"ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ქართული სამზარეულოსა და კულტურის შესახებ ამერიკის კონტინენტზეც გაიგონ"
ამერიკაში დაახლოებით 11 წლის წინ, მეუღლესთან და მცირეწლოვან ბიჭუნასთან ერთად ჩავიდა. ახალ გარემოებასთან შეგუება მაინცდამაინც არ გასჭირვებია და უკვე ერთ წელიწადში, საკუთარი მცირე ბიზნესი წამოიწყო. ამერიკული ოცნების ახდენა თავდაპირველად, სამშენებლო მასალების გადაზიდვით დაიწყო, მერე იყო ნაგვის გატანის სერვისი, სამშენებლო საქმიანობა. თუმცა, 2008 წლის გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა, რომელიც ამერიკასაც შეეხო, კობა ბოგდანოვიც დააზარალა, საქმიანობა მცირე პერიოდით შეწყვიტა.
რამდენიმე დღის წინ, სხვა ქართველებთან ერთად, კობა ბოგდანოვმა ნიუ იორკში, მანჰეტენზე პირველი ქართული სწრაფი კვების ობიექტი "თონე" გახსნა, რომელიც ამერიკელ და ევროპელ სტუმრებს ხაჭაპურს, ხინკალს, ჩაქაფულს, თონეში გამომცხვარ ქართულ შოთსა და სხვა ტრადიციულ, ქართულ კერძებს სთავაზობს. მანჰეტენამდე, "თონემ" ნიუ იორკელებს თავი ბრუკლინზე გააცნო, სადაც უკვე რამდენიმე წელია ქართულ შოთს სთავაზობს მომხმარებელს.
"ბრუკლინზე "თონე" რამდენიმე წელია, რაც არსებობს. თუმცა, თავდაპირველად მხოლოდ საცხობის სახით იყო წარმოდგენილი. ადგილზე ცხვებოდა შოთი, ხაჭაპური, ლობიანი. ორი წელია, რაც ჩვენ შევიძინეთ და უფრო გავაფართოვე საქმიანობა - დავამატეთ ქართული კერძები. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ქართული სამზარეულოსა და კულტურის შესახებ ამერიკის კონტინენტზეც გაიგონ", - გვეუბნება "თონეს" ერთ-ერთი მეპატრონე კობა ბოგდანოვი.
მიუხედავად იმისა, რომ მანჰეტენზე "თონე" სულ რამდენიმე დღეა, რაც გაიხსნა, კაფეს მეპატრონეები ამბობენ, რომ მომხმარებელს არ უჩივიან - ამერიკელი და ევროპელი სტუმრები სიამოვნებით აგემოვნებენ მათთვის უცხო კერძებს. "მოთხოვნა ძალიან დიდია. სტუმრები, რომლებიც პირველად აგემოვნებენ ჩვენს კერძებს, მოწონებას ვერ მალავენ. ეს სრულიად უცხო პროდუქტია მათთვის", - გვეუბნება კობა ბოგდანოვი. ქართული "თონე" მომხმარებელს სხვადასხვა სერვისს სთავაზობს, მათ შორის ადგილზე მიტანის, ტელეფონით და ინტერნეტით შეკვეთის სერვისს.
ამერიკაში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი ამბობს, რომ ამერიკა ის ქვეყანაა, სადაც ბიზნესის დაწყება ძნელი არ არის - ამისთვის მხოლოდ მიზანი და მონდომებაა საჭირო. "სხვა ყველაფერში სახელმწიფო გვერდში გიდგას. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია კომპანიის გახსნა, რაც არც ისე კოლოსალური თანხა ჯდება. ბიზნესის წარმოება შემდეგ ეტაპზე რთულდება, როცა ვალდებულება გაქვს კანონმდებლობა სრულად დაიცვა, რაც ბევრი წვრილმანის გათვალისწინებას გულისხმობს. თეორიულად ეს წვრილმანი შეიძლება იცოდე, მაგრამ პრაქტიკაში ყველა ნორმის დაცვა ცოტა რთულია. მაგალითად, მაცივარი რომ გაფუჭდეს და ტემპერატურამ ერთი გრადუსით ან მოიმატოს, ან დაიკლოს, ვალდებული ხარ ყველა პროდუქტი გადაყარო, როცა მაცივარში გაქვს", - ამბობს კობა ბოგდანოვი.
მისთვის ახლა მთავარი მიზანი ისევ სამშობლოს უკავშირდება - უნდა, საკუთარი ბიზნესი საქართველოშიც წამოიწყოს. "ვაპირებ, დავბრუნდე და ბიზნესი წამოვიწყო, რათა უფრო ინტენსიური კავშირი მქონდეს საქართველოსთან. ძალიან დიდი ნოსტალგია მაქვს", - ამბობს კობა ბოდგანოვი.
მარი ჯავახიშვილი