ყოველწლიურად პარლამენტის ყოფილი წევრების კომპენსაციისათვის 4 მილიონ ლარზე მეტი გაიცემა

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" უზენაესი საბჭოს ყოფილი დეპუტატების მიერ სახელმწიფოსგან კომპენსაციის მოთხოვნის საკითხს ეხმაურება. არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, კანონის მიხედვით, პარლამენტის (უზენაესი საბჭოს) წევრის კომპენსაციის ოდენობაა მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის მესამედი, რაც შესაბამისად, ყოველთვიურად ხელზე 560 ლარს შეადგენს.

IDFI-ს კვლევიდან ირკვევა, რომ საქართველოს პარლამენტიდან მიღებული დოკუმენტაციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად მიმართა უზენაესი საბჭოს 171-მა წევრმა, 1992-1995 წლების მოწვევის პარლამენტის 138-მა წევრმა, 1995-1999 წლების მოწვევის პარლამენტის 177-მა წევრმა, 1999-2004 წლების მოწვევის პარლამენტის 164-მა წევრმა, 2004-2008 წლების მოწვევის პარლამენტის 139-მა წევრმა და 2008-2012 წლების მოწვევის პარლამენტის 53-მა წევრმა.

"1990-2016 წლებში ყოფილ პარლამენტის წევრებზე გაცემული პენსიის ჯამური ოდენობის მოთხოვნის პასუხად, პარლამენტის აპარატმა ინსტიტუტს განუმარტა, რომ პარლამენტის ყოფილი წევრისთვის სახელმწიფო კონპენსაციის დანიშვნას ახორციელებს სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტო და შესაბამისად აღნიშნული მონაცემები