მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა ამანსიო ორტეგამ სკოლაში სწავლა 13 წლის ასაკში გაჭირვების გამო მიატოვა
ბილ გეითსი, სტივ ჯობსი, მარკ ცუკერბერგი - ეს ის მილიარდერები არიან, ვისაც საქვეყნო აღიარებისთვის არც უმაღლესი განათლება დასჭირვებია და მაგისტრის დიპლომი. პირიქით, სამივე მათგანმა უნივერსიტეტებში სწავლა თავის დროზე ბიზნესის გამო მიატოვა.
თანამედროვე მილიარდერებსა და მილიონერებს შორის არიან ისეთებიც, ვისაც სასკოლო განათლებაც კი არ აქვს. ბევრმა მათგანმა მოზარდობისას სკოლაზე უარი გაჭირვების გამო თქვა და ოჯახის დახმარების მიზნით, სამსახურის ძებნა დაიწყო.
ამანსიო ორტეგა
”ფორბსის” 2015 წლის მონაცემებით, კომპანია ”ინდიტექსის” დამფუძნებლის ქონება 66,4 მილიარდ დოლარს შეადგენს. ”ზარას”, ”მასიმო დუტისა” და ”ოიშოს” ბრენდების მფლობელმა სკოლაში სწავლას 13 წლის ასაკში დაანება თავი. ოჯახი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობდა - მამა რკინიგზაში მუშაობდა, დედა კი მოახლე იყო და შვილების გამოსაკვები ფული არ ჰყოფნიდათ. თავდაპირველად, მომავალმა მილიარდერმა ერთ-ერთ ადგილობრივ მკერავთან კურიერად დაიწყო მუშაობა, შემდეგ კი საგალანტერიო მაღაზია La Maja-ში გადავიდა სამუშაოდ. ”ზარას” პირველი მაღაზია ამანსიო ორტეგამ მეუღლესთან ერთად 1975 წელს გახსნა.
ლი კაშინი
აზიის ყველაზე მდიდარი ადამიანი მასწავლებლების ღარიბ ოჯახში დაიბადა. 14 წლის ლის მამა ტუბერკულოზით გარდაიცვალა, რის გამოც ბიჭი იძულებული იყო სკოლა მიეტოვებინა და სამსახურის ძებნა დაეწყო. თავდაპირველად ლი კაშინი მაჯის საათის ქამრებს ჰყიდდა, შემდეგ კი ქარხანაში დაიწყო მუშაობა. აზიელი მილიარდერი დღეში 16 საათს მუშაობდა და შვიდი წლის განმავლობაში საკუთარი ბიზნესის წამოსაწყები ფულიც დააგროვა. დღეს ლი კაშინის ქონება 33,5 მილიარდი დოლარია.
ფრანსუა პინო
78 წლის ფრანგმა ბიზნესმენმა სკოლაში სწავლას 11 წლის ასაკში დაანება თავი და მამის სამხერხაოში დაიწყო მუშაობა. მოგვიანებით, ფრანგი მილიარდერი გამოტყდა, რომ სკოლაში სიარულზე უარი კლასელების გამო თქვა, რომლებიც ფრანსუა პინოს დაბალი ფენის წარმომავლობისთვის აბუჩად იგდებდნენ. მილიარდერისვე თქმით, მისი განათლების დამადასტურებელი ერთადერთი დოკუმენტი მართვის მოწმობაა. დღეს ფრანსუა პინო გუჩის, სტელა მაკკარტნისა და ივ სენ ლორანის მოდის სახლების მფლობელია. მისი ქონება კი 14,8 მილიარდ დოლარს შეადგენს.
რიჩარდ ბრენსონი
ინგლისელი ბიზნესმენი და ინვესტორი, რომელიც ცნობილია თავისი ეპატაჟურობით, 16 წლის ასაკში გამოაგდეს სკოლიდან ხშირი გაცდენებისა და ცუდად სწავლის გამო. ”მშვიდობით, რიჩარდ. შენ ან ციხეში მოხვდები, ან საოცრად გამდირდები”, - გაიხსენა სკოლის დირექტორის სიტყვები თავის ერთ-ერთ ბლოგში რიჩარდ ბრენსონმა. Virgin Group-ის დამფუძნებლის ქონება, რომელიც მსოფლიო მასშტაბით 400 კომპანიას აერთიანებს, ”ფორბსის” მონაცემებით 4,8 მილიარდი დოლარია.
კვენტინ ტარანტინო
ცნობილმა ამერიკელმა რეჟისორმა სკოლა 15 წლის ასაკში მიატოვა და თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარებამდე ერთ-ერთ კინოთეატრში კარისკაცად დაიწყო მუშაობა. ჟურნალ People With Money-ს მონაცემებით, კვენტინ ტარანტინო 2015 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი რეჟისორია, მისი ქონება კი რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს შეადგენს.
ვიდალ სასუნი
ბრიტანელმა პარიკმახერმა, ბიზნესმენმა და ფილანთროპმა ლონდონის სკოლა 14 წლის ასაკში მიატოვა და სილამაზის სალონში პარიკმახერის შეგირდად დაიწყო მუშაობა. 1960 წელს მან საკუთარი სალონი გახსნა და მის სახელს დღემდე უკავშირდება რამდენიმე სრულიად ახალი აღმოჩენა თმის ვარცხნილობებში. სწორედ ვიდალ სასუნმა შექმნა ე.წ. ”ჰიპის” ვარცხნილობა და ”ბობი”. რომან პოლანსკის საქვეყნოდ ცნობილი ფილმისთვის ”როზმარის ჩვილი” ბრიტანელ პარიკმახერს 5 ათასი დოლარი გადაუხადეს მთავარი როლის შემსრულებელი მია ფეროუსთვის თმის შეჭრის სანაცვლოდ. ვიდალ სასუნი ასევე გახლდათ 1984 წლის ოლიმპიური თამაშების ოფიციალურ სტილისტი. ცნობილი პარიკმახერი 84 წლის ასაკში, 2012 წელს გარდაიცვალა. მისი ქონება 150 მილიონ დოლარს შეადგენდა.