”თუ გინდა იყო წარმატებული, რამდენიმე თვით ან წლით ადრე უნდა დაინახო ის, რასაც სხვა ვერ ხედავს”
ამის შესახებ ”ვისოლ ჯგუფის” პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ ”პალიტრა ტვ”-ს გადაცემა ბიზნეს PRESS-ში განაცხადა, სადაც მან ასევე ისაუბრა საკუთარ ბიზნეს ისტორიაზე, სამომავლო გეგმებსა და სხვა ძალიან ბევრ საინტერესო თემაზე.
გადაცემა ”ბიზნეს PRESS” პალიტრა TV-ს ეთერში 23 თებერვალს გავიდა. Bpn.ge კი წარმატებული ქართველი ბიზნესმენის ინტერვიუს ბეჭდურ ვერსიას გთავაზობთ.
-თქვენი ბიზნეს ისტორია იმ შავ-ბნელი 90-იანი წლებიდან იწყება. საინტერესოა, როგორ იწყებოდა ყველაფერი.
- ამ თემებზე ხშირად მისაუბრია, მეგობრებთან და არა მარტო მათთან. ერთ-ერთი, რაც ჟურნალისტებს ყველაზე მეტად გაინტერესებთ ხოლმე, ეს თემაა. ჩვენ, როგორც ძალიან ბევრმა ორგანიზაციამ საქართველოში, რომლებიც დღესაც ოპერირებენ სხვადასხვა სექტორში, 90-იან წლებში საკმაოდ ”ეკლიანი” გზა გავიარეთ.
- ამ გადასახედიდან რთული იყო თუ პირიქით, იოლი იმ დროს ბიზნესის კეთება?
- როცა არის კრიმინალის პარპაში, ძალიან მაღალი დონეა კონტრაბანდის და კონტრაბანდული გზით შემოდიოდა პროდუქციის დაახლოებით 70-80%, გამეფებული იყო კორუფცია და კიდევ იყო მთელი რიგი ხელისშემშლელი ფაქტორებისა, ასეთ დროს, დამეთანხმებით, რომ ბიზნესში მოღვაწეობა ადვილი არ არის. ხშირად დგებოდა პირადი უსაფრთხოების საკითხები. როდესაც უსაფრთხოებაზეა საუბარი, ეკონომიკური მოგება როგორიც უნდა იყოს, ბუნებრივია უკან პლანზე გადადის. თუმცა, სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკური ისტორიები რომ აიღოთ, დიდი კომპანიები სწორედ მაშინ შეიქმნა და შემდეგ მათ შეინარჩუნეს თავისი პოზიცია. თუმცა ყველამ ეს ვერ შეძლო. ძალიან ბევრი კომპანია, რომელიც ჩვენი კონკურენტი იყო, ან სხვადასხვა სექტორში მოღვაწეობდა, დღეს აღარ არსებობს. სამართლიანი იქნებოდა გვეთქვა, რომ საკმაოდ რთული პერიოდი გაიარა ”ვისოლ ჯგუფმა”, ისევე როგორც ძალიან ბევრმა იმ კომპანიამ, რომლებიც დღეს ძალიან წარმატებულები არიან.
- და მაინც, როგორ ალაგებდით ურთიერთობებს კრიმინალურ ჯგუფებთან, ხელისუფლებასთან?
- ჩვენ გვქონდა ერთი, აბსოლუტურად გამორჩეული ხედვა, რომელსაც არასოდეს ვარღვევდით. ჩვენ ყოველთვის უნდა გვეკეთებინა საქმე სუფთა ხელებით. უნდა ვყოფილიყავით მართალი როგორც ქვეყნის ბიუჯეტის, ისე ზოგადად ქვეყნის,
მომხმარებლის, თანამშრომლების და იმ საზოგადოების წინაშე, სადაც ვაკეთებდით ბიზნესს. არასოდეს რამე არალეგალური, არასწორი და არაობიექტური საქმიანობა არ გვიწარმოებია. არასოდეს ვყოფილვართ იმ პოზიციაში, რომ ვინმესთვის რამე შეურაცხყოფა მიგვეყენებინა. მაშინ ძალიან ბევრი პატარა ბიზნესი თუ კომპანია იყო, რომლებიც ფეხს იკიდებდნენ და ჩვენი სიძლიერიდან გამომდინარე, შეგვეძლო ისეთი გარიგება დაგვედო, რომელიც ჩვენ უფრო მეტ სარგებელს მოგვიტანდა. მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, ვყოფილიყავით სამართლიანები ნებისმიერი მხარისადმი, სახელმწიფო იქნებოდა ეს, ბიზნესკომპანიები, ჩვენი თანამშრომლები თუ საზოგადოება.
