სოფელთან ურთიერთობის შენარჩუნების მოტივით დაწყებული სოკოს წარმოება - თელავში, სოფელ კურდღელაურში დაიწყო. იყო ჩავარდნებიც, წარუმატებლობებიც, მაგრამ დღეს სოკოს წარმოება ვითარდება და პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე - თელავში იყიდება. ამ ყველაფრის სათავეში კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, მელანო დადალაური დგას. როგორი იყო წარმოების დაწყების პირველი ცდები და რა სამომავლო გეგმები აქვს მელანო დადალაურს? - ამის შესახებ თავად ახალგაზრდა მეწარმე მოგვითხრობს.
პირველი ნაბიჯები: “დაახლოებით 2 წლის წინ დავიწყეთ სოკოს მოყვანა, იდეა მამას ეკუთვნოდა, რომელსაც სურვილი ჰქონდა, რომ შვილებს სოფელთან ურთიერთობა არ გაეწყვიტათ. მშობლები ყოველთვის გვერდით გვიდგანან და ეს ჩვენი წარმატების ფორმულაა. მოგეხსენებათ, ბევრი ახალგაზრდა ტოვებს სოფელს, ეს ლოგიკურიცაა, ისინი უკეთეს მომავალზე ფიქრობენ და ზრუნავენ თვითგანვითარებაზე, თუმცა სასურველია, შემდეგ ისინი სოფლებში თუ არ დაბრუნდებიან, მცირედი წვლილი მაინც შეიტანონ რეგიონულ განვითარებაში.
თავიდან სულ მცირე რაოდენობით დავიწყეთ სოკოს მოყვანა, რადგან გამოცდილება არ გვქონდა და ყველა არსებულ რისკს თავიდანვე ვერ გავთვლიდით. იყო ჩავარდნებიც, თუმცა დაუღალავი შრომისა და ბევრი ინფორმაციის მოპოვების წყალობით ნელ-ნელა ყველაფერი ავაწყეთ”.
საწყისი კაპიტალი: ”შენობა-ნაგებობა, რომელშიც სოკო მოგვყავს, ჩვენვე ავაშენეთ დიდი ხნის წინ, თუმცა მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება არ ხდებოდა. წლების შემდეგ მოხდა მისი ფუნქციის შეცვლა და შესაბამისად მოწყობა, რათა სოკოს წარმოებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები შეგვექმნა. საბრუნავი თანხა მოვიძიეთ და ხელსაწყოები ჩვენივე ხარჯებით შევიძინეთ. დაახლოებით 500 ლარზეა საუბარი, რომელიც საქმიანობის დასაწყებად გამოვიყენეთ”.
წარმოება და მისი მასშტაბები: ”სოკო თელავში, სოფელ კურდღელაურში მოგვყავს. ნამჯის დამუშავება ხდება სპეციალური მეთოდებით და შემდეგ მიცელიუმის დათესვა. ჯერ ინკუბატორში გამოგვყავს ტომრები, სიბნელეში და შემდეგ გამოსაყვან ოთახში გადაგვაქვს, სადაც უკვე 10-12 საათის განმავლობაში განათება ესაჭიროება. საჭიროა ტემპერატურისა და ტენიანობის დაბალანსება. ამ ეტაპზე დიდი რაოდენობით არ მოგვყავს, რადგან ტექნიკური დეტალების გაუმჯობესება მიმდინარეობს.
სოკოს მოსაყვანად აუცილებელია ოთხი ძირითადი ფაქტორის გათვალისწინება, ესენია: ტემპერატურა - 18-24 გრადუსი, ტენიანობა - 80-90%, განათება - 10-12 საათი და ჰაერის სწორი ცვლა.
სოკოს რეალიზება ადგილობრივ, თელავის ბაზარზე ხდება. ამ ეტაპზე წონით იყიდება. იყო დაფასოების იდეაც, მაგრამ მოსახლეობა ჯერ ამისთვის მზად არ არის. ისინი ფასის ცვლილების მიმართ სენსიტიურები არიან და ურჩევნიათ უფრო იაფად იყიდონ წონით სოკო, ვიდრე მაღაზიაში დაფასოებული და, შესაბამისად, დამატებითი თანხა გადაიხადონ ამისთვის.”
