77 წლის ლესლი ვექსნერი „ფორბსის“ ბოლო მონაცემებით, 6,2 მილიარდი დოლარის მფლობელია
მილიარდერობამდე მისი სამუშაო გრაფიკი კვირაში 90 საათისგან შედგებოდა. ახალგაზრდა, დამწყებ ბიზნესმენს სამუშაოს იქით ცხოვრება, პრაქტიკულად არ ჰქონდა - დღემდე ვერ იხსენებს თავისი ახალგაზრდობის საყვარელ ფილმს ან მუსიკალურ ჯგუფს, რადგან ამისთვის არასდროს ეცალა.
77 წლის ლესლი ვექსნერი „ფორბსის“ ბოლო მონაცემებით, 6,2 მილიარდი დოლარის მფლობელია, ამერიკელი მილიარდერთა ასეულშია და ოჰაიოს შტატის ყველაზე მდიდარი ადამიანია, თუმცა საკუთარი თავით მაინც უკმაყოფილოა და მომავალთან დაკავშირებით უამრავი გეგმა აქვს. ასაკის მიუხედავად, კვლავ ბიზნესის გაფართოებაზე ფიქრობს, არ არღვევს მკაცრ სამუშაო რეჟიმს და მართალია, კვირაში 90 საათს აღარ მუშაობს, სამაგიეროდ ყოველ დილით ვარჯიშობს, კვირაში სამჯერ 8 კილომეტრს ფეხით გადის და ამბობს, რომ ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი მშობლიური შტატისა და საყვარელი ქალაქ კოლუმბუსისთვის.
Victoria’s Secret-ის, Pink, La Senza-სა და The Limited-ის მფლობელმა ოჰაიოს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა იურიდიულ სკოლაში გააგრძელა, მაგრამ მალევე მიანება თავი, რადგან ოჯახურ ბიზნესს დახმარება სჭირდებოდა. ლესლის მშობლები, რუსეთიდან იმიგრირებული ებრაელები, კოლუმბუსში ტანსაცმლის მაღაზიას ფლობდნენ, თუმცა მცირე ბიზნესს დიდი შემოსავალი არ მოჰქონდა, სამაგიეროდ დიდ შრომას ითხოვდა. მამის დასახმარებლად მისული ლესლი მალევე მიხვდა, რომ პალტოებით ვაჭრობა წამგებიანი იყო. 26 წლის ასაკში დეიდისგან ნასესხები ფულით საკუთარი პირველი მაღაზია გახსნა, სადაც მხოლოდ შარვლებსა და პერანგებს ჰყიდდა. პირველივე წელს დამწყებმა ბიზნესმენმა 20 ათასი დოლარი გამოიმუშავა, ორჯერ მეტი, ვიდრე მამამისის მაღაზია შოულობდა. მაშინ მისი წარმატების საიდუმლო მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, რომ მცირე ასორტიმენტის პროდუქციით დაიწყო ვაჭრობა, მაღაზიას კი შესაბამისი სახელი შეურჩია - The Limited.
”ყველა მოდელი ჩემი გემოვნებით იქმნებოდა, რომელიც იმ ახალგაზრდა მამაკაცებისა და ქალბატონების გამოვნებას ემყარებოდა, ვისაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხვდებოდი“, - იხსენებს მოგვიანებით მილიარდერი. პირველი მაღაზიის გახსნიდან 15 წელიწადში ლესლი ვექსნერი 300-ზე მეტ მაღაზიას ფლობდა -The Limited-ი მთელს ამერიკაში იყო.
ახლა ვექსნერის სახელი თეთრეულის სამ მსხვილ ბრენდს Victoria’s Secret-ს, Pink-სა და LaSenza-სას აერთიანებს, სამივეს ერთად ამერიკის თეთრეულის ბაზრის 41 პროცენტი უკავია და მათი მოცულობა 13,2 მილიარდ დოლარს შეადგენს. ყოველწლიურად ვექსნერის კორპორაციის L Brands-ის კუთვნილი 2 900-ზე მეტი მაღაზია 11 მილიარდი დოლარის საქონელს ყიდის. ონლაინ გაყიდვებით კი კომპანიის შემოსავალი 1,5 მილიარდი დოლარია.
გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში, უკვე წარმატებულმა ბიზნესმენმა ლესლი ვექსნერმა თითქმის გაკოტრების პირას მყოფი როი რეიმონდისგან 1977 წელს დაფუძნებული Victoria’s Secret-ი შეიძინა. ფინანსური პრობლემების გამო როი რეიმონდი იძულებული იყო, 4 მილიარდ დოლარად შელეოდა იმ დროისთვის უკვე სახელმოხვეჭილ კომპანიას.