- თქვენი ხანგრძლივი ბიზნესისტორიის განმავლობაში, იმ რთული პერიოდის გათვალისწინებით, ნუთუ არ არსებობს მომენტი, რომლის გახსენებაც ახლა არ გინდათ?
-არ ყოფილა ისეთი ეტაპი, რომ მეთაკილებოდეს რამე გარიგების, ფაქტის ან შემთხვევის გახსენება. არ მახსენდება მიზეზი იმისა, რომ ვინმეს შეეძლოს წამოგვაძახოს, რომ ჩვენ რაღაც ვერ გავაკეთეთ. აბსოლუტურად მართალი და ნათელი ვართ ნებისმიერი ადამიანის, ორგანიზაციის წინაშე და ეს არის ჩვენი სიძლიერე. დღესაც ესე ვაგრძელებთ და ესე ვიქნებით ცხოვრების ბოლომდე.
- თქვენი პირველი ნაბიჯები ბიზნესში სულაც არ იყო ნავთობპროდუქტების იმპორტი და რეალიზაცია. ჯემპრების ყიდვითა და გაყიდვით დაიწყეთ საქმიანობა.
- ეს იყო ჩვენთვის, ჩვეულებრივი გარიგება. ძალიან პატარები ვიყავით მაშინ. მე და ჩემმა მეგობრებმა სვიტრები ერთ ადგილზე შევისყიდეთ, თბილისის მეორე უბანში გავყიდეთ და ფული ვიშოვეთ.
-ამ პირველმა ბიზნესმა გასწავლათ რამე?
- ჟინი გვქონდა, რომ წარმატებულები ვყოფილიყავით. ერთის მხრივ ჟინი და მეორე მხრივ, თვითრწმენა - რომ მე რაღაცის გაკეთება შემიძლია. ეს თუ გამომივიდა, ეხლა მოდი, ავტოკალამს გავყიდი, ხვალ შეიძლება მანქანა ვიყიდო და გავყიდო. კომუნისტების ეპოქაში ასეთ ხალხს საქმოსნებს ეძახდნენ და ზოგს იჭერდნენ. ყოველ შემთხვევაში, პრესტიჟული არ იყო ეს საქმე... მედიკოსების ოჯახში ვიზრდებოდი, მშობლებს სურდათ, ექიმი ვყოფილიყავი. ჩვენს ირგვლივ ნათესაობა, უმეტესობა ექიმი იყო. ამიტომ მათი შვილებიც ექიმები უნდა ყოფილიყვნენ - ეს აპრიორი იყო იმ პერიოდში. მაგრამ, მე მე-9 მე-10 კლასში უკვე ჩამოყალიბებული ვიყავი, ჩემი პირადი გადაწყვეტილება იყო, რომ სამედიცინო ინსტიტუტში არ შევიდოდი. მე უნდა გავმხდარიყავი ეკონომისტი. ეკონომისტობა ისეთი არაპრესტიჟული იყო მაშინ, რომ გარკვეული ბარიერების მსხვრევა მომიხდა. ჩემი მშობლების თხოვნა ჩემთვის ძალიან ღირებული იყო. ამიტომ, ადვილი არ იყო ამაზე უარის თქმა. მაგრამ, საინტერესო წიგნებმა გამიტაცა და ჩემი მიზანიც მკაფიოდ ჩამოყალიბდა.
-მათ შორის იყო როკფელერის ბიზნესისტორია. გახდით ქართველი როკფელერი?
