ამერიკულმა ონლაინ-კინოთეატრმა Netflix საკუთარი სერვისი მსოფლიოს 130 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც ჩართო.
სერვისის ხელმომწერები, რომლებიც ერთთვიან მომსახურებას 7,99-დან 11,99 ევრომდე შეიძენენ, ნებისმიერი მოწყობილობითა და ნებისმიერ დროს შეძლებენ ფილმებისა და სატელევიზიო შოუების ყურებას.
გლობალური ჩაშვების შემდეგ Netflix ხელმისაწვდომი მსოფლიოს 190 ქვეყანაში გახდება.
„დღეს თქვენ გლობალური ინტერნეტ ტელევიზიის დაბადების მომსწრენი გახდით“, - განაცხადა კომპანიის თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა რიდ ჰესტინგსმა.
ამასთან ერთად, კომპანიაში აცხადებენ, რომ სერვისი ხელმისაწვდომი არ იქნება აშშ-ის სანქციების ქვეშ მყოფი ქვეყნებისა და რეგიონებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ონლაინ-კინოთეატრით სარგებლობის უფლება არ ექნებათ ყირიმს, სირიასა და კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკას.
ქვეყნების რაოდენობის გაზრდასთან ერთად, სერვისმა ასევე გააფართოვა ხელმისაწვდომი ენების რაოდენობაც და არსებულ 17 ენას კორეული, არაბული და ჩინური დაამატა.
საქართველოს ტერიტორიიდან სერვისის შეძენა სტანდარტული პლასტიკური ბარათით ან Paypal-ით არის შესაძლებელი. საწყისი პაკეტის ღირებულება თვეში 7.99 ევროა, რომელიც ერთ მოწყობილობაზე სტანდარტული გარჩევადობით სტრიმინგს გულისხმობს. HD-ვიდეოს ორ მოწყობილობაზე, ერთდროული ყურება კი, თვეში 9.99 ევრო ღირს.
სერვისით სარგებლობის დაწყება უფასოდ არის შესაძლებელი. 1-თვიანი საცდელი პერიოდისთვის მხოლოდ პლასტიკური ბარათის მონაცემების მითითებაა საჭირო, გაუქმება კი ნებისმიერ დროს შეიძლება. დაწყებიდან 30 დღეში საიტი შემდეგი თვის საფასურს ავტომატურად ჩამოჭრის.
Netflix 1997 წელს დაარსდა, ვიდეო-სტრიმინგი კი 2007 წელს ჩაუშვა. დღემდე Netflix-ის სერვისი ხელმისაწვდომი იყო მსოფლიოს მხოლოდ 60 ქვეყანაში. კომპანიას ამ ეტაპზე 70 მილიონი ხელმომწერი ჰყავს, რომლებიც ყოველდღიურად 125 მილიონი საათის კონტენტს - მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს, სატელევიზიო შოუებს, სერიალებს უყურებენ.
Netflix-ის მომსახურება ხელმისწავდომია ნებისმიერ მოწყობილობაზე, მათ შორის პერსონალურ კომპიუტერებზე, სმარტფონებზე, ტაბლეტებზე, Smart TV-ების უმეტესობაზე, სათამაშო კონსოლებზე Xbox, Playstation და სხვა.
გარდა ამისა, Netflix საკუთარი სერიალების წარმოებით არის დაკავებული, რომელთა შორის არის House of Cards.
იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე