაც ჩამოტანა გადავწყვიტე, მითხრეს, რომ ვერ შემოვიტანდი, თუ ფირმას არ გავხსნიდი. ვიკითხე ფირმა როგორ უნდა გამეხსნა, წავედი გამგეობაში, სადაც ადრე რეგისტრირდებოდა და გავხსენი ფირმა. მხოლოდ მე ვმუშაობდი. მე ვიყავი დირექტორიც, მოადგილეც, ბუღალტერიც, ფარმაცევტიც - ყველაფერს მე ვაკეთებდი. აფთიაქში ძალიან მსიამოვნებდა მომხმარებელთან ურთიერთობა. ბოლო წლებამდეც, ყოველ საღამოს, ნახევარი საათი, ერთი საათი, რომელიმე აფთიაქში ვმუშაობდი ხოლმე, როგორც ჩვეულებრივი ფარმაცევტი. მერე დავიმატე ერთი თანამშრომელი, მეორე, მესამე და დღეს ”ავერსში” თანამშრომელთა რაოდენობა უკვე 8 ათასს აღწევს. კონკრეტული თარიღი არც მახსოვს, ჩემთვის უკითხავთ, პირველი მილიონი როდის იშოვეო - ნამდვილად არ ვიცი. ფულიც არასდროს დამითვლია.

- მე გკითხავთ: რამდენი მილიონი იშოვეთ.

-ზუსტად არ ვიცი. საკმაოდ ბევრი, მაგრამ რაც ნაშოვნი მაქვს, მუდმივად ხდება მისი ინვესტირება. ახალი აფთიაქები იხსნება. ჩვენ გავხსენით წარმოება, რასაც დიდი თანხა სჭირდებოდა, კლინიკებში ჩადებული მაქვს 80 მილიონ ლარზე მეტი. ასე რომ, თუ რამე მოგება რჩება კომპანიას, ისევ რაღაც ახალი კეთდება, რომელიც კარგია იმისთვის, რომ მოემსახუროს მომხმარებელს და კარგია იმისთვის, რომ დასაქმდეს ხალხი.

-თქვენ ამბობთ, რომ ბიზნესგანათლება არ გქონდათ მაშინ, როცა ბიზნესი დაიწყეთ. ალბათ ბევრი შეცდომაც დაგიშვიათ, ყველაზე მწარედ რომელი შეცდომა გახსენდებათ?

-ადრეც მიფიქრია მაგაზე. კონკრეტული შეცდომა არ მახსოვს. ბიზნესგანათლება შეიძლება არ გქონდეს, მაგრამ სამედიცინო განათლება, ექიმის აზროვნება ზოგადად, ბიზნესშიც ძალიან კარგია და ცხოვრებაშიც, იმიტომ, რომ სამედიცინო ინსტიტუტში პირველ რიგში, პაციენტის შესწავლა ხდება, შემდეგ კი სწორი დიაგნოზის დასმას სწავლობ. თუ ბიზნესთან პარალელს გავავლებთ, აქაც იგივეა საჭირო - გარემოებების ანალიზის შედეგად უნდა დასვა სწორი დიაგნოზი.

-ანუ ბიზნესი და მედიცინა ჰგავს ერთმანეთს.

-ძალიან ჰგავს ერთმანეთს აზროვნებითა და ლოგიკური მიდგომით.

-ეჭვი მაქვს, სულაც არ ნანობთ, რომ ერთ დროს ექიმობა გაცვალეთ ბიზნესზე.

-ვნანობდი იმ მომენტამდე, ვიდრე კლინიკებს გავხსნიდი. პირველი კლინიკა ”ავერსმა” 2007 წელს გახსნა. 1994 წელს, როცა პირველი აფთიაქი გავხსენი, იმდენი ფული რომ მქონოდა, რაც 2007-ში მქონდა პირველი კლინიკის გახსნისას, რა თქმა უნდა, ფარმაცევტულ ბიზნესს საერთოდ არ დავიწყებდი. დღეს, როდესაც ამდენი კლინიკა გვაქვს, რა თქმა უნდა, არ ვნანობ, რადგან მაქვს იმის საშუალება, რომ გავხსნათ უფრო და უფრო უკეთესი კლინიკები, რომ მეტი პაციენტი იყოს კმაყოფილი.

- თქვენს ყველაზე ძლიერ კონკურენტად ვინ მიგაჩნიათ?

- კონკურენტად მიგვაჩნია ყველა, აბსოლუტურად.

- პატარა აფთიაქიც?

- რა თქმა უნდა, არ შეიძლება ვინმე ჩათვალო დიდ კონკურენტად, ვინმე პატარა კონკურენტად. იმიტომ, რომ ბიზნესისტორიას თუ გადახედავთ, ხშირად პატარა კომპანიას არ მიიჩნევენ კონკურენტად და ის ხდება მერე ყველაზე დიდი პრობლემა დიდი კომპანიის. ასე რომ, ჩვენ ყველას კონკურენტად ვთვლით. თუ რომელიმე ერთი ცალკე გახსნილი აფთიაქი დაიწყებს წამლების იაფად გაყიდვას, ჩვენ მაშინვე რეაგირებას ვაკეთებთ, თუნდაც სხვა დიდი კონკურენტების 300-მა აფთიაქმა არ გაყიდოს ისე იაფად. მომენტალურ რეაგირებას ვაკეთებთ თუნდაც ერთ აფთიაქზე, იმიტომ, რომ სხვანაირად არ შეიძლება ბიზნესში. ჩვენი მიზანია, მომხმარებელმა ყველაზე იაფად შეიძინოს წამალი ”ავერსის" აფთიაქში. ან სხვაგან არ გადაიხადოს უფრო იაფი.

- თუმცა მაინც გსაყვედურობენ იმის გამო, რომ აძვირებთ წამლებს, რადგან ძვირად ყიდით.

- როგორც წესი, გვსაყვედურობენ ძირითადად პოლიტიკოსები, ვინაიდან ეს არის ძალიან მგრძნობიარე თემა, მოსახლეობისთვის ძალიან მტკივნეული, მნიშვნელოვანი, ამიტომ მოსახლეობის თვალში მათზე მზრუნველის იმიჯის მოსახვეჭად ყველაზე კარგია ილაპარაკო წამლებზე და თქვა: მე თუ მოვალ ხელისუფლებაში, წამლები გაიაფდება და ა.შ. წამალი იაფი ვერასდროს იქნება, იმიტომ, რომ თავისი ტექნოლოგიით, მეცნიერული ხარჯებით ეს არის ძვირადღირებული პროდუქტი. ერთი ახალი სამკურნალო მოლეკულის შექმნა დღევანდელ მსოფლიოში დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარი ჯდება და ის არ შეიძლება ღირდეს 2 თეთრი ან 5 თეთრი. წამალი არის ძვირადღირებული პროდუქტი. თუმცა, წამალი შეიძლება იყოს უფასო პაციენტისთვის ან ღირდეს ნახევარი ფასი იმ შემთხვევაში, თუ ვიღაცა გადაიხდის ამ ფულს, თუ სახელმწიფო დააფინანსებს. მიმაჩნია, რომ საქართველოში დღესდღეობით ძალიან კარგი სიტუაციაა ონკოლოგიური წამლების მხრივ, ვინაიდან სახელმწიფო აფინანსებს 80%-ით და ეს უკვე ძალიან დიდი შეღავათია პაციენტებისთვის.

- საკმაოდ მგრძნობიარე ბიზნესში ხართ. ერთი შეხედვით, ეს არის სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტი, რომელიც ადამიანმა უნდა შეიძინოს და ხშირად ხდება, რომ ადამიანები იძულებულები არიან გაყიდონ პირადი ქონება იმისთვის, რომ საკუთარი თავისთვის, ან ახლობლებისთვის წამალი შეიძინონ. მეორეს მხრივ, ეს არის კომერცია და კომერცია მოგების გარეშე წარმოუდგენელია განვითარდეს. ყოფილხართ, ადამიანური მომენტის წინაშე, გაგიციათ უფასოდ წამალი?

-რა თქმა უნდა. პირველ რიგში, ფარმაცევტული საქმიანობა ეს არის ბიზნესი, ყველაფერი ბიზნესია ამქვეყნად, აბსოლუტურად ყველაფერი და ყველაფერი განისაზღვრება ეკონომიკური მდგომარეობიდან.

-სიყვარული ბიზნესია?

