პალესტინელმა სტუდენტებმა სპეციალური ჟილეტი შექმნეს, რომელიც უსინათლოებს გადაადგილებაში დაეხმარება.
ჟილეტი სენსორებით არის აღჭურვილი, რომელიც მოსალოდნელი დაბრკოლებების შესახებ მომხმარებელს წინასწარ აწვდის ინფორმაციას. კერძოდ, ვიბრაციითა და ხმოვანი შეტყობინებით იგებს უსინათლო, რომ მოსალოდნელია ბარიერი. "ეს შესაძლოა, ჯოხის ალტერნატივა იყოს. ეს ჟილეტი წინასწარ გატყობინებს დაბრკოლება მარჯვნივაა თუ მარცხნივ, ეს შესანიშნავი გამოგონებაა", - აღნიშნა ერთ-ერთმა უსინათლომ, რომელიც სპეციალურ ჟილეტს უკვე ატარებს.
როგორც ჰებრონის უნივერსიტეტის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანმა, რამზი ალ-ქავამმა განაცხადა, სტუდენტების გამოგონება აღსანიშნავი ფაქტია: "სტუდენტებმა შეზღუდული რესურსების მიუხედავად, შეძლეს პროექტის სისრულეში მოყვანა. მას კიდევ ბევრი რამ აქვს დასახვეწი, რისთვისაც სტუდენტებს ფინანასური და მორალური მხარდაჭერა სჭირდებათ".
თავად გამოგონების ავტორები ამბობენ, რომ სპეციალური ჟილეტის შექმნის მიზანს უსინათლოების საზოგადოებაში ინტეგრირება და მათი ცხოვრების გამარტივება წარმოადგენს.