ხშირად რისკავს, ამაყობს შვილებით და ფიქრობს, რომ წარმატების მისაღწევად ყველა საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანო.
“ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ”პალიტრანიუსის” ეთერში ბლიცკითხვებს უპასუხა.
”ბიზნესპრესნიუსი” სოსო ფხაკაძის ბიზნესბლიცს უცვლელად გთავაზობთ:
ბიზნესისთვის მიუღებელია
ბიზნესი წესიერებაზე, ღიაობაზე და გამჭვირვალობაზე დგას. აქ არასწორი საქციელი არ შეიძლება. ჯერ ერთი, თუ ადამიანი შეცდომას წესიერების კუთხით დაუშვებ, დარწმუნებული უნდა იყო, მით უმეტეს პატარა ქვეყანაში, რომ მერე რეპუტაციის უკან დაბრუნება ძალიან გაგიჭირდება.
ვამაყობ
ვამაყობ ჩემი შვილებით და ჩემი ოჯახით. ეს არის ჩემთვის მთავარი საამაყო. 5 შვილი მყავს, ამ მიმართულებით შეიძლება კიდევ გავფართოვდეთ და განვვითარდეთ. ერთი წუთით თუ გამომითავისუფლდა დრო, პირველ რიგში ჩემს ოჯახთან ერთად მინდა ყოფნა.
იმედგაცრუება ბიზნესში
მახსოვს ერთი პროექტი იყო 90-იანებში. შევხედეთ, რომ ეს არ იყო ჩვენი საქმე. გული და სული ვერ ჩავდეთ ამ საქმეში, ვერ შევიყვარეთ და მაშინვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ბიზნესი ჩვენს პორტფელში არ უნდა ყოფილიყო და გავყიდეთ.
თანამშრომლებთან ურთიერთობისას
არასოდეს ვარ მკაცრი. თანამშრომელთან ურთიერთობას სიმკაცრე არ სჭირდება. თანამშრომელი არის ადამიანი. სიმკაცრე შედეგს არ იძლევა. ხელმძღვანელს, კომპანიის პრეზიდენტს საერთოდ არ სჭირდება სიმკაცრე. თუ ადამიანი თავისი პროფესიული ჩვევების გამო მიუღებელია ჩვენთვის, მას ძალიან ჩვეულებრივად ვეტყვით - ბოდიში, იქნებ სხვა სამსახური ნახოთ. ასე რომ, საერთოდ არ მჭიდება სიმკაცრე და გაბრაზება. ძალიან დიდ დროს ვუთმობთ იმას, თუ როგორ ვიყვანთ კადრებს, როგორ ვარჩევთ და ვასაქმებთ ჩვენს გუნდში. 5000 ადამიანის მართვა ადვილი არ არის. ძალიან რთულია, მაგრამ ეს არის ჩვენი ხვედრი, ჩვენი ბედი, ჩვენი უდიდესი პასუხისმგებლობა.
რა აქვს უარყოფითი ბიზნესმენის სტატუსს
თავიდან თითქოს ვამჩნევდი, შეიძლება სწორად ან არასწორად, რომ საზოგადოებაში ბიზნესმენების მიმართ ნიჰილიზმი და აპათიური დამოკიდებულება იყო. ამას მაშინ ვამჩნევდი, როცა მარტო ნავთობპროდუქტებში ვიყავით. მას შემდეგ რაც ახალი ბიზნესების განვითარება დავიწყეთ, სადაც არ უნდა მივიდე, ადამიანების, ზოგადად, სხვა კომპანიების მხრიდან ძალიან პოზიტიურ განწყობას ვხედავ. ამიტომ ვფიქრობ, ეს პრობლემა არ არსებობს.
რისკი ბიზნესში
ძალიან ხშირად ვრისკავთ. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ქვეყანა საგარეო შოკის გამო ეკონომიკურად დაზარალდა. ქვეყნები, სადაც ეს პრობლემები გაჩნდა, ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორები არიან. არიან ქვეყნები, სადაც ბევრი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს და ისინი საკუთარ ქვეყანაში ფულს აგზავნიან. ეს არიან ქვეყნები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციებს დებენ და ის ძალიან მწვავე ხასიათის ეკონომიკურ-ფინანსრური პრობლემები, რომლებიც მათ შეექმნათ, ადეკვატურად აისახა ჩვენზე. ასეთ გარემოში არ გარისკო და მშვიდად წარმატებული კომპანიები შექმნა, გამორიცხულია.
ბიზნესი და პოლიტიკა
მე არც პირად საუბრებში და არც გარეთ, პოლიტიკაზე არ ვსაუბრობ. მიმაჩნია, რომ რაც არ ვიცი, იმაზე არ უნდა ვისაუბრო.
დღეს რომ თავიდან ვიწყებდე ბიზნესს
დღეს რომ ვიწყებდე ბიზნესს და ეს გამოცდილება მქონდეს, 25 წლის შემდეგ ბევრად დიდი კომპანიები გვექნებოდა, ვიდრე დღეს. ამას გულახდილად გეტყვით. გასაკვირია? ალბათ, არ არის გასაკვირი.
წარმატების ფორმულა
თუ გინდა რომ წარმატებული ადამიანი იყო, რასაც ხელს მოკიდებ, მნიშნელობა არ აქვს, ვინ არის მფლობელი, ყველაფერი ბოლომდე უნდა მიიყვანო და ბოლომდე უნდა შეეცადო, რომ ყველაზე გამორჩეული, ყველაზე ძლიერი იყო და ყველას ათქმევინო - ნახე, რა მაგარია და რა მაგარ რაღაცას აკეთებს. თუ საკუთარ თავს ასე შეხედავ, ერთ მშვენიერ დღეს ალბათ საკუთარი ორგანიზაციაც გექნება, თუ არ გექნება, რომელიმე კორპორაციაში, რაღაც მაღალ თანამდებობაზე იქნები და ეს ძალიან ჩვეულებრივი პროცესია. მთელი მსოფლიო ასე მუშაობს.