-არა, სიყვარულს არ ვულისხმობ, საქმიანობას ვგულისხმობ. კომპანიას მოგება პირველ რიგში იმისთვის უნდა, რომ გასცეს ნორმალური, ღირსეული ხელფასები თანამშრომლების ღირსეული შრომის შედეგად. მოგება უნდა ასევე იმისთვის, რომ სამომავლოდ, თავისი მომსახურება გააუმჯობესოს. მე, მაგალითად, არც იახტები მაქვს, არც ძალიან ძვირადღირებული მანქანები. ჩემთვის ფული პირადი სიამოვნების მისაღებად არ არის. გქონდეს ბიზნესი და თანამშრომლებს ხელფასი ვერ მისცე, ეს შეუძლებელია. მომისმენია მოსაზრება, რომ ექიმი საერთოდ არ უნდა იღებდეს ხელფასს. მაშინ საჭმელი როგორ ჭამოს, შვილებს რა უყოს...

-ჰიპოკრატეს ფიცში წერია რამე ხელფასზე?

-ჰიპოკრატეს ფიცში პირდაპირ წერია, რომ ექიმმა უნდა მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება. და წარმოუდგენელი იყო ჰიპოკრატესთვისაც და საბჭოთა მენტალიტეტის გარდა, ყველასთვის წარმოუდგენელია, რომ ექიმმა ანაზღაურება არ აიღოს. მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ საქართველოში ქართველ ადამიანს ყველაზე მეტად ფულის დახარჯვა საკუთარ ჯანმრთელობაზე ენანება.

-მე ცოტა სხვა რამ გკითხეთ. მე გკითხეთ, უფასოდ თუ გაგიციათ წამალი?

-ჩვენ გვაქვს საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ყოველდღიურად რამდენიმე ათეულ ადამიანზე უფასოდ გასცემს წამლებს და ასევე უფასოდ ვაკეთებთ ჩვენს კლინიკებში ოპერაციებს. ეს თანხა მილიონ ლარზე მეტია ყოველწლიურად. ასე რომ, არ ყოფილა შემთხვევა, როცა ჩვენთან თხოვნით მოსული ადამიანი ან მთლიანად, ან ნაწილობრივ არ დაგვეკმაყოფილებინოს.

-აქვს თუ არა საქართველოში მედიკამენტებს პოლიტიკური ფასი. ან შესაძლებელია თუ არა პოლიტიკური ნების გამო ფასი შემცირდეს მაშინ, როცა კონკრეტულ პოლიტიკურ, ალბათ მმართველ ძალას სჭირდება ასეთი რამ?

-ანუ პოლიტიკა აძვირებს თუ აიაფებს მედიკამენტს?

-ალბათ უფრო, აიაფებს. იმიტომ რომ, მე არ მახსოვს შევარდნაძის პერიოდში მსგავსი რამ, მაგრამ მახსოვს ”ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო ხოლმე მოწოდება, მოდი გავაიაფოთ და იაფდებოდა ისეთი დიდი მოხმარების პროდუქტები, როგორიც იყო ნავთობპროდუქტებზე და მედიკამენტებზე ფასები, უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც.

-1994 წლიდან ბიზნესში ვარ და მსგავსი შემთხვევა, რომ მოეწოდებინათ, გააიაფეთ და ჩვენ გაგვეიაფებინოს, არა.

- თქვენმა ბიზნესმა ძალიან ბევრი მთავრობა გამოიარა. როდის უფრო იოლი იყო ბიზნესის წარმოება პოლიტიკური წნეხის გარეშე?

-შევარდნაძის პერიოდში იყო ძალიან რთული, იმიტომ რომ სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ითხოვდნენ ქრთამს. თუ არ მისცემდი ქრთამს, ყველანაირი ზიანის მოყენებაზე იყვნენ მზად.

-მაგალითად? სიცოცხლის ხელყოფა შესაძლებელი იყო?

-ეგეთი შემთხვევა არ გამიგია. 1996 წელს მაგალითად, ექვსჯერ შეგვამოწმეს. გვეუბნებოდნენ, თუ რამეს გადაიხდით, აღარ შეგაწუხებთო. მე ვეუბნებოდი, შემაწუხეთ, არანაირი პრობლემა არ არის-მეთქი. ცალკე ოთახი მქონდა გამოყოფილი ამ მაკონტროლებელი ორგანოებისთვის იმიტომ, რომ სულ გვამოწმებდნენ.

-ქრთამიც ვერ გამოგტყუეს...

