გამოცემა „ფორბმა“ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში ბიზნესის მფლობელი მსოფლიოს 100 ყველაზე მდიდარი ადამიანის რეიტინგი გამოაქვეყნა.
„ფორბსის“ ცნობით, 2015 წლის ივლისიდან 2016 წლის ივლისის ჩათვლით პერიოდში მსოფლიოს 100 IT-მილიარდერის ქონება საერთო ჯამში 6%-ით გაიზარდა და 892 მილიარდი დოლარი შეადგინა. 100-დან 51 მილიარდერი ამერიკელია, მეორე ქვეყანა ყველაზე მეტი IT-მილიარდერით ჩინეთია, სადაც მათი რაოდენობა 19-ს აღწევს.
რეიტინგის თანახმად, მსოფლიოს ნომერ პირველი IT-მილიარდერი „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელი ბილ გეითსია, რმლის ქონებაც 78 მილიარდი დოლარია. პირველ სამეულში არიან „ამაზონის“ დამაარსებელი ჯეფ ბეზოსი, რომლის კომპანიის კაპიტალიზაცია 39%-ით გაიზარდა, ქონება კი 66 მილიარდი დოლარია, ხოლო მესამე პოზიციას მარკ ცუკერბერგი იკავებს 54 მილიარდი დოლარის ქონებით.
ბილ გეითსი - 78 მილიარდი დოლარი
Microsoft-ის დამაარსებელი ბოლო 22 წლის განმავლობაში 17-ჯერ დასახელდა მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანად. მიმდინარე საანგარიშო პერიოდში ბილ გეითსის ქონება „მაიკროსოფტის“ აქციების ხარჯზე გაიზარდა. ამერიკელმა მილიარდერმა წლეულს კომპანიის აქციების წყალობით ქონების 20% გაზარდა. „მაიკროსოფტის“ გარდა, ბილ გეითსი რამდენიმე მსხვილ კომპანიაში ახორციელებს ინვესტირებას, მათ შორის კანადის რკინიგზაში, ამერიკულ მანქანისმწარმოებელ კომპანიაში Deere&Co, ნარჩენების გადამამუშავებელ კომპანიაში.
ჯეფ ბეზოსი - 66,2 მილიარდი დოლარი
2015 წლის რეიტინგში ჯეფ ბეზოსი მესამე ადგილს იკავებდა 34,6 მილიარდი დოლარით, თუმცა წელს ერთი საფეხურით დაიწინაურდა, ქონება კი თითქმის გაიორმაგა.
„ამაზონის“ გარდა, ბეზოსი სათავეში უდგას აეროკოსმოსურ კომპანია Blue Origin-ს, რომელიც მრავალჯერადი რაკეტების გამოშვებითაა დაკავებული. მომავალში Blue Origin კოსმოსში ტურისტულ ფრენებს სწორედ მრავალჯერადი რაკეტით აპირებს. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება კოსმოსური ტურიზმი და რა ეღირება მოგზაურობა.
ბეზოსი დიდძალ თანხებს ძირითადად „ამაზონის“ აქციების გაყიდვით შოულობს. კომპანიის ბოლო კვარტულური ანგარიშის თანახმად, ამერიკელმა მილიარდერმა აქციებით ერთ დღეში თითქმის 800 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
მარკ ცუკერბერგი - 54 მილიარდი დოლარი
„ფეისბუქის“ დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი 100 IT-მილიარდერს შორის ყველაზე ახალგაზრდაა. „ფეისბუქის“ გარდა, ცუკერბერგის შემოსავლის წყარო „ინსტაგრაი“, Facebook Messenger და WhatsApp-ია.
ლარი ელისონი - 51,7 მილიარდი
1977 წელს, Oracle-ს დაფუძნებამდე ლარი ელისონი აშშ-ის სპეცსამსახურებში მუშაობდა. ამერიკელი მილიარდერი Oracle-ს გარდა, ფულს უძრავი ქონებიდან შოულობს. ელისონი ჰავაის კუნძულ ლანაიზე განთავსებული ყველა სასტუმროს მფლობელია. ის ასევე ფლობს სიბერის წინააღმდეგ მებრძოლ ფონდს და აფინანსებს ბიოსამედიცინო გამოკვლევებს, რომელიც მომავალში ასაკობრივ დაავადებებს გაუწევს წინააღმდეგობას.