PALITRANEWS-ის გადაცემა ”ბიზნესპერსონამ” ამჯერად ბიზნესმენ გიორგი სვანიძეს უმასპინძლა.
როგორია საქართველოში განხორციელებული დიასპორული ინვესტიციის დეტალები, როგორ გაშენდა ზეთისხილის პირველი ბაღები კახეთში და შეიქმნა ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო - ამას მკითხველი გადაცემის ბეჭდური ვერსიიდან შეიტყობს.
- ბევრმა არ იცის თქვენი ბიზნეს ისტორია - როგორ დაიწყო ყველაფერი, როდის წახვედით საქართველოდან და რატომ მოიაზრებით დიასპორული ინვესტიციების სათავეში?
- სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე ტექნიკურ უნივერსიტეტში, სწავლის დასრულების მერე დავქორწინდი და მე და ჩემი მეუღლე გადავედით ჰოლანდიაში საცხოვრებლად. ჩემი და იქ უკვე სწავლობდა გრონინგენის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მე და ჩემმა მეუღლემაც იქ გავაგრძელეთ სწავლა ერთ-ერთ კოლეჯში. სწავლის შემდგომ უკვე დავაარსე პირველი კომპანია, სადაც ჩემი მეგობრებიც იყვნენ - შოთი და აჩი არველაძეები. ჩვენ ვახორციელებდით იმპორტ-ექსოპორტს, გვქონდა სატრანსპორტო კომპანია, გადაზიდვები, მე პირადად ვმუშაობდი როგორც დსთ-ს ქვეყნებში, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებში. როცა მივხვდით, რომ უძრავი ქონების ბიზნესი უფრო მომგებიანი და მისაღები იყო, ამ სფეროზე გადავერთეთ.
- მეგობრებთან - ძმებ არველაძეებთან ერთად დაწყებული ბიზნესი - პირველივე ნაბიჯები წარმატებული აღმოჩნდა, თუ იყო გარკვეული სირთულეები? მით უფრო, რომ უცხოეთში დააფუძნეთ კომპანია...
- საბედნიეროდ, პირველივე ნაბიჯები წარმატებული აღმოჩნდა. ჩვენს მიერ წამოწყებული ყველა საქმე თითქმის ყოველთვის წარმატებით მიმდინარეობს. დღეს მე ბევრი პარტნიორი მყავს როგორც ინგლისიდან, ასევე ამერიკიდან, ყაზახეთიდან, ევროპიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან - ჩვენ სხვადსხვა სფეროში ვმოღვაწეობთ და თითქმის ყველა საქმე ღმერთის წყალობით, წარმატებით მიმდინარეობს. როდესაც საქმეს გულით აკეთებ, თითქმის ყველა საქმე წარმატებულად მთავრდება.
- თქვენ კარგ ვითარებაში აღმოჩნდით იმიტომ, რომ სანდო პარტნიორები გყავდათ - თქვენი პარტნიორები თქვენი მეგობრები იყვნენ, ადამიანები, ვისაც შეგიძლია ენდო. მაგრამ რა არის ყველაზე რთული ბიზნესში?
- რა თქმა უნდა, სანდო პარტნიორები გვყავდა, მაგრამ ისინი მაინც თავისი საქმით - ფეხბურთით იყვნენ დაკავებული და ძირითადად, მე მიწევდა საქმიანობის მართვა. ყველაზე დიდი სირთული ბიზნესში გაუთვალისწინებელ შემთხვევას მოყვება ხოლმე. მაგალითად ფორსმაჟორი, კონფლიქტი რუსეთთან, ფინანსური კრიზისი, ან ამინდი აგროსექტორში, ბუნებრივი ხელისშემშლელი ფაქტორები შეიძლება იყოს, რომელიც შენს მიერ დაგეგმილ საქმეს ხელს უშლის. გარდა ამისა, უარყოფითად მოქმედებს მსოფლიოში ბაზრის ცვლილება. შეიძლება ვთქვათ, წელს დოლარისა და ლარის კურსის ცვლილება არის ისეთი გაუთვალიწინებელი წინაღობები, რაც ბიზნესს ხელს უშლის.
- გადაზიდვების ბიზნესიდან უძრავი ქონების ბიზნესში. ანუ დაინახეთ, რომ ეს ბიზნესი გაცილებით რენტაბელური იყო და გადახვედით თუ გადაზიდვებიც დაიტოვეთ?
- არა. ის ბიზნესი გავყიდეთ და გადავედით უძრავი ქონების სფეროში. ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორი იყო ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისიტრის შვილი. ვიქტორი ძალიან სანდო და კარგი პიროვნება აღმოჩნდა და სანდო პარტნიორი. ყაზახეთის პრეზიდენტის სასახლის შორიახლოს მრავალფუნქციური შენობა ავაშენეთ, რამაც საკმაო წარმატება მოგვიტანა. შემდეგ მშენებლობები წამოვიწყეთ კვიპროსში, ვაშენებდით ფეშენებლურ ვილებს, შემდეგ ევროპაში გავაკეთეთ რამდენიმე პროექტი და ამის მერე გადავწყვიტეთ, საქართველოში ჩაგვედო ინვესტიციები.
- ამ შემთხვევაში ისევ თქვენ და არველაძეები თუ - გაცილებით მეტი ხართ ამ ბიზნესში?
- დღეს, რა თქმა უნდა, გაცილებით მეტნი ვართ. ჩვენი პირველი პროექტი იყო ჩიტაძე-ჭონქაძის კუთხეში, რომელმაც წლის საუკეთესო პროექტის წოდება მოიპოვა. ამ პროექტით ჩვენ შემოვიტანეთ ინოვაცია მშენებლობის საკითხში, რაც გულისხმობდა, რომ სახლების ფასადის შეღებვა არ ხდებოდა ჩვეულებრივი საღებავებით. იმ პერიოდში ხშირად ხდებოდა, ღებავდნენ ყოველ წელს ან 2 წელიწადში ერთხელ და წვიმის დროს ირეცხებოდა. ჩვენ შემოვიტანეთ მარმარილოს პუდრით გაკეთებული სპეციალური საშუალება, რითიც გადავლესეთ მთელი სახლის ფასადი. თითმის 10 წელია გასული და შენობას ფერი არ აქვს შეცვლილი. ჩვენ ასევე ტრენინგებს ვუტარებდით სხვა კომპანიებს და ვუხსნიდით, როგორ გამოიყენებოდა ეს ახალი მასალა მშენებლობაში.
- ასტანა, კვიპროსი, ჰოლანდია - ქართულ ბაზარზე შემოსვლა რატომ გადაწყვიტეთ? ფიქრობდით, რომ იყო მოთხოვნა, რომელიც არ იყო დაკმაყოფილებული ადგილობრივი სამშენებლო და უძრავი ქონების კომპანიების მიერ?
- ვფიქრობ, ადამიანი ბედნიერია თავის სამშობლოში. ამიტომ როდესაც ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, გავყიდეთ ყველა კომპანია, რაც გვქონდა ჰოლანდიაში, სხვა ქვეყნებშიც და მთელი ეს ინვესტიცია, მთელი კაპიტალი ჩამოვიტანეთ და ჩავდეთ საქართველოში.
- თქვენი ინტერესის სფეროში მხოლოდ უძრავი ქონების ბაზარი მოექცა?
- არა. რამდენიმე სხვადსხვა ინვესტიცია განვახორციელეთ, სხვადსხვა სფეროში. ეს იყო აგროსექტორი, ზეთისხილის პლანტაციები. ჩემს თურქ პარტნიორებთან ერთად, ისინი არიან ჩვენებური ქართველები, რომლებიც თურქეთში ცხოვრობდნენ და ხელმძღვანელობდნენ ქართულ სათვისტომოს თურქეთში. პატრიარქის კურთხევაც იყო. სულ გვეუბნებოდა პატრიარქი, რომ ზეითუნის ზეთისხილი იხარებს საქართველოში და სთხოვდა სხვადასხვა ბიზნესმენს თუ ამ სფეროს წარმომადგენელს, რომ იქნებ ეს გაეკეთებინათ. ჩვენ გვხვდა ეს ბედნიერება წილად.
- ზეთისხილის ბაღები საქართველოში. წლების წინ რომ ეთქვათ, შეიძლება ვიღაცას დაუჯერებლადაც კი მოჩვენებოდა, მაგრამ დღეს უკვე არის არა მხოლოდ პლანტაცია, არამედ გადამამუშავებელი ქარხანა, საწარმო, სადაც ადგილობრივად ხდება ზეთისხილის გადამუშავება და მისგან სხვადასხვა პროდუქციის წარმოება. რამდენად რთული გზა გაიარეთ იდეიდან რეალობამდე?
- როგორც ყველა იდეა, ეს იდეაც ფანტასტიური იყო. იდეის რეალობად ქცევას ძალიან დიდი ენერგია სჭირდება, რა თქმა უნდა, ფინანსებიც და მუშაობაც. რატომღაც მეც და ჩემი თურქი პარტნიორებიც თავიდანვე შემართებით შევუდექით იდეის განხორციელებას. იყო ბევრი დაბრკოლება, უამინდობა, შემდეგ კალიების პრობლემა, რომლებმაც ჩვენი პლანტაციების ნაწილი დააზიანა, მაგრამ დღემდე მუშაობს ეს ბიზნესი. რამდენიმე კვირის წინ აშენდა ზეთისხილის გადამამუშავებელი ქარხანა და ჩვენ ამ ქარხნით და პლანტაციებით საერთო ჯამში უკვე 250 ათასი ნერგი გვაქვს საქართველოში დარგული. საქართველო მსოფლიო რუკაზე ზეთისხილის მწარმოებელ ქვეყნად დავიტანეთ.
- საინტერესოა პერსპექტივაში თუ აქვს საქართველოს იმის ყველანაირი პოტენციალი, რომ ზეთისხლის მწარმოებელთა რუკაზე თვალსაჩინო ადგილი დაიკავოს?
- რა თქმა უნდა, აქვს. არ შემიძლია არ აღვნიშნო მთავრობის ხელშეწყობა. ქარხნის მშენებლობა სოფლიოს მეურნეობის სამინისტროს პროექტის „აწარმოე საქართველში“ ფარგლებში განვახორციელეთ. გარდა ამისა, გეტყვით, რომ საქართველოში დარგული ყველა ნერგი 10-12 სანტიმეტრით უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე თურქეთში. თვითონ ზეთისხილის მარცვალი ხარისხით უფრო მაღალი გამოვიდა, ვიდრე თურქეთს ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის. ისეთი დალოცვილი კლიმატი, ჰაერი და მიწა გვაქვს, რომ ყველაფერი განსაკუთრებულად კარგად ხარობს. პროფესიული თვალით რომ შევხედოთ, წარმოიდგინეთ, საქართველოში მუშახელი უფრო იაფია, ვიდრე ესპანეთში, იტალიაში, საგდასახადო კუთხითაც საქართველოში გადასახადები უფრო ნაკლებია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში. ჩვენი ძირითადი ბაზარი საქართველოა, ასევე რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, სომხეთი და ა.შ. ამიტომ ტრანსპორტირებაც ჩვენ უფრო ნაკლები დაგვიჯდება, ვიდრე მათ.
- თუმცა კონკურენცია მაღალია...
- რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ საუკეთესო პროდუქტი გვაქვს უფრო დაბალ ფასად. ამიტომ, კონკურენციის არ გვეშინია. გარდა ამისა, ”კარფურის” პარტნიორები ვართ და ხელი გვაქვს მოწერილი კონტრაქტზე, რომლის თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით ”კარფურის” ქსელში ჩვენი პროდუქცია იქნება შეტანილი. ამჟამად ”კარფურთან” მიდის მოლაპარაკება, რომ შევძლოთ ”კარფურის” ლოგოს გამოყენება ჩვენს წარმოებულ ზეითუნის ზეთზე.
