„ფორბსის“ 2016 წლის მილიარდერთა რეიტინგში პოსტსაბჭოთა სივრციდან მხოლოდ 11 მილიარდერი მოხვდა, მათ შორის 5 უკრაინიდან, 5 ყაზახეთიდან, ერთი კი საქართველოდან.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგის თანახმად, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უკრაინელ და ყაზახ მილიარდერებზე მდიდარია.
„ფორბსის“ მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის ქონება დღეისთვის 4,8 მილიარდი დოლარია და ამ მაჩვენებლით ყოფილი პრემიერი მსოფლიოს მილიარდერებს შორის 298-ე პოზიციაზეა.
რაც შეეხება უკრაინისა და ყაზახეთის ყველაზე მდიდარ ადამიანებს, „ფორბსის“ რეიტინგის მიხედვით, უკრაინის ნომერ პირველი მილიარდერის რინატ ახმეტოვის ქონება - 2,7 მილიარდი დოლარია, იგორ კოლომოისკის - 1,4 მილიარდი დოლარი, გენადი ბოგოლიუბოვის - 1,4 მილიარდი დოლარი, ვიქტორ პინჩუკის - 1,3 მილიარდი დოლარი, იური კოსიუკის კი 1,2 მილიარდი დოლარი.
უკრაინის მსგავსად, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში 5 მილიარდერით არის წარმოდგენილი ყაზახეთიც. „ფორბსის“ მონაცემებით, ყაზახეთის ყველაზე მდიდარი ადამიანის ბულატ უტემარატოვის ქონება 2,4 მილიარდი დოლარია, ქვეყნის ყველაზე მდიდარი ქალბატონი, ყაზახეთის პრეზიდენტის ქალიშვილი დინარა კულიბაევა 2,2 მილიარდი დოლარის მფლობელია, ამდენივეს ფლობს მისი მეუღლე ტიმურ კულიბაევი, 1,8 მილიარდ დოლარს შეადგენს ალიჯან იბრაჰიმოვის ქონება, მილიარდერი ვლადიმირ კიმი კი 1,6 მილიარდ დოლარს ფლობს.