-ქრთამიც ვერ, იმიტომ რომ შევარდნაძის დროს ქრთამსაც ბოლომდე დაბეჯითებით ვერ ითხოვდნენ, რადგან სულ ეგონათ, ყველა ფირმას ჰყავს ვიღაც მფარველი და ძალიან რომ მოეთხოვათ, შეიძლება ”ჩემს მფარველს” მათთვის პრობლემები შეექმნა. ამიტომ თუ რაღაც ეტაპზე გაუძლებდი ამ ზეწოლას, მერე უკვე თავს განებებდნენ. შევარდნაძის დროს ძალიან დიდი პრობლემა იყო კრიმინალი.

-შეგეხოთ ეს კრიმინალი?

-კი, სამწუხაროდ, შემეხო.

-რა ფორმით?

-ყველანაირი ფორმით. დაყაჩაღებაც იყო, ავტომატებით მოსვლაც, აბსოლუტურად ყველაფერი, უბრალოდ გავუძელით.

-წინა ხელისუფლების პერიოდის შესახებ ბიზნესი საუბრობს პოლიტიკურ წნეხზე. თქვენ როგორ უყურებთ, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენელი, იყო ასეთი წნეხი?

-წინა ხელისუფლების დროს მოხდა დადებითი ის, რომ ძალიან შემცირდა გადასახადები. რაც შეეხება წნეხს, იყო შემთხვევა, რომ ტენდერი მოგვიგია რაღაც ფასში და უთქვამთ, არა, უფრო დაბალ ფასში უნდა გავაფორმოთ და უარს ვერ იტყოდი. აი რაღაც პროექტი არ გინდა განახორციელო, მაგრამ გეუბნებიან, რომ ეს უნდა გააკეთო.

- რატომ მიდის ბიზნესი ხელისუფლებასთან დათმობაზე?

-ყველა ქვეყანაში და ყველა დროში ბიზნესი არასდროს არ არის ოპოზიციაში ხელისუფლებასთან და ვერც იქნება. თუ ბიზნესმენი გადაწყვეტს, რომ ოპოზიციაში იყოს ხელისუფლებასთან, ყველაფერი უნდა გაყიდოს და ისე გადავიდეს ოპოზიციაში. ბიზნესმენი სწორი გაგებით, სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადამიანია. არ შეიძლება ბიზნესი და სახელმწიფო ერთმანეთთან ოპოზიციაში იყოს.

-მოქმედ ხელისუფლებას რაც შეეხება, ახლა რამდენად კარგი გარემოა ბიზნესის წარმოებისთვის?

-ბიზნესის წარმოებისთვის არის სრულიად თავისუფალი გარემო. ოღონდ რამე გააკეთე, რაც გინდა გააკეთე.

-არც ტენდერებზე აღარ არის გარკვეული შეზღუდვები, ფასის დაწევის მოთხოვნა?

-არა, ტენდერი ტარდება ისე, როგორც უნდა ტარდებოდეს. რა ფასშიც იმარჯვებ, იმ ფასში ტარდება.

-თუმცა ყველას და მათ შორის, მეც, მახსოვს თქვენი შეკამათება ბიძინა ივანიშვილთან. არ შემიძლია არ გკითხოთ ამის შესახებ. თუ სწორად მახსოვს, მან თქვა, რომ სურდა, მის კომპანიას, მის გარემოცვას, შემოეტანა საჩხერეში საავადმყოფოსთვის მედიკამენტები და აღმოჩნდა, რომ ეს იყო შეუძლებელი და ამაში, ფაქტობრივად, თქვენ დაგადანაშაულათ. გითხრათ, დაუკავშირდით სერგეენკოს და ნახავთ, თუ არ ვარ მართალიო. როგორ განვითარდა შემდეგ ეს მოვლენები? მაშინ იყო საუბარი იმაზე, რომ რამდენიმე მოთამაშე, ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლისტია და აქვთ არა მხოლოდ ჰორიზონტალური, არამედ ვერტიკალური მონოპოლია. ეს თემა რომ გავშალოთ, სად არის სიმართლე, არის ოლიგოპოლია ბაზარზე შექმნილი?