-არა, ეს არ არის ჩემი მთავარი ამოცანა. ჩვენ თანხებს არ ვითვლით. მთავარია, ბიზნესი წარმატებული და მომგებიანი იყოს - გვაძლევდეს სამართლიან მოგებას. გვსურს, ჩვენი წვლილი შეგვქონდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. რაც შეეხება ჯონ დევისონ როკფელერის ისტორიას, მან ისევე როგორც ჩვენ, ნულიდან დაიწყო ბიზნესის კეთება. ძალიან რთული პერიოდი გაიარა და პირველი მსხვილი ბიზნესმენი გახდა. იმ პერიოდში, მე-19 საუკუნის 70-80-იან წლებში, ეს იყო პირველი ადამიანი, ვინც მსოფლიო ასპარეზზე ყველაზე ძლიერი ბიზნესმენი გახდა. მის მიერ შექმნილი კომპანია Standard Oil იყო მსოფლიოში პირველი კომპანია, რომელიც საავიაციო ნავთის 70%-ს აკონტროლებდა მსოფლიოში. მაშინ ბენზინი და დიზელი არ არსებობდა. საავიაციო ნავთი მაშინ სახლებში ნათურებისთვის გამოიყენებოდა და მასზე ძალიან დიდი მოთხოვნა იყო. სხვათა შორის, როცა პირველი ჩვენი კომპანია შევქმენით ნავთობსექტორში, სკოლიდან გამოყოლილმა შთაგონებამ მიკარნახა მისი სახელწოდება და ”სტანდარდ ოილი” დავარქვით.
-ცოტა უცნაურია, რომ საწყისი კაპიტალი, რომლითაც თქვენ ბიზნესი დაიწყეთ, სესხად აღებული ფული იყო. იმ დროს ეს შესაძლოა ჩვეულებრივი ამბავიც ყოფილიყო, მაგრამ ახლა წარმოუდგენელია, გასესხოს ფული ვიღაცამ საპროცენტო სარგებლის გარეშე.
- ნაწილობრივ ჩვენც საპროცენტო სარგებლით ვისესხეთ ფული, მაგრამ იმ დროს დიდი თანხის აკუმულირება საჭირო არ იყო, რომ პატარა ბიზნესი დაგეწყო. შემდეგ ეტაპზე, როცა უკვე ნავთობსექტორში შევედით, ჩვენ გვყავდა ერთი უცხოელი პარტნიორი, შემდეგ კიდევ დაგვემატა და ეს ადამიანები გვენდნენ ჩვენ. ბიზნესი არის ნდობა. უნდა იყო სამართლიანი და წესიერი ყველასადმი. ბიზნესმენი გამოირჩევა წესიერებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთ-ორ წელიწადში ბიზნესი აღარ იარსებებს. არაკეთილსინდისიერ პარტნიორთან ურთიერთობას არც ბანკი დაიჭერს, არც რომელიმე ბიზნესკომპანია და მას მომავალი არ ექნება.
-მოუტყუებიხართ ბიზნესში? ხშირად ყოფილა ასეთი შემთხვევები?
-შეიძლება თავი მოგვიტყუებია... არ გვინდოდა კონფლიქტები... კარგი გამოცდილება დაგვიგროვდა, ძალიან ბევრს ვშრომობდით საკუთარ თავზე განვითარებისთვის რომ მიგვეღწია. ასე რომ, მეტნაკლებად ვხვდებოდით, ვინ იტყუებოდა და ვინ არა. კონფლიქტებს სულ ვერიდებოდით, თითქმის არც მახსენდება კონფლიქტური სიტუაციები. ეს ცხოვრება ხომ კომპრომისებისგან შედგება, მათ შორის ოჯახშიც და ბიზნესშიც რომელიმე მხარე უნდა გრძნობდეს, რომ კომპრომისი საჭიროა.
- რა არის ის ძალა, რომელიც მართავს დიდ ბიზნესს? რა როლი აქვს ინტუიციას დიდი ბიზნესის მართვაში?
