სწავლა უფასოა, თუმცა ჯგუფში მოსახვედრად ახალგაზრდებს საკმაოდ რთული ეტაპების გავლა უწევთ. ტრეინინგის მონაწილეები ორგანიზაციას, ახალგაზრდა ინოვატორთა კლუბებს შექმნიან. ორგანიზაციის ძირითადი მიზანი ქვეყანაში ინოვაციური ინიციატივების ხელშეწყობა იქნება.
ტრენინგის მიზნებსა და ამოცანებზე, გრძელვადიან პერსპექტივაში მისაღებ შედეგებზე და მოსალოდნელ სარგებელზე "ბპნ.გე"-ს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს უნარების და კონკურენტუნარიანობის განვითარების სამსახურის უფროსი გიორგი კინწურაშვილი ესაუბრა:
- ტრენინგის მიზანია ინოვატორ, ღია აზროვნების მქონე სტუდენტებს თავიანთი ინიციატივების განსახორციელებლად სხვადასხვა სახის ჯგუფებისა და ორგანიზაციების ფორმირებაში დაეხმაროს. ჩვენ უკვე ჩავატარეთ ორი ნაკადის ტრენინგი თემაზე - "ინოვაციებისა და ინიციატივების მართვა". საერთო ჯამში, ტრენინგში 60 სტუდენტი მონაწილეობდა. მათგან 14 საუკეთესო ახალგაზრდა შეირჩა, რომლებმაც პასუხები გასცეს სხვადასხვა შეკითხვებს, დაწერეს თემები. ისინი დასახავენ კონკრეტულ გეგმებს, ჩამოაყალიბებენ კონკრეტულ ჯგუფებს. ორი დღის განმავლობაში იმუშავებენ ჯგუფის ინტერესების ჩამოყალიბებაზე, კონკრეტული აქტივობების დაგეგმვაზე, ორგანიზაციის სტრუქტურის გამართვაზე, სახელის, სლოგანის, ლოგოს შემუშავებაზე.
- ვინ არიან ტრენერები და რა კრიტერიუმებით შეირჩნენ ტრენინგის მონაწილე ახალგაზრდები?
- ორთვიან ტრენინგამდე მონაწილეებს საკმაოდ რთული შესარჩევი ეტაპის გავლა მოუხდათ. ყოველთვის უწევთ თემის დაწერა, საიდანაც ვიგებთ რამდენად ღიად მოაზროვნეა ადამიანი, რამდენად მზად არის განსხვავებულ იდეებზე მუშაობისათვის, რამდენად შეეჭიდება სირთულეებს. ჩატარდა გასაუბრებები, ახალგაზრდებს კონკრეტული დავალებები ჰქონდათ, რათა გაგვეგო რამდენად დიდი იყო მათი მოტივაცია. ამის შემდეგ, შეირჩნენ ჯგუფები. ორთვიანი ტრენინგის განმავლობაში ახალგაზრდებმა საქართველოში საუკეთესო ტრენერებთან იმუშავეს, ყვარელში კი ტრენერები იქნებიან ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე და ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრის ხელმღვანელი გიორგი ყანჩაველი. რაც შეეხება მოანწილეებს, ისინი სხვადასხვა კურსის სტუდენტები არიან. ტრეინინგში მონაწილეობა უფასოა, თუმცა რთულია შესარჩევი ეტაპი, რომელიც აპლიკანტებმა უნდა გაიარონ. შერჩეული არიან ახალაგზრდები, რომლებსაც გაერთიანების და საერთო ჯგუფების ჩამოყალიბების სურვილი აქვთ. ორი დღის განმავლობაში მონაწილეებს ავუხსნით ფუნდამენტურად რა არის საჭირო ორგანიზაციის შესაქმნელად, როგორი უნდა იყოს სტრუქტურა, როგორ უნდა დაიგეგმოს აქტოვობები. ამას გარდა, ინოვაციური აზროვნების მიმართულებით განსახორციელებელი პროექტების შესახებ იდეების გენერირება მოხდება.
- როგორც ვხვდები, ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია აპლიკანტი იყოს ნოვატორი, ჰქონდეს განსხვავებულად აზროვნების უნარი, კრეატიული იდეები. ამ შემთხვევაში, რაში გამოიხატება ეს ყველაფერი?