- ეს იქნება მხოლოდ ზეითუნის ზეთი თუ მარინადიც?
- ორივე. გარდა ამისა, საპონი, საპონს უკვე რამდენიმე თვეში გამოვუშვებთ, და კიდევ სხვა პროდუქტებზე მიდის მუშაობა.
- რამდენი იქნება წარმოების მოცულობა პირველ ეტაპზე და თქვენს სამომავლო გეგმებში რა შედის?
- როგორც ახლა მე და ჩემი პარტნიორები ვსაუბრობთ და ვფიქრობთ, ამ წელს ჩვენ მივიღებთ სადღაც 120-დან 150 ტონამდე, მომავალ წელს 250 ტონამდე, ყოველწლიურად ხე იზრდება და, რა თქმა უნდა, უფრო მეტ მოსავალს მივიღებთ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ რამდენიმე წელიწადში ჩვენ შევძლებთ საქართველოს ბაზრის 50%-ის დაკავებას.
- და სწორედ მაშინ იქცევა ეს ბიზნესი თქვენთვის და თქვენი პარტნიორებისთვის მომგებიან ბიზნესად?
- მანამდე ჩვენ კიდევ ბევრი ინვესტიციის განხორციელება მოგვიწევს. ამას, ალბათ კიდევ 5-10 წელი დასჭირდება, რომ ისეთი მომგებიანი ბიზნესი იყოს, როგორიც ჩაფიქრებული გვაქვს.
- კონკურენციასთან დაკავშირებით თქვენი არგუმენტია ის, რომ ბაზარს შესთავაზებთ ხარისხიან პროდუქციას. გარდა ხარისხისა, საქართველოში წარმოებული ზეთისხილის და ზეთისხილის მარინადის უპირატესობა კიდევ რა იქნება?
- ფასით და ის, რომ ჩვენ გვაქვს ორგანული პროდუქტი. ჩვენი პროდუქტი არის ნატურალური, ყოველგვარი ზედმეტი სასუქის გარეშე. ამიტომ გარდა იმისა, რომ ჩვენი პროდუქტი ხარისხით არის მაღალი, ასევე არის სუფთა ბიოლოგიური პროდუქტი.
- ინვესტიცია ახსენეთ. კიდევ აპირებთ პლანტაციების გაშენებას?
- დღემდე 5 მლნ ლარის ინვესტიცია გვაქვს დაახლოებით ჩადებული და 5 მლნ ლარის ინვესტიციას კიდევ ვგეგმავთ. ძირითადად, კახეთზე გვაქვს გეზი აღებული. გარდა ამისა, მარნეულშიც, ბაღდადშიც, თავიდან საქართველოს ყველა რეგიონში დავრგეთ ზეითუნის ზეთისხილი, რომ შეგვესწავლა კლიმატი, შეგვესწავლა ნერგი როგორ მიეჩვეოდა ამ ადგილს და კახეთმა უფრო გაამართლა.
- ახსენეთ, რომ თქვენს სამომავლო გეგმებში შედის ადგილობრივი ბაზრის 50%-ის დაკავება. პროდუქციის ექსპორტზე გატანას თუ გეგმავთ?
- რა თქმა უნდა. ჩვენი ძირითადი მიზანია საქართველოს ბაზარიც, მაგრამ ექსპორტიც. ექსპორტს უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობთ. არ დაგიმალავთ, რომ ექსპორტზე გატანილი პროდუქცია ჩვენთვის უფრო მისაღებია იმიტომ, რომ ფასი უფრო მაღალი იქნება. ჩვენ უკვე ვატარებთ მოთელვით სამუშაოებს ჰოლანდიაში, ევროპის ქვეყნებში, რუსეთის ბაზარზე, ამერიკის ქვეყნებში, ამიტომ, რა თქმა უნდა ვეცდებით, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავიტანოთ.