-არსებობს წარმატებისთვის რაციონალური და არარაციონალური ფაქტორები. რაციონალური ფაქტორებია: კარგი განათლება, მიზანდასახულობა, ნებისყოფა და ა.შ. რაც შეეხება არარაციონალურ ფაქტორებს, ასეთი გახლავთ მაგალითად ინტუიცია. ჩემთან დღის განმავლობაში უამრავი ადამიანი მოდის იმისთვის, რომ მე გარკვეულ საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მივიღო. წარმოიდგინეთ კატეგორია მენეჯერებისა, რომლებსაც უჭირთ გადაწყვეტილების მიღება, ორჭოფობენ და ამას თანამშრომლები ხედავენ. მე ამის არ მეშინია და ყოველთვის ვიღებ გადაწყვეტილებას. რაც მთავარია, მას ყოველთვის პატივს ვცემ. ვერ გეტყვით, ზუსტად რამდენი პროცენტია თითო გადაწყვეტილებაში ინტუიციით ნაკარნახევი, ხოლო რამდენი გამოცდილებითა და ცოდნით ნაკარნახევი, თუმცა ინტუიციას თავისი ადგილი აქვს ჩემს ნებისმიერ გადაწყვეტილებაში. რა არის ჩემთვის ინტუიცია? - თუ გინდა იყო წარმატებული, რამდენიმე თვით ან წლით ადრე უნდა დაინახო ის, რასაც სხვა ვერ ხედავს.
- ერთი შეხედვით, ბაზრის ყველა სეგმენტი ათვისებულია, ახლა რომ იწყებდეთ ბიზნესს, სად ჩადებდით ფულს?
-”ვისოლ ჯგუფი” არის ორგანიზაცია, რომელიც ქმნის საცალო ქსელებს, ხდება საცალო ქსელების ფორმირება და მათი მართვა. ”ვისოლი”, ”ვისოლ-გაზი”, ”სმარტი”, ”ვენდი”, ”ვიანორი”, ”დანკინ დონატსი” - ყველა ეს კომპანია არის საცალო ქსელი. ასევე ჩვენ გვაქვს ”ალმა”, რომელიც არის სარეკლამო კომპანია, ძალიან საინტერესო ბიზნესია და ნაწილობრივ, ჩვენი მარკეტინგული საქმიანობისთვის გვჭირდება. თუმცა ის 80-90%-ით ემსახურება მესამე პირებს. გვაქვს კომპანია ”ველაჯიო”, რომელიც სამშენებლო კომპანიაა. საცალო ქსელის განვითარებისთვის საჭიროა უძრავი ქონება, საცალო ქსელის ფორმირებისთვის კი საჭიროა სამშენებლო ბიზნესი. ვისოლ ჯგუფი მაქსიმალურად ფოკუსირებულია ერთ სფეროზე. ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი წინადადება მივიღეთ, უკანასკნელი წლების განმავლობაში, რომ ჩვენი კაპიტალი, ინვესტიციები სხვადასხვა სფეროში ჩაგვედო. ყოველთვის გვაქვს ერთი ხაზი. მაქსიმალურად ფოკუსირება იმ ბიზნესზე, რომელშიც ჩვენ ფეხი გვიდგას. მექუდემ ქუდი უნდა კეროსო, ნათქვამია. ადამიანმა იმ საქმეს უნდა მოკიდო ხელი, რომელიც ძალიან გიყვარს და ძალიან კარგად იცი. ამიტომ არის, რომ ვისოლ ჯგუფის ნებისმიერი კომპანია, რომელიც ჯგუფში ერთიანდება, აკეთებს ერთ საქმეს - ეს არის საცალო ქსელი. ზოგი რესტორანია, ზოგი სუპერმარკეტი, ავტოგასამართი სადგური, ტექმომსახურების ობიექტები - ყველა ეს ბიზნესი არის საცალო ქსელი. თუ ეს ნიშა იქნება საცალო ქსელთან დაკავშირებული, ჩვენ შეიძლება 2-3 წლის შემდეგ კიდევ ახალი პროექტი დავიწყოთ, თუმცა ამ რამდენიმე კვირის წინ დავიწყეთ ”დანკინ დონატსის” განვითარება საქართველოში: უნდა გავაკეთოთ 35 რესტორანი, ჯერ 2 რესტორანი თბილისში, წლის ბოლოს კი 10 რესტორანი გვექნება. 35 რესტორანს დრო, ენერგია და დიდი შრომა სჭირდება. ასევე, უნდა დავამატოთ, ”ვენდის” რესტორნები, ”სმარტის” სუპერმარკეტები. ”ვისოლიც” რამდენიმე სადგურს დაამატებს. ასე რომ, საკმაოდ დაკავებულები ვართ რამდენიმე წელი და მერე ვნახოთ.