თითქმის ყველა ქალბატონის საყვარელი ბრენდის Victoria’s Secret-ის განვითარების ახალი ეტაპი სწორედ 1982 წელს დაიწყო, როცა ის ლესლი ვექსნერის საკუთრება გახდა. ახალმა მფლობელმა სრულად შეცვალა კომპანიის პოლიტიკა და ფსონი ქალბატონებზე გააკეთა. წინა მეპატრონისგან განსხვავებით, ის უფრო ნაკლებს ზრუნავდა მამაკაცებისთვის და მეტს აკეთებდა ქალბატონებისთვის, რომელთაც ექსკლუზიურ, მდიდრულ და გემოვნებიან თეთრეულს სთავაზობდა. ახალი მფლობელი ფიქრობდა, რომ ფუფუნება ყველა ქალბატონისთვის ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო. არც შემცდარა - მალე Victoria’s Secret-ის ქალის თეთრეული არა მხოლოდ ამერიკელი, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ქალბატონების რჩეული გახდა. მოგვიანებით კი Victoria’s Secret-ის ლოგოტიპი გაჩნდა რბილ სათამაშოებზე, აბრეშუმის საღამურებზე, კაბებზე, ფეხსაცმელსა და სუნამოზეც კი.
1995 წლიდან მოყოლებული კი Victoria’s Secret-ის ანგელოზები წელიწადში ერთხელ დაუვიწყარ შოუს სთავაზობენ მაყურებელს. Victoria’s Secret-ის ქალის თეთრეულის პირველი ჩვენება სწორედ 1995 წელს მოეწყო, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან მაშინდელი შოუ საკმაოდ მოკრძალებული და არაპომპეზური იყო. დღეს Victoria’s Secret-ი იმისთვის, რომ მისი ანგელოზების განუმეორებელი სანახაობა მილიონობით ტელემაყურებელმა ნახოს პლანეტის სხვადასხვა კუთხეში, კომპანია თავად კი არ უხდის ტელეკომპანია CBS-ს ათობით ათას დოლარს სატელევიზიო დროისთვის, არამედ აქეთ იღებს ამის სანაცვლოდ 1 მილიონ დოლარზე მეტს.
ბიზნესის წარმატებით აწყობის და ასაკის მატებასთან ერთად, ამერიკელმა მილიარდერმა თავს მოდუნების უფლება მისცა და გამოტყდა, რომ მიხვდა - თუ თავით მუშაობაში გადავარდები, დიდი რისკია, თავის გარეშე დარჩე. ამიტომ ახლა ბევრ დროს ატარებს კითხვასა და მოგზაურობაში. მისი საყვარელი თავშესაქცევი ლეგენდარული ამერიკელების, მათ შორის ჯორჯ ვაშინგტონის, თომას ჯეფერსონისა და ჯონ როკფელერის ავტობიოგრაფიული წიგნების კითხვაა. მისი ერთ-ერთი გატაცებაა მუზეუმებში სიარული და დეგას, პიკასოს, დე კუნინგის ნამუშევრების შეძენა. „ფორბსის“ მონაცემებით, ლესლი ვექსნერის არტ კოლექცია, რომლის დიდი ნაწილს პიკასოს ნამუშევრები შეადგენს, 1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
ამერიკელი მილიარდერი ასობით ათას დოლარს არ იშურებს არც ძვირადღირებული მანქანების შესაძენად - მის ავტოფარეხს ძირითადად ”მერსედესი”, ”იაგუარი” და ”ფერარი” ამშვენებს. ხშირად მოგზაურობს თავის 200-მილიონიანი იახტითაც, რომელსაც შესაბამისი სახელწოდება მოუძებნა - limitless (უსაზღვრო).
მიუხედავად ძვირადღირებული არტ კოლექციის, მანქანებისა და იახტისა, საკუთარ შტატში ლესლი ვექსნერი ყველაზე ცნობილი ქველმოქმედია. რამდენიმე წლის წინ მან საკუთარი კოლექციიდან 42,1 მილიონ დოლარად შეფასებული პიკასოს Nude in Black Armchair კოლუმბუსის ხელოვნების ცენტრს გადასცა. რამდენიმე წლის წინ კი 100 მილიონი დოლარი გაიღო ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრისთვის, რომელსაც შემდგომში სწორედ ლესლი ვექსნერის სახელი უწოდეს.
50 წელზე მეტია, ლესლი ვექსნერი საკუთარ კორპორაციას განაგებს, თუმცა პენსიაზე გასვლას კიდევ კარგა ხანს არ გეგმავს. “რა თქმა უნდა, ასაკს ვერ გავექცევით, მაგრამ მენტალურად ყოველთვის შეგვიძლია ახალგაზრდულად გამოვიყურებოდეთ. ვფიქრობ, ამ მხრივ გამიმართლა. ახალგაზრდობა ცხოვრების პერიოდი კი არა, სულის მდგომარეობაა. წლებს შეუძლია სახეზე ნაოჭები შეგვმატოს, მაგრამ როცა ენთუზიაზმს ვკარგავთ, ნაოჭები სულსაც ედება. 60 წლის ასაკშიც და 16 წლის ასაკშიც ყველას ერთნაირად სურს სასწაული, ყველა ერთნაირად არის შეპყრობილი ბავშვური ცნობისმოყვარეობით - რა იქნება მერე. თუ საკუთარ თავს კუთხეში გამოვამწყვდევთ, ცხოვრება აზრს დაკარგავს. ყოველთვის არსებობს „მერე“ და ამის იმედი არ უნდა გაგვიქრეს“, - ლესლი ვექსნერი.
მარი ჯავახიშვილი