ბევრი მიიჩნევს, რომ კრისტი უოლტონი ვერასდროს მოხვდებოდა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ათეულში და ვერც პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალბატონი გახდებოდა, რომ არა მეუღლისგან მემკვიდრეობით დატოვებული ქონება.
მეუღლის, ამერიკელი ბიზნესმენის ჯონ უოლტონის ავიაკატასტროფაში დაღუპვის შემდეგ, 2005 წელს კრისტი უოლტონს მემკვიდრეობით 15,7 მილიარდი დოლარი და ცნობილი კომპანია Wal Mart-ი ერგო.
მემკვიდრეობის მიღებიდან ერთ წელიწადში, კრისტი უოლტონი ამერიკის ყველაზე მდიდარი ქალბატონების რეიტინგის ათეულში მოხვდა, მემკვიდრეობით მიღებული ქონება კი 16 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. "ფორბსის" ბოლო რეიტინგით, კრისტი უოლტონი 36,7 მილიარდი დოლარის ქონებით პლანეტის ყველაზე მდიდარი ქალბატონია, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში კი ერთადერთი ქალია, ვინც რეიტინგის ათეულში მოხვდა.
მისმა შეუპოვრობამ და Wal Mart-ის საქმიანობისთვის თავის ღირსეულად გართმევამ, სკეპტიკოსებს "იმედები გაუცრუა". მალე ყველამ აღიარა, რომ კრისტი უოლტონმა მოახერხა ოჯახური ბიზნესტრადიციების შენარჩუნება, Wal Mart-ის ქსელის საქმიანობა კი უფრო წარმატებული და მომგებიანი გახადა.
უოლტონების ოჯახურ იმპერიას საფუძველი გასული საუკუნის 70-იან წლებში, ოჯახის უფროსმა სემ უოლტონმა ძმასთან ერთად დაუდო. ახალგაზრდა სემი, რომელიც მანამდე კლერკად მუშაობდა და თვეში 75 დოლარს გამოიმუშავებდა, ალბათ, ვერც იფიქრებდა, რომ წლების შემდეგ არკანზასში, მის მიერ გახსნილი უნივერსამების ქსელი გლობალურ იმპერიად იქცეოდა.
დღეს უკვე კომპანია Wal Mart-ი მსოფლიოს 15 ქვეყნის მასშტაბით 6 500 მაღაზიას ფლობს და საერთო ჯამში 2 მილიონამდე თანამშრომელს აერთიანებს, რომლებიც ყოველკვირეულად 175 მილიონ კლიენტს ემსახურებიან. კომპანიის ყოველწლიური მოგება კი 300 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
უოლტონების მაღაზიათა ქსელი მომხმარებელს ყველაზე მოთხოვნად საქონელს სთავაზობს - დაწყებული კვების პროდუქტიდან, დამთავრებული საყოფაცხოვრებო ტექნიკით.
ბიზნესის აწყობის შემდეგ, სემ უოლტონმა ოჯახურ საქმიანობაში, კრისტის მომავალი მეუღლე, ჯონ უოლტონიც ჩართო, რომელმაც ღირსეულად გააგრძელა მამის კვალი. თუმცა, ტრაგიკულმა შემთხვევამ უოლტონების იმპერიაში ცვლილებები შეიტანა.
მეუღლის დაღუპვამდე კრისტი უოლტონი, ალბათ, ვერასდროს იფიქრებდა, რომ ოდესმე ასეთი დიდი გამოწვევის წინაშე დადგებოდა და მარტოს მოუწევდა უზარმაზარი კომპანიის მართვა.
50 წელს მიტანებულ ქალბატონს უოლტონების ბიზნესში აქტიურად ჩართვაზე არასდროს უფიქრია, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მხარში ედგა მეუღლეს და ხშირად აძლევდა საჭირო რჩევებს. ჯონ უოლტონის გარდაცვალებამდე კრისტი მთელ თავის დროს ერთადერთი ვაჟის აღზრდას უთმობდა და ბიზნესლედობას დიასახლისობას ამჯობინებდა. თუმცა, 49 წლის ქალბატონს არ გასჭირვებია ბიზნესისთვის ალღოს აღება - მან არათუ შეუნარჩუნა Wal Mart-ს წარმატებული კომპანიის სახელი, არამედ თავადაც დაიწყო სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობებში ინვესტირება.