- ახლა ყველაზე აქტუალური კითხვაა გააიაფებთ თუ არა კიდევ საწვავს?
- 15 წელია, ამაზე არის საუბარი, ასე იქნება მომავალშიც, ამას ჩვენ მიჩვეული ვართ. მე, როგორც მომხმარებელს, იგივე პოზიცია მექნება და ყოველთვის მოვითხოვ საწვავის კიდევ უფრო გაიაფებას. რაც შეეხება მეორე მხარეს, ჩვენ ათჯერ თუ თერთმეტჯერ გავაიაფეთ და ჯამში, 50 თეთრით არის გაიაფებული საწვავი. და კიდევ მოგვეცემა საშუალება. სამწუხაროდ, რამდენიმე დღეა, ტრენდი შეტრიალდა ბაზარზე, ფასები ცოტა ზემოთ წავიდა. ამ ტრენდს დაველოდებით და როცა უკვე ახალ შესყიდვებს გავაკეთებთ, ვნახოთ იმ მომენტში როგორი იქნება ჩვენი თვითღირებულება. აქედან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ კუთხით. დაბალი ფასი ჩვენ უფრო გვაწყობს, ვიდრე მომხმარებელს, ორი ფაქტორის გამო: როცა დაბალია ბენზინის და დიზელის საავტომობილო საწვავის ფასი, მოხმარება უფრო მაღალია. და მეორე, ჩვენ თუ გვჭირდებოდა X თანხა (რამდენიმე მილიონი - საკმაოდ ძვირი ჯდება საბერძნეთიდან საწვავის გემებით შემოტანა), ახლა ჩვენ გაცილებით ნაკლები რესურსის ჩადება გვჭირდება იმისთვის, რომ ყოველ თვე ერთი-ორი გემი შემოვიტანოთ საბერძნეთიდან. ჩვენ ეკოდან მოგვაქვს საწვავი. ამ მხრივ საბრუნავ სახსრებზე მოთხოვნა შემცირდა და კომპანიისთვის ძალიან მომგებიანია. როდესაც გაცილებით ნაკლები საბრუნავი სახსრების მოზიდვა გვჭირდება კომერციული ბანკებისგან და იმისათვის, რომ მოვახდინოთ საწვავის იმპორტი.
ბოლო დროს ძალიან ბევრს საუბრობენ საწვავის ფასზე და ბუნებრივია, ეს გასაგებიც არის. ეკონომიკის ერთ-ერთმა ექსპერტმა თქვა ცოტა ხნის წინ, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში ყველამ კარგად იცოდა, რა იყო საქართველოში მე-9 ბლოკი, ახლა ყველამ კარგად იცის, რა არის პლატცის ფასი, ეს არის საერთაშორისო ფასი ნავთობპროდუქტებზე. დღეს, როცა საერთაშორისო ფასი ნავთობპროდუქტებზე, იგივე ბენზინზე, არის 580 დოლარის ფარგლებში, ანუ თითქმის განახევრებულია თუნდაც ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელთან. ლოგიკურად, ასე ფიქრობენ, რომ სწორედ ამ პროცენტული მოცულობით უნდა იყოს გაიაფებული ფასი საქართველოშიც. 50-60%-ით. რატომ არ არის ამხელა კლება?
-სანამ ფასების შემცირების ტრენდი დაიწყებოდა საერთაშორისო ბაზარზე, ფასი იყო დაახლოებით, 2ლარი და 20 თეთრი. დღეს რეგულარის ფასი არის 1.60 , ასევე გვაქვს არაბრენდული სადგურები, სადაც ვისოლი არ აწერია, სადაც ინვესტიცია არ არის ჩადებული, ამიტომ იქ შეგვიძლია კიდევ უფრო დაბალი ფასი გვქონდეს და ეს არის 1.50. თუ ავიღებთ იმ ფაქტს, რომ სხვადასხვა ფაქტორებით გამოწვეულმა პროცესებმა განაპირობა ლარის კურსის დევალვაცია, მაშინ მიხვდებით, რომ ეს ფასი აბსოლუტურად რეალურად ასახავს იმ ვითარებას, რომელიც არის ქვეყანაში. დღეს რომ იყოს კურსი ერთ დოლართან: 1,70 ბუნებრივია ბენზინის ფასი გაცილებით ქვედა დონეზე იქნებოდა. თუმცა, კიდევ ვამბობ, რომ ათჯერ თუ თერთმეტჯერ გაიაფდა საწვავის ფასი.