- თურქული დიასპორა საკმაოდ აქტიურად არის ჩართული საქართველოში ინვესტიციების განხორციელებაში. საიდან შემოდის ყველაზე მეტი დიასპორული ინვესტიცია და რომელი სფეროები აინტერესებთ ყველაზე მეტად?
- როგორც იცით, დიასპორული ინვესტიციების ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ვარ. ყოველწლიურად საქართველოში ერთი მილიარდი დოლარის ინვესტიცია შემოდის. ძირითადი ინვესტიციები მაინც ევროპული ქვეყნებიდან შემოდის. ჰოლანდიიდან, შემდეგ არის რუსეთი, თურქეთი, ამერიკა და ა.შ. ძირითადი ინვესტიციები აგროსექტორზე, სასტუმროებზე, უძრავ ქონებასა და დეველოპმენტზე მოდის.
- თქვენი სახელი ასევე უკვაშირდება ”კემპინსკის” ბრენდს, მირზა შაფის პროექტს. დავიწყოთ მირზა შაფის პროექტით, გრანდიოზული პროექტია და რა ეტაპზე ახლა?
- ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტია. თვითონ ”კემპინსკის” ბრენდის შემოსვლა საქართველოში და მისი ბრენდით ახალი ფეშენებლური 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს გაჩენა დამატებით ინვესტორებს, ტურისტებს შემოიყვანს საქართველოში. ჩნდება ახალი ქუჩა, მირზა შაფის ქუჩა. ეს იქნება ტურისტული ადგილი აბანოთუბანში, რომელიც გაგრძელდება და შეუერთდება ბოტანიკურ ბაღს, იქ გაჩნდება ახალი კაფეები, ბარები, რესტორნები, ”სკაი ბარი”. საქართველო 3,5 მილიონამდეა. ვფიქრობ, მომავალ წლებში ეს რიცხვი 5 მილიონამდე გაიზრდება. ამიტომ, ტურისტისთვისაც მისაღები რომ იყოს, უფრო მეტი სასტუმრო უნდა აშენდეს, უფრო მეტი სანახაობრივი ადგილი უნდა გაკეთდეს.
- ამ პროექტს ჰყავს მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც. რა უშლის ხელს პროექტის დაწყებას?
- ჩვენ ახლა ვართ ბოლო სტადიაში, ველოდებით მშენებლობის ნებართვას. რამდენიმე სიტყვით მინდა აგიხსნათ ვითარება. ჩვენი ინვესტორები, ძირათადად, უცხოელი ინვესტორები არიან, ეს არის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საქართველოში. როდესაც ჩვენი პარტნიორები ჩამოსულები იყვნენ, ჩვენ შევხდით ქალაქის მერს, საკრებულოს თავმჯდომარეს, კულტურის მინისტრს, მთავარ არქიტექტორს, ისტორიკოსებს, ხელოვნებათმცოდნეებს, და აღვნიშნეთ, რომ პროექტი ძალიან იწელება და საჭიროა მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება. ყველა ერთად შევთანხმდით, ჩაგვეტარებინა კონკურსი (მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე გვქონდა პროექტი, სადაც 45 ათასი კვადრატული იყო დამტკიცებული, ძალიან დიდი ფართი გვაქვს მანდ, ერთ ჰექტრამდე მიწაა). ინვესტორები და ჩემი პარტნიორები დავეთანხმეთ და განვაცხადეთ, რომ ვინაიდან პროექტი არ არის მისაღები ვიზუალურად და ცოტა დიდია, დათმობაზე წავიდოდით. მოვაკელით 10 ათასი კვადრატული, 20%-ით შემცირდა. დღესდღეობით მიწის ზემოთ დარჩა 23 ათას კვადრატულამდე, რომელიც აბსოლუტურად ჯდება ყველანაირ კოეფიციენტში, K1-ში, K 2-ში, არაფერი გვაქვს მანდ ან ზედმეტად შესყიდული ან კოეფიციენტი დამატებული. სამართლებრივად მთლიანად გამართულია ეს პროექტი. ჩვენ, როგორც ინვესტორებს, ამ პროექტის მიმართ ამბიცია აღარ გვაქვს. როგორი პროექტი იქნება, როგორ გამოიყურება, ეს მთლიანად მივანდეთ მერიას, კულტურის სამინისტროსა და ხლოვნებათმცოდნეებს. ამ კონკურსზე გამარჯვებული პროექტი, დღესდღეობით უკვე 20%-ით შემცირებული, წარდგენილია მერიაში დასამტკიცებლად. ძალიან ლამაზი პროექტი გამოვიდა. შეფენილია მთის სილუეტზე და ვფიქრობ, ამდენხანს მოცდა ღირდა. მიმდინარეობს ამ პროექტის ვიზუალის დამუშავება, ფასადის დამუშავება, რომ მაქსიმალურად მოერგოს აბანოთუბანს, ადგილმდებარეობას, სიმწვანე გადმოგვაქვს ამ პროექტში, რომ რაც შეიძლება გამწვანებული იყოს პროექტი და იერსახე მოუხდეს აბანოთუბნის იერსახეს. ჩვენ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ადგილი, ეს პროექტი და როგორც ინვესტორები, ვცდილობთ, მაქსიმალურად საუკეთესო პროდუქტი მივიღოთ.