-სხვათა შორის, იმ შეხვედრიდან ორი დღის შემდეგ, შევხვდი ბატონ დავით სერგეენკოს, რომელიც მაშინ საჩხერის საავადმყოფოს მთავარი ექიმი იყო. ვკითხე, იყო თუ არა ასეთი შემთხვევა მის პრაქტიკაში, რომ საჩხერის საავადმყოფოს უნდოდა მედიკამენტების შემოტანა და ვერ შემოიტანა. როგორც ბატონმა დავითმა მითხრა, იმ პერიოდში, რაც თავად იყო ხელმძღვანელი, მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა და თუ მანამდე იყო, როდესაც სხვა იყო ხელმძღვანელი, მან ამის შესახებ არ იცოდა. ასევე სანოფი-ავენტისმა გამოგვიგზავნა ინვოისი, რომ საჩხერის საავადმყოფოს ჰქონდა შემოტანილი პირდაპირ ევროპელი მომწოდებლებისგან. მაგრამ, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში კონკრეტული საავადმყოფო ან კონკრეტული აფთიაქი არ აწარმოებს იმპორტს, იმიტომ, რომ აბსოლუტურად ყველა ფარმაცევტულ წარმოებას მსოფლიოში აქვს პირობები, რა პირობებშიც ის გასცემს ვინმეზე მედიკამენტებს. ამ პირობებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ფასდაკლებას. ფასდაკლების სისტემა შეძენილი მედიკამენტების თანხის მოცულობიდან გამომდინარე ადის ზოგჯერ 25%-მდე. ანუ, თუ ცოტას იყიდი, საერთოდ არ გაქვს ფასდაკლება, თუ მეტს იყიდი, ერთი პროცენტი, კიდევ მეტი - 2, 3 და შეიძლება ავიდეს 25, 30, 32 %-ზე. ამიტომ, როდესაც დიდი, მსხვილი კომპანია ყიდულობს დიდი თანხის მედიკამენტებს, შეიძლება მიიღოს 30%-იანი ფასდაკლება და გაყიდოს მერე 10 %-იანი ფასნამატით. ამ დროს ვიღაცამ თუ პირდაპირ იყიდა, იმას მოუწევს უფრო ძვირად ყიდვა, ვიდრე ყიდის ადგილობრივი სადისტრიბუციო კომპანია. ამ შემთხვევაშიც რამდენიმე საავადმყოფომ, როგორც საჩხერის საავადმყოფომ, ისე თბილისში, ერთი პერიოდი დაიწყო პირდაპირ შემოტანა, მაგრამ ნახა, რომ ქართველი დისტრიბუტორების მიერ შეთავაზებული ფასები იყო უფრო ნაკლები, ვიდრე ისინი პირდაპირ ყიდულობდნენ.

-ანუ გამოდის, რომ ივანიშვილი შეცდომაში შეიყვანეს?

- მე არ მინდა ეს შეფასებები გავაკეთო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, არც ერთი ხელისუფლება არ ყოფილა დაინტერესებული, რომ საქართველოში ფარმაცევტულ ბაზარზე ყოფილიყო მონოპოლია და ვიღაცას ჰქონოდა შესაძლებლობა, რომ ძვირად გაყიდულიყო წამლები. ეს არც შევარდნაძის დროს იყო, არც წინა ხელისუფლების დროს იყო, პირიქით, წინა ხელისუფლება სამწუხაროდ, ძალიან ხშირად დაუმსახურებლად გვლანძღავდა ფარმაცევტულ კომპანიებს, ვითომდა მაღალი ფასებისა და დიდი მოგების გამო. მაგრამ ვინმეს რომ სდომოდა, ყოფილიყო მაღალი ფასები და მონოპოლია საქართველოში, ნამდვილად არ ყოფილა.

-თუმცა არსებობს კიდევ ერთი ძალიან დიდი კითხვის ნიშანი ამ მონოპოლიასთან დაკავშირებით. ალბათ, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, მონოპოლიასთან არა, დომინანტურ მდგომარეობასთან ბაზარზე. თქვენი და პსპ-ს ურთიერთობა - კომპანია ”მედ კაპიტალი”, სადაც 50%-ს ფლობს ”ავერსი”, 50 %-ს ფლობს პსპ. სანამ ამ დოკუმენტს ვნახავდი, უნდა გითხრათ, რომ დიდი ხნის განმავლობაში მქონდა კითხვა: როგორ შეიძლება ორი დიდი კონკურენტი ერთმანეთთან ასე მეზობლობდეს. ვგულისხმობ, სათავო ოფისებს.