რეზიუმეს სახით რომ ვთქვათ, ჩვენ ყოველთვის მივყვებით ტრენდს, რომელიც არის საერთაშორისო ბაზარზე, რაც შეეხება პლატცებს, ძალიან კარგია, რომ მოსახლეობამ იცის, რა არის პლატცი. ჩვენ დიდი ოთხეულიდან უკვე ათი წელია გვამოწმებს, აუდიტს ატარებს ერთ-ერთი კომპანია, ვაქვეყნებთ ჩვენს ფინანსურ ანგარიშგებას ვებგვერდზე, ასევე ჩვენი ფინანსური ანგარიშგება ყოველთვის არის საგადასახადო ორგანოებში, ამიტომ ყოველთვის ამას ვამბობთ - როცა რაღაც შეკითხვაა, კონკრეტული მონაცემების შესწავლა უნდა მოხდეს და აღმოჩნდება, რომ განცხადება, თითქოს ლიტრაჟში ამხელა მოგებაა, არ ყოფილა სწორი...
-ერთი ლარი რომ მიდიოდა ნაციონალების ჯიბეში...ნამდვილად მიდიოდა ლარი მათ ჯიბეში?
-ერთი ლარი რომ საწვავის ფასს დაამატოთ, ნონსენსია ეს. ამაზე კომენტარის გაკეთება რთულია, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა. ყოველთვის, როცა რაღაც შეკითვა არსებობს, შეიძლება პროფესიულად ამის შესწავლა. როცა, მით უმეტეს, კომპანიას ამის პრობლემა არ აქვს - დაჯდეს ნებისმიერ ადამიანთან და ციფრებით გაიაროს, რა იყო გუშინ, რა იყო გუშინწინ, რა არის დღეს, რას ფიქრობს ხვალ და ეს მონაცემები ღიაა.
-ახლა თუ ხართ ამ პროცესში. ვიცით, რომ კონკურენციის სააგენტო სწავლობს ამ ბაზარს. პრემიერ-მინისტრის ინიციატივა იყო ეს...
- ძალიან კარგი ინიციატივაა, მე მივესალმები ამ ინიციატივას. პრემიერ-მინისტრმა აბსოლუტურად კორექტულად თქვა: შეისწავლეთ და გვითხარით, რა ხდება. აბსოლუტურად სწორია ჩვენთვისაც და მისთვისაც. ხელისუფლებას ეცოდინება რეალური ვითარება და კომპანიებიც იტყვიან - მე ვმუშაობ ასე.
-შუამავალ კომპანიებზე იყო საუბარი...
-მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, "ვისოლს" არ ჰყავს შუამავალი კომპანია. ”რომპეტროლიუმს” შემოაქვს და ჩვენ ავტოგასამართ სადგურებზე ვყიდით, ამიტომ ჩვენს ქსელში, საცალო ბიზნესში საშუამავლო კომპანია არ არსებობს, არც არასოდეს ყოფილა. ამას ხომ შეისწავლიან, ნახავენ. მე ღიად, ნებისმიერ ადამიანთან შემიძლია დავჯდე და ვისაუბროთ ამ თემაზე. სახელმწიფო სტრუქურები სწავლობს? ძალიან კარგია. ჩვენ ვიყავით მათთან, ჩვენი კოლეგები შეხვდნენ მათ, და პირიქით, მზადყოფნას გამოვხატავთ, რომ ღია საუბარი გვქონდეს მათთან და ყველა დეტალი ერთხელ და სამუდამოდ იყოს შესწავლილი.
სტატიის ინგლისური ვერსია იხილეთ ბმულზე: Georgian Rockefeller’s Business Empire that Started with a Sweater