- საინტერესოა, ამ საქმესთან თქვენი პარტნიორების დამოკიდებულება როგორია. კიდევ ფიქრობენ, რომ საქართველოში მარტივი და მიმზიდველია ბიზნესის კეთება, თუ არის გარკვეული ბიუროკრატიული ბარიერები, რომელიც ხშირ შემთხვევაში, ხელის შემშლელიც კია?
- ჩვენ პარტნიორები თითქმის მთელი მსოფლიოდან გვყავს და ისინი არიან მსოფლიოში ცნობილი უდიდესი ბრენდები, მათ შორის „კემპინსკი“. ყველა აკვირდება ამ პროექტის განვითარებასა და მშენებლობის დამთავრებას. მერწმუნეთ, ამ პროექტის კარგი გადაწყვეტით ჩვენ უფრო მეტ ინვესტორს და მეტ ინვესტიციას მოვიზიდავთ საქართველოში, უფრო მეტი ცნობილი ბრენდი შემოვა. 60 მილიონის პირდაპირი ინვესტიცია ხორციელდება და 1000-მდე კაცი დასაქმდება: ეს იქნება მძღოლი, მენეჯერი, მზარეული, ყველა სფეროდან იქნება ხალხი დასაქმებული, ჩაუტარდებათ სპეციალური ტრენინგები. ამ პროექტით როგორც საქართველო და მისი მოსახლეობა მიიღებს გარკვეულ შემოსავალს და წარმატებას, ასევე ხელს შუწყობს ინვესტიციების განხორციელებას.
- როგორც მახსოვს ”კემპინსკის” საქართველოში კიდევ სხვა გეგმებიც ჰქონდა, რა ეტაპზეა მისი სხვა პროექტები? რამდენადაც მახსოვს ”იმელის” შენობის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული პროექტი იყო, განიხილებოდა ბათუმში ამ ბრენდის ქვეშ სასტუმროს გახსნაც.
- რაც შეეხება ”იმელის” შენობასთან დაკავშირებულ პროექტს, ამ შემთხვევაში მოხდა მფლობელის შეცვლა და დღეს მაგ შენობაში შენდება ”მილენიუმის” სასტუმრო. ”კემპინსკის” წარმომადგენლები ცოტა ნაწყენები იყვნენ, გულგატეხილები, რომ მოლაპარაკებული თემა იყო და ვერ განახორციელეს ეს პროექტი ბოლომდე. მას მერე ჩვენ შევძელით მათი შემობრუნება საქართველოში, რამდენიმე წელი დაგვჭირდა ამისთვის და დღეს ისინი ისევ აღფრთოვანებული არიან ამ პროექტით, ადგილმდებარეობით და ფიქრობენ, რომ ევროპაში ეს ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმრო იქნება. ყველა მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ეს პროექტი ბოლომდე მივიყვანოთ.