კალმახა სოკოს ღირსებები და მცირე მეწარმის დამოკიდებულება პროდუქტთან: ”ბევრმა არ იცის, რომ კულტივირებული ხის სოკო (კალმახა) არის განსაკუთრებით უსაფრთხო, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი და იგი არ შეიცავს არანაირ შხამ-ქიმიკატებს.
საჭმელად ვარგისი სოკო საკმაოდ ნოყიერი და მდიდარია უჯრედისით, ცილებით, მინერალებითა და ვიტამინებით. დაახლოებით 2 000 სახეობას სამკურნალო თვისება აქვს. მედიცინაში სოკოს აქტიური გამოყენება აქვს. მას იყენებენ კიბოსთან, ჰეპატიტთან, შიდს-თან, ალცჰეიმერის დაავადებასთან საბრძოლველად და ქოლესტერინის დონის დასაწევად. მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია, რომ ხის სოკო არეგულირებს შაქრიან დიაბეტს. რეგულარულად მისი საკვებად მიღება ადამიანს კიბოსგან იცავს. ცნობილია, რომ სოკო ხორცსაც ცვლის, რადგან ცილებით მდიდარია. კალმახა სოკო კარგია დიეტისთვისაც, მისი მონელების პროცესი დიდხანს გრძელდება და ადამიანს მალე არ შივდება. არის დაბალკალორიული პროდუქტი. იგი არის თუთიის მაღალი შემცველობის მქონე სოკო, რომელიც იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. კალმახა სოკო შეიცავს კალიუმს, რომელიც გულისა და თირკმელებისთვის აუცილებელი მიკროელემენტია.
სასიამოვნოა, როცა სასარგებლო და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი მომყავს, რომელიც აუცილებელია ადამიანების ჯანმრთელობისთვის და თან ეს ბიზნეს საქმიანობაცაა”
პერსპექტივა: ცოტა ხნის წინ მელანო დადალაური საერთაშორისო გლობალური გაერთიანების „ახალგაზრდა პროფესიონალები სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის“ YPARD წევრი გახდა. YPARD აერთიანებს ახალგაზრდა ფერმერებს, მკვლევარებს, პოლიტიკის შემუშავებაში ჩართულ პირებს, აგრომეწარმეებს და ა.შ. მსოფლიოს მაშტაბით.
”აღნიშნული გაერთიანების წარმომადგენლის დავით გოგილაშვილის ინიციატივით და თანადგომით, როგორც ამ გაერთიანების წევრი, ვიღებ მონაწილოებას საერთაშორისო ბიზნეს იდეების კონკურსში (YAP) the Youth Agripreneures Project. ეს პროექტი ინიცირებულია “Third Global Conference on Agricultural Research for Development“ (GCARD3) ფარგლებში, რომელიც ჩატარდება სამხრეთ აფრიკაში 2016 წლის 5-8 აპრილს და სადაც გამარჯვებული კანდიდატები იქნებიან მიწვეულნი. გამარჯვებულ მონაწილეებს გადაეცემათ 5 000 დოლარი საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის. გამარჯვებული 15 მარტს გამოვლინდება”, - აღნიშნავს მელანო დადალაური და დასძენს, რომ ამ პროექტში მონაწილეობა მის ბიზნესსაქმიანობაზე მნიშვნელოვნად აისახება.
მელანო დადალაური აქტიურად ეწევა სოკოს პოპულარიზაციას, რაშიც სოცილურ ქსელ ”ფეისბუქის” გვერდი ეხმარება. Facebook.com/kalmaxasoko - ამ გვერდზე აქტიურად თავსდება სოკოსგან მომზადებული კერძების რეცეპტებსაც, რომლებიც მარტივად მოსამზადებელი და, ამავე დროს, გემრიელი, სასარგებლო და დაბალკალორიულია.
სწავლა და ბიზნესი: ”ამ ეტაპზე ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემა არასაკმარისი დროა. პარალელურად ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირებას. ბიზნეს საქმიანობის გარდა, მინდა, ჩემს პროფესიასაც დიდი დრო დავუთმო და ამ კუთხით მაქსიმალურად განვავითარო საკუთარი პოტენციალი”.
თამარ კორკოტაშვილი