-რაც შეეხება სათავო ოფისებს, მანამდე მოხდა ისე, რომ სადაც ”ავერსმა” გახსნა აფთიაქი, პსპ-მ გახსნა გვერდით. რა თქმა უნდა, ჩვენ გავბრაზდით და სადაც იმან გახსნა, ჩვენ გავხსენით გვერდით. სათავო ოფისზეც იგივე შემთხვევა იყო. თავის დროზე ფართის მფლობელის წარმომადგენელმა, შენობის სანაცვლოდ საკმაოდ დიდი ფასი მოგვთხოვა, რომლის გადახდას მე ვერ შევძლებდი. შემდეგ მოვიდა ისევ და მითხრა, რომ შეიძლება პსპ-მ იყიდოსო. მერე მოვიდა და გვითხრა, თუ მთლიანად ვერ ყიდულობთ და თანხა არ გყოფნით, ნახევარს მოგყიდითო და დავთანხმდით. მერე აღმოჩნდა, რომ მეორე ნახევარი პსპ-ს მიყიდეს.

-ერთობლივი შპს? არ მითხრათ, რომ ესეც მოულოდნელობა იყო.

-მანდ უბრალოდ სხვა გამოსავალი არ იყო იმ კონკრეტულ სიტუაციაში.

- ცოტა წარმოუდგენელია არა, ორი კონკურენტი ერთ შპს-ში გაერთიანებული?

- მაგრამ ეს არ არის ფარმაცევტული ბიზნესი.

- რა ბიზნესია?

-ეს არის პოლიკლინიკები. ოთხი პოლიკლინიკა იქნა ნაყიდი.

-რაც შეეხება ვერტიკალურ მონოპოლიას... თქვენ ხართ მედიკამენტების შემომტანი, ხართ მწარმოებელი, გაქვთ სარეალიზაციო ქსელი, გაქვთ კლინიკა, ბოლო ინფორმაცია არ მაქვს - გაქვთ თუ არა, კიდევ, სადაზღვევო?

-დიახ.

-გაქვთ სადაზღვევო კომპანიაც. რამდენად სწორია ეს?

-ვისაც არ ესმის ელემენტარული მათემატიკა, იმან შეიძლება თქვას, რომ ეს ცუდია, თორემ თუ ერთი და იმავე კომპანიას აქვს სააფთიაქო ქსელიც, არის იმპორტიორიც და მწარმოებელიც, პირიქით უფრო იაფია მედიკამენტი მაგ შემთხვევაში. იმიტომ რომ, თუ ეს სამი სხვადასხვა ფირმაა, სამივეს თავისი მოგება სჭირდება ცალ-ცალკე.

-მაინტერესებს, პაატა კურტანიძის, ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ბიზნესმენის ხედვა - არის დღეს ქართულ ბაზარზე თავისუფალი ნიშა იმისთვის, რომ დამწყებმა ბიზნესმენმა მოიკიდოს ფეხი?

- საერთოდ, ბიზნესი არ არის ისეთი რაღაც, რომ ყველას შეეძლოს მისი წარმოება. უნდა აწარმოო ის ბიზნესი, რაც იცი. ჩემთვის მიუღებელია ვაწარმოო ისეთი ბიზნესი, რომელიც საერთოდ არ ვიცი. თუმცა არიან ისეთი ბიზნესმენები, რომლებსაც ძალიან ბევრ სფეროში აქვთ ფული დაბანდებული. მაგრამ ეს უფრო არის ინვესტორი და არა - ბიზნესმენი. ბიზნესმენი ნიშნავს, რომ ყველა ბიზნესოპერაციას უშუალოდ ხელმძღვანელობ ან აკონტროლებ, ან რაღაც კურირებას უწევ და ასე შემდეგ. ერთია ფულის ჩადება. მასე შეიძლება იყიდო ან წილი, აქციები და ა. შ, რასაც განვითარებულ ქვეყნებში აკეთებენ ინვესტორები, და მეორეა, რა ბიზნესი აწარმოო. თუ უშუალოდ გინდა ბიზნესის წარმოება და გინდა, რომ წარმატებული იყო, უნდა აწარმოო ის ბიზნესი, რაც იცი და რისი განათლებაც გაქვს.

-ანუ, ახლა რომ იწყებდეთ, ისევ ფარმაცევტულ ბიზნესში ჩადებდით ფულს?

-მე, როგორც განათლებით ექიმი, ისევ სამედიცინო სფეროში ჩავდებდი. თუ სამედიცინო განათლება მაქვს, საკონდიტრო ბიზნესს ხომ არ დავიწყებ?

-და ფიქრობთ, რომ ბაზარზე ახლა არის თავისუფალი ნიშა, რომ ფეხი მოიკიდოს დამწყებმა ბიზნესმა? სამედიცინო სექტორში - ფართოდ რომ გავშალოთ?

- საქართველოში უზარმაზარი თავისუფალი ნიშაა სამედიცინო სფეროში. რა თქმა უნდა, ფარმაცევტულში უფრო დიდი კონკურენციაა, ვიდრე სამედიცინო, კლინიკების ჰოსპიტალურ სექტორში. ბევრად ადვილია დღეს კლინიკის გახსნა და წარმატებულად მუშაობა, ვიდრე ფარმაცევტული კომპანიის გახსნა იმიტომ, რომ ფარმაცევტული კომპნიების ბიზნესი იწყება 1994 წლიდან და არის ძალიან გამწვავებული კონკურენცია. სამედიცინო ანუ ჰოსპიტალურ ბიზნესში ასეთი მწვავე კონკურენცია არ არის. ნებისმიერ ქვეყანაში, რაც არ უნდა განვითარებული იყოს ყველა ბიზნესი, ყოველთვის შეიძლება ნულიდან დაწყება და ამის ნათელი მაგალითია იგივე ამერიკა. ამერიკაში რომ განვითარებულია ბიზნესი და სფეროებია, ისე არსად არის, მაგრამ მაინც ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ნულიდან ქმნიან უზარმაზარ კომპანიებს.

-და ბოლოს, ცოტა შეიძლება პირადული იყოს, მაგრამ ბიზნესთანაც არის დაკავშირებული. თქვენმა ერთ-ერთმა კოლეგამ მითხრა თქვენზე, რომ გაქვთ ერთი უცნაური ჩვევა: დღის განმავლობაში აუცილებლად გძინავთ 18 წუთი. მართალია?

-არ ვიცი, რამდენად უცნაურია, მაგრამ მე ბიზნესი რომ დავიწყე, ძალიან ბევრს ვმუშაობდი. დღესაც ძალიან ბევრს ვმუშაობ. უბრალოდ თავიდან რამდენიმე წლის განმავლობაში არც კვების, არც ძილის რეჟიმი არ მქონდა. თუ სამუშაო იყო, შეიძლება მთელი დღე არ მეჭამა, ან ორი დღე არ მძინებოდა და ა.შ. მერე ერთი ძალიან საინტერესო სტატია წავიკითხე თვითმფრინავში, სადაც აღწერილი იყო, თუ ადამიანს უნდა, რომ ხანგრძლივად იყოს წარმატებული და არა - რაღაც მოკლე პერიოდში, ყველაზე კარგი ვარიანტია გულის პრინციპით ცხოვრება, ანუ გული ერთი შეხედვით, სულ მუშაობს და თუ ის გაჩერდა, ადამიანი აღარ არის, მაგრამ სინამდვილეში გული რამდენსაც მუშაობს, არანაკლებს ისვენებს. ანუ ის როცა იკუმშება, მუშაობს, როცა იშლება, ამ დროს ისვენებს. ყველაზე კარგია, როდესაც საუზმობ ერთსა და იმავე დროს, სადილობ ერთსა და იმავე დროს და სადილის მერე, 18 წუთი, არის 15-დან 25 წუთამდე. ჩემთვის ოპტიმალური აღმოჩნდა 18 წუთი, 18 წუთში მეღვიძება ავტომატურად და მთელი ეს დაღლილობა, რაც გროვდება დილიდან სადილამდე, ამ 18 წუთის განმავლობაში მთლიანად გამოდის ორგანიზმიდან. აბსოლუტურად ძალ-ღონით ხარ სავსე. ყოველ საღამოს დავდივარ აუზზეც და ეს პრინციპი, ჩემი აზრით, სწორედ იმისთვისაა, რომ ხანგრძლივად შრომისუნარიანი იყო და ხანგრძლივად შეძლო საქმიანობა.

იხილეთ გადაცემა