- ისინი თვითონ გამოიჩენენ ინიციატივას ჩაატარონ სხვადასხვა სახის ღონისძიებები, რომელიც განსხვავებულია და არ არის ისეთი, როგორიც მანამდე ტარდებოდა. მათ აქვთ მიზნები ხელი შეუწყონ სხვებს, გახდნენ ინოვაციური და კრეატიულები. თვითონ უნდა განახორციელონ განსხვავებული, ამბიციური პროექტები, რომლებიც ცვლილებებს მოახდენს საზოგადოებაში, რაღაცას უკეთესობისკენ შეცვლის.
- თუ შესაძლებელია გაიხსნეთ რომელიმე კონკრეტული მაგალითი, რითი არიან აპლიკანტები გამორჩეულები?
- არიან მონაწილეები, რომლებიც ლაბორატორიებში სხვადასხვა პროექტებს ახორციელებენ. მაგალითად, ტრენინგის ფარგლებში გვქონდა კონკურსი, ბიზნესმარათონი, სადაც სტუდენტებმა შეზღუდული რესურსით, 20 ლარით შეძლეს ბიზნესის წარმოების მოფიქრება და კონკრეტულ გამოფენა-გაყიდვაზე შედეგების ჩვენება. ერთ-ერთმა გუნდმა ერთ დღეში 400 ლარამდე შემოსავალი მოაგროვა. ჰქონდათ ლაბორატორიებთან წვდომა, ისწავლეს ახალ დანადგარებზე მუშაობა და ტრენინგის განმავლობაში დაიწყეს თავიანთი ბიზნესი. გარდა ამისა, ერთი გოგონა ქუჩის ხელოვნების მიმართულებით ხატავს. ძალიან გახსნილი აზროვნების, კრეატიული ახალგაზრდები არიან, რომელთაც შეუძლიათ დაიწყონ თავისი ბიზნესი, შეუძლიათ ჩაატარონ სხვადასხვა პროექტები, ტრენინგები.
- სამომავლო, გრძელვადიან პერსპექტივაში რა სარგებელს მოუტანს ახალგაზრდებში ჩადებული ინვესტიცია, ტრეინინგები საქართველოს, ქვეყნის ეკონომიკას?
- შეიქმნება დამოუკიდებელი ჯგუფები, რომლებიც თავისი ინიციატივების, პროექტების საფუძველზე ძალიან ბევრ კარგ დადებით ცვლილებას განახორციელებენ. საწყის ეტაპზე მათ სააგენტო ხელს შეუწყობს, მაგრამ იდეაა, რომ დამოუკიდებელ ორგანიზაციებად განვითარდნენ, რომლებიც თავიანთ პროექტებს განახორციელებენ და ინიციატივები მხოლოდ სააგენტოს მხრიდან არ წამოვა. შეიქმნება ცალკე ორგანიზაციები, რომლებიც ამ სფეროში ძალიან ბევრ კარგ პროექტებს განახორციელებენ და ახალგაზრდებს ჩართავენ.
- კიდევ როდის ჩატარდება მსგავსი ტრეინინგები და ვის ექნება მასში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა?
- ტრეინინგებს ხშირად ვატარებთ. მომდევო ტრეინინგები შემოდგომაზე, ასევე წლის ბოლოს გაიმართება და მასში მონაწილეობა უფასო იქნება, თუმცა მოხვედრა რთულია.
- თუ შეიძლება მოკლედ, უშუალოდ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საქმიანობასა და მიზნებზეც ვისაუბროთ. როგორც ცნობილია, ტრეინინგს ფინანსურად თავისი რესურსებით სწორედ სააგენტო ფარავს.
- სააგენტო შეიქმნა იმისათვის, რომ ქვეყანაში ინოვაციების სისტემა განვითარდეს. სააგენტოს მთავარი ფუნქციაა საქართველოში მეტი იდეის გაჩენა და მათი კომპანიებად ქცევა ხდებოდეს. გარდა იმისა, რომ ამისათვის საჭიროა ინფრასტრუქტურული, ფინანსური რესურსები, საჭიროა არსებობდეს ხალხი, ვინც ამ იდეებზე მუშაობს. ამიტომ, მნიშვნელოვანია საზოგადოებაში არსებობდეს კრეატივზე და ინოვაციებზე ორიენტირებული კულტურა. ვფიქრობთ, ახალგაზრდების მუდმივი გადამზადება, დატრენინგება, მაგალითების მიცემა ძალიან მნიშვნელოვანია.
ტრეინინგის საფუძველზე ჩამოყალიბებულ ჯგუფებს ტექნოპარკის რესურსებთან ექნებათ წვდომა. ტექნოპარკი ოქროყანაში, შემოდგომაზე გაიხსნება და ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ ოფისი, სამუშაო პირობები სწორედ ტექნოპარკის ბაზაზე ჰქონდეთ.
ანა მარშანია