სანტა - მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ბრენდი

წარმოიდგენდით, რომ სანტა კლაუსი მსოფლიოში ყველაზე ცნობადი ბრენდია, რომლის ღირებულება ისეთი ბრენდების ღირებულებას აჭარბებს, როგორებიც Apple, Coca-Cola და Google-ია?

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ბრენდით ფულის შოვნას არა მხოლოდ პროდუქტის მწარმოებლები, არამედ სხვადასხვა ქვეყნებიც ცდილობენ. სანტა კლაუსი ხომ არაჩვეულებრივი საშუალებაა ტურისტების მოსაზიდად.

შევხედოთ სანტას, როგორც ეკონომიკური კვლევის ობიექტს და მეცნიერთა კვლევის სხვადასხვა ასპექტს აღმოვაჩენთ.

ბაბუა თეთრ-წითელ სამოსში

bpn

სანტა კლაუსის, როგორც ხალისიანი, საშობაო, საჩუქრებით დატვირთული მარხილიანი ბაბუას სახე, აშშ-სა და კანადაში მე-19 საუკუნეში ჩამოყალიბდა.

1809 წელს მის შესახებ "ნიუ-იორკის ისტორიაში" ვაშინგტონ ირვინგი მოგვითხრობდა. თემა, მოგვიანებით, 1832 წელს განავრცო კლემენტ კლარკ მურმა პოემაში - "შობის წინა ღამე" (იგივე " წმინდა ნიკოლოზის ვიზიტი" A Visit from St. Nicholas).

1863 წელს Harper’s Weekly - ს მხატვარმა ტომას ნესტმა სანტა-კლაუსის კარიკატურები შექმნა, რომლებიც შემდეგ საბავშვო ლიტერატურის ილუსტრაციებადაც გამოიყენა.

მე-20 საუკუნის დასაწყისში სანტა კომერციული მიზნებით პირველად რეკლამებში გამოჩნდა. მაგალითად, 1915 წელს კომპანია White Rock Beverages - მა გამაგრილებელი სასმელების მწარმოებლებს შორის პირველმა გამოიყენა ეს პერსონაჟი თავისი მინერალური წყლების გაყიდვების გასაზრდელად. იგივე კომპანიამ სანტას სახე 1923 წელს ჯანჯაფილის სასმელის (Ginger Ale) რეკლამაშიც გამოიყენა.

White Rock Beverages-ის სარეკლამო განცხადებებში სანტას უკვე ეცვა თავისი საფირმო "თეთრ-წითელი" სამოსი, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა კეთილმა ბაბუამ მას შემდეგ შეიძინა, რაც ის Coca-Cola-ს რეკლამაში გამოჩნდა.

1931 წელს მხატვარმა ჰედონ სანდბლომმა მანამდე არსებული სანტა "სრულყო", ანუ "დახატა თავად სანტა და არა ადამიანი, რომელსაც უბრალოდ სანტას კოსტუმი ეცვა".

bpnმას შემდეგ სანტა ძალიან პოპულარული გახდა და პირველ რიგში, ის სწორედ სანდბლომის ნახატთან ასოცირდება. საშობაოდ პრესაში სულ უფრო ხშირად ჩნდება ცნობები სანტას "ცხოვრებიდან", ხოლო მის "ბიზნესს" სახელმწიფო უწყებებიც კი სერიოზულად ეკიდებიან.

მაგალითად, სანტას შეერთებულ შტატებში შემოსვლისა და ქვეყნის ტერიტორიაზე გადაფრენის "უფლებას" სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სამმართველო აძლევს.

აღსანიშნავია, რომ 1995 წელს ერთ-ერთმა გაზეთმა შეცდომით "სანტას ცხელი ხაზის" ნომრად ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის გაერთიანებული სამმართველოს (NORAD) ნომერი მიუთითა. NORAD-ში გადაწყვიტეს, არ გაეწბილებინათ პატარები, რომლებიც სანტას ურეკავდნენ და ბავშვებს აწვდიდნენ სანტა-კლაუსის მარხილის კოორდინატებს. აღნიშნული ინციდენტი ტრადიციად ჩამოყალიბდა და 1998 წლიდან სანტას მოგზაურობისთვის თვალის დევნება შესაძლებელია საიტზე Santa Tracker, ხოლო 2009 წლიდან Google Earth-ზეც.

ცოტა ხნის წინ სანტა თავად Google-საც შეადარეს. მანაც ხომ "ყველაფერი იცის ყველაზე"- ვინ სად ცხოვრობს, რას ეძებს და რას წერს წერილებში.

bpnსანტა კლაუსი Forbes-მაც აღიარა. 2005 წელს 15 ყველაზე მდიდარ გამოგონილ პერსონაჟს შორის მან პირველი ადგილი დაიკავა. ჟურნალმა მისი ქონება "უთვალავად" შეაფასა. უკვე მეორე წელს კი, სანტა რეიტინგში ვეღარ მოხვდა, მხოლოდ იმიტომ, რომ რეიტინგის შემდგენლებმა უარი თქვეს, ის გამოგონილ პერსონაჟად ეღიარებინათ.

BrandFinance-მა სანტას, როგორც სავაჭრო ნიშნის ღირებულება 1.6 ტრილიონ დოლარად შეაფასა. შედარებისთვის, ამავე კონსალტინგური კომპანიის შეფასებით, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბრენდი, რომელიც კორპორაცია Apple-ს ეკუთვნის, სულ რაღაც 87.3 მლრდ დოლარი ღირს.

სიმბოლურად, სანტას ხელფასი ამერიკულმა Insure-მაც დათვალა. აღმოჩნდა, რომ სანტას ანაზღაურება 2013 წელს 138 000 დოლარად ფასდება, რაც გასულ წელთან შედარებით 2%-ით მეტია. ამასთან, კომპანიის მიერ გამოკითხულთა 27% მიიჩნევს, რომ სანტას შემოსავალი 1.8 მლრდ დოლარი უნდა იყოს წელიწადში (მსოფლიოში 15 წლამდე ბავშვების რაოდენობის შესაბამისად - თითო დოლარი თითო ბავშვს), ხოლო 37% მიიჩნევს, რომ სანტამ ხელფასი საერთოდ არ უნდა მიიღოს.

ჟურნალისტები სამართლიანად აღნიშნავენ, რომ სანტას, როგორც სავაჭრო ნიშნის ძირითადი ნაკლი ისაა, რომ ის წელიწადში მხოლოდ ერთხელ ახსენდებათ.

bpn

ფინეთში, სადაც სანტას ლაპლანდიური რეზიდენცია მდებარეობს, მიმდინარე წლის დეკემბერში გადაწყვიტეს, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით განავითარონ სანტა, როგორც ბრენდი. ფინეთის ხელისუფლება ამ საქმეს ჩინეთიდან დაიწყებს: ჩინეთში სანტას რეკლამირებაზე ქვეყნის ხელისუფლებამ 300 ათასი ევრო გამოყო. საშობაო პერსონაჟის პოპულარიზაციას კომპიუტერული თამაშებით, საერთაშორისო გამოფენებით და სხვა საშუალებებით აპირებენ. ფინეთში განმარტავენ, რომ საშობაოდ სწორედ აზიიდან მიდის ტურისტების დიდი ნაკადი ლაპლანდიაში, შესაბამისად, წელიწადის სხვა დროსაც სანტა აზიელებში წარმატებით ისარგებლებს.

ევროპასა და აშშ-ში სანტას პოპულარობა ყველაზე მეტად მაინც წინასაშობაო და საახალწლო გაყიდვებში გამოიხატება. წელს ამერიკელებმა "შავი პარასკევის" ფარგლებში 57 მლრდ დოლარზე მეტი დახარჯეს საყიდლებზე და მათ შორის სანტას სათამაშოებსა თუ სხვა დეკორატიულ ნივთებზე.

ამასთან, წლიდან წლამდე შობისა და ახალი წლის აღნიშვნა ძვირდება. წელს სპეციალური "საშობაო ინდექსი"(Christmas Price Index, CPI), რომელსაც 1984 წლიდან კორპორაცია PNC Wealth Management ითვლის, 114 ათას დოლარს აჭარბებდა. CPI-ში დათვლილია იმ 364 საშობაო საჩუქრის ღირებულება, რომელიც მოხსენიებულია საბავშვო სიმღერაში 12 Days of Christmas. 2012 წელს CPI 107 ათას დოლარს შეადგენდა.

გასაგებია, რომ სანტას, როგორც ბრენდის ღირებულება, არ შეიძლება სრული სერიოზულობით შეფასდეს, თუმცა, თავად პერსონაჟი, როგორც ბრენდი, ეკონომისტებისათვის საკმაოდ საინტერესო მოვლენას წარმოადგენს, მას ხომ ამდენ ოჯახში ელოდებიან შობა-ახალ წელს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, Ho ho ho....

bpn