შეიხა მოზა - სპარსეთის ყურის "რუხი კარდინალი" ჰიჯაბისა და ფარანჯას გარეშე
არაბული სამყაროსთვის მისი სტილი - თამამია. ყატარის ყოფილმა ემირმა თავის მეორე ცოლს ნება მისცა არა მარტო ფარანჯა მოეხსნა, არამედ ჩარეულიყო სახელმწიფო საქმეებშიც. შეიხა მოზა ბინტ ნასერ ალ-მისენდი - ყატარის მესამე ემირის, შეიხ აჰმად ბენ კალიფა-ალ-ტანის სამიდან მეორე ცოლია, შვიდი შვილის დედა, პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი ლედი და რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს - პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეა. მისი ცხოვრების ისტორია აღმოსავლურ ზღაპარს ჰგავს.
18 წლის ასაკში მოზას შეხვდა "ბედნიერი ბილეთი" - მან გაიცნო მომავალი პრინცი, თუმცა მის ცოლობას არ ჩქარობდა. ჯერ ყატარის უნივერსიტეტში ჩააბარა ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, შემდეგ სტაჟირება გაიარა ამერიკის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში და მხოლოდ ამის მერე გათხოვდა. გათხოვების შემდეგ, პირველი წლები მოზამ, რომელსაც დღეს სპარსეთის ყურის "რუხ კარდინალს" ეძახიან, ბავშვებს დაუთმო. იმ დროისთვის ყატარიც არ იყო ისეთი გავლენიანი სახელმწიფო არაბულ სამყაროში, როგორც დღეს. სიტუცია შეიცვალა 1995 წელს. იმ დროს მოზას ქმარმა უსისხლო გადატრიალება მოახდინა ქვეყანაში, ჩამოაგდო საკუთარი მამა და ძალაუფლება ხელთ იგდო. გადატრიალებას მხარი დაუჭირა ანგლო-საქსონურმა სამყარომ, ყატარის შესახებ საუბარი დაიწყეს მისი ნავთობის მარაგების ჭრილში, ახალმა ემირმა მსოფლიოს გააცნო თავისი მეორე ცოლი - ლამაზი და განათლებული მოზა.
შეიხა მოზა კურირებდა ჰუმანიტარულ და საქველმოქმედო პროგრამებს და სულ უფრო ხშირად ჩნდებოდა პუბლიკის წინაშე ულამაზეს სამოსში, რომლებიც შექმნილი იყო მსოფლიოს წამყვან მოდის სახლებში.
ის ატარებს შარვალს, გამოყვანილ კაბებს. მის გარდერობში არის ცნობილი დაიზინერის კაბები. მოზა, თანამემამულე ქალებისგან განსხვავებით, მხოლოდ თავსახვევს ატარებს, თავისუფალ დროს კი ჯინსებითაც დასეირნობს.
მოზას აკრიტიკებენ ყატარის აგრესიული პოლიტიკის გამო - სპარსეთის ყურის პატარა ქვეყანას ადანაშაულებენ გაზის ფასების დემპინგში და გაზის ბაზრის მაქსიმალური სეგმენტის დაკავებაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გარდა ამისა, ყატარი აფინანსებს რადიკალურ დაჯგუფებებს მსოფლიოში.
შეიხ მოზას, რაც სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებში იშვიათობას წარმოადგენს, გააჩნია მთელი რიგი სახელმწიფო და საერთაშორისო თანამდებობები, მათ შორის საპატიოც: ის ყატარის განათლების, მეცნიერებისა და საზოგადოებრივი განვითარების ფონდის ხელმძღვანელია, ოჯახური საკითხების უმაღლესი საბჭოს პრეზიდენტი; განათლების საკითხებში უმაღლესი საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი და იუნესკოს სპეციალური წარმომადგენელია. მოზამ შექმნა არაბული დემოკრატიული ფონდი, რომელშიც პირველი შენატანი გააკეთა მისმა ქმარმა - 10 მილიონი დოლარის ოდენობით. ფონდის მთავარი ამოცანაა - თავისუფალი მედიის და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა.
დაბოლოს, შეიხა მოზა უძღვება პროექტს, სახელწოდებით "მიეცი განათლება ბავშვს". ფონდი შექმნილია მოზას პატრონაჟის ქვეშ ბავშვების დაწყებითი განათლების დაფინანსებისა და ორგანიზების მიზნით, რომლებიც ცხოვრობენ ღარიბ ქვეყნებში, ასევე საომარი კონფლიქტების ზონებში.
"იმის ნახვა, თუ როგორ ცხოვრობენ ეს ბავშვები - სულ სხვაა, ვიდრე მათ შესახებ მოსმენა ან წაკითხვა. ეს ბავშვები იძულებული არიან, იბრძოლონ ისეთი უბრალო ადამიანური უფლებებისთვის, როგორიცაა ნორმალურ პირობებში ცხოვრება და სწავლა. მე ვვარაუდობდი, რომ სკოლებს არ ექნებოდა საჭირო აღჭურვილობა და არ ეყოლებოდა მასწავლებლები. მაგრამ საკლასო ოთახებს, რომლებიც მათ აქვთ, შეუძლებელია ეწოდოს საკლასო ოთახი. რაც არ უნდა ვთქვათ და გავაკეთოთ, მაინც ძალიან ცოტა იქნება, მაგრამ მე მინდა ჩამოვაყალიბო ერთი სკოლა მაინც, რომელიც დაამკვიდრებს სტანდარტს. ბავშვები ამას იმსახურებენ", - ამბობს სპარსეთის ყურის "რუხი კარდინალი".
წყარო: b2p.ge