მის ერთ-ერთ წარმატებულ პროექტად შეიძლება ჩაითვალოს კომპანია Firs Solar-ში ინვესტირება, რომელიც მსოფლიოში მეორე უმსხვილესი ფირმაა მზის ელემენტების წარმოებით.
წარმატებული ბიზნესის პარალელურად, კრისტი უოლტონს არასდროს დავიწყებია ქველმოქმედება. 59 წლის ქალბატონი სამშობლოში ერთ-ერთ ყველაზე ფილანტროპ ბიზნესლედით ითვლება, ოჯახთან ერთად კი "ფორბსის" ყველაზე ქველმოქმედი მილიარდერების რეიტინგშია.
კრისტი უოლტონის საქველმოქმედო გატაცება მეტწილად განათლების სფეროთი შემოიფარგლება. უოლტონების ოჯახის ყველაზე ხმაურიანი ქველმოქმედება მაინც არკანზასის უნივერსიტეტს უკავშირდება. რამდენიმე წლის წინ კრისტი უოლტონმა და მისმა ოჯახმა არკანზასის უნივერსიტეტისთვის არც მეტი, არც ნაკლები 300 მილიონი დოლარი გაიღო - რაც მანამდე არცერთ სახელმწიფო უნივერსიტეტს არ მიუღია ქველმოქმედების სახით. უოლტონების ოჯახის მიერ გაღებული თანხა ასპირანტების მომზადებისა და სტუდენტებისთვის სპეციალური კოლეჯის შექმნისთვის გამოიყო.
სულ კი ოჯახური საქველმოქმედო ფონდის Walton Foundation-ის დაარსებიდან მოყოლებული, ქველმოქმედებაზე დახარჯულმა თანხამ 1,6 მილიარდი დოლარი შეადგინა.
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალბატონის "ჰობია" მუზეუმების დახმარებაც. სწორედ მისი შემოწირულობებით არსებობს დღემდე სან-დიეგოს ბუნების ისტორიის მუზეუმი და მინგეის ხელოვნების საერთაშორისო მუზეუმი.
2006 წელს, კრისტი უოლტონმა, ვიქტორიანული ეპოქისდროინდელი საკუთარი სახლი სან-დიეგოში ქველმოქმედების ადგილობრივ ცენტრს გადასცა, ორგანიზაციის ანგარიშზე კი 4 მილიონი გადარიცხა.
საერთო ჯამში, ამერიკის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა მეცენატმა, როგორც მას ხშირად უწოდებენ ხოლმე, მხოლოდ 2012 წელს სხვადასხვა საქველმოქმედო ფონებდში 432 მილიონი დოლარი გადარიცხა, რაც მისი მთლიანი ქონების 0,3 პროცენტია.
ბიზნესში მოსვლიდან დღემდე კი 4,6 მილიარდი აქვს დახარჯული სხვადასხვა ქველმოქმედებაზე.
მილიარდერობას მის ხასიათზე არ უმოქმედია - ის კვლავაც არაგლამურული რჩება - იშვიათად ჩნდება ხმაურიან წვეულებებზე და, შესაბამისად, ყვითელი პრესის ფურცლებზე, ცხოვრობს ჯანსაღი ცხოვრების წესით და, განსხვავებით ბევრი მდიდარი ქალბატონისგან, "გარეგნობაში ინვესტიციები" არ ხიბლავს.
მთავარი მისთვის კვლავ ოჯახური ბიზნესი და კომპანიის რეპუტაცია რჩება, რომლის სათავეშიც მეტწილად ალბათ, ბედის წყალობით მოხვდა.
მარი ჯავახიშვილი