ინდოელი სუნდარ პიჩაის სახელი ინტერნეტ საძიებო გიგანტის მომხმარებლებმა სულ რამდენიმე დღის წინ შეიტყვეს.
როცა გუგლის დამფუძნებლებმა - სერგეი ბრინმა და ლარი პეიჯმა განაცხადეს, რომ ახალ კომპანიას "ალფაბეტს“ ჩაუდგებიან სათავეში, კორპორაციის მართვის სადავეებს კი ინდოელ კოლეგას ჩააბარებდნენ. "გუგლის" დამაარსებლების განცხადებით, ისინი ენდობიან სუნდარ პიჩაის, რადგან წლების განმავლობაში დიდ სიამოვნებას იღებდნენ მასთან მუშაობით. „მშვიდი, მოკრძალებული და ზრდილი“, - ასე ახასიათებენ მას სერგეი ბრინი და ლარი პეიჯი.
სუნდარ პიჩაი მეორე ინდოელი გახდა, რომელიც ამერიკაში ტექნოლოგიურ კომპანიას ჩაუდგა სათავეში. 2014 წელს 46 წლის ინდოელმა, სატია ნადელამ Microsoft ჩაიბარა და კორპორაციის კურსი მობილური ტექნოლოგიებისკენ მიმართა. სუნდარ პიჩაი 4-მილიონიან ინდურ ქალაქ ჩენაიში დაიბადა და საშუალო განათლებაც ამ ქალაქში მიიღო. სუნდარის ისტორია „ამერიკული ოცნების“ რეალურ ცხოვრებაში ასრულებაა. პიჩაების ოჯახი საშუალო ფენის ინდურ ოჯახს მიეკუთვნებოდა, რომელიც ოროთახიან ბინაში ცხოვრობდა, არც ავტომობილი ჰყავდა და წლების განმავლობაში უტელევიზოროდაც იყვნენ.
სკოლაში სუნდარი თითქმის არაფრით გამოირჩეოდა კლასელებისგან, თუმცა სკოლის მეგობრები დღესაც აღნიშნავენ, რომ გამოირჩეოდა მიზანსწრაფულობით, სიმშვიდითა და ბევრი კითხვით. „ყოველთვის ცდილობდა სახეზე ღიმილი ჰქონოდა. სუნდარი იმ ბიჭებს მიეკუთვნებოდა, ვისაც „წიგნის ჭიას“ ვეძახდით. მაგრამ ვერასდროს ვიფიქრებდით, რომ ეს გულჩათხრობილი და სიტყვაძუნწი ბიჭი ერთ დღეს უმსხვილესი კომპანიის ხელმძღვანელი გახდებოდა. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ჩვენი თანაქალაქელი და სკოლის მეგობარი უზარმაზარი კომპანიის ლიდერი გახდა“, - ამბობენ „გუგლის“ ახალი ხელმძღვანელი კლასელები.
ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ინჟინერ-მეტალურგის დიპლოს მიღების შემდეგ სუნდარ პიჩაიმ სწავლა აშშ-ში, ჯერ სტენფორდის უნივერსიტეტში გააგრძელებ, შემდეგ კი უორტონის ბიზნესის სკოლაში. „ჩემმა მშობლებმა შეუძლებელი შეძლეს. მამაჩემმა თითქმის მთელი დანაზოგი მე გადმომცა, რომ კარგი განათლება მიმეღო“, - იხსენებს წლების შემდეგ სუნდარი.
ინდოელი ბიჭი „გუგლს“ 2004 წელს შეუერთდა, სადაც მას ბრაუზერული მიმართულება ჩააბარეს, 2008 წელს Google Chrome-ის ჩაშვებას სწორედ სუნდარ პიჩაი კურირებდა, რის შემდეგაც ის Google-ის ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა. კორპორაციაში თავგამოდემული მუშაობა, ახალი პროექტების განხორციელება და თავდაუზოგავი შრომა სუნდარ პიჩაის მალე დაუფასდა - 2011 წელს Google-ის დამფუძნებლებმა დაამტკიცეს, რომ აფასებენ კარგ თნამშრომლებს და სუნდარ პიჩაის კომპანიის აქციების პაკეტი, ჯამში 50 მილიონი ღიღებულების გადასცეს.
იმავე პერიოდში დასავლურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სუნდარ პიჩაის გადაბირება Twitter-სა და Microsoft-ს უნდოდათ. თუმცა, ინდოელმა ინჟინერ-მეტალურგმა არჩევანი Google-ის სანაცვლოდ გააკეთა და დღევანდელი გადასახედიდან თუ ვიმსჯელებთ, არც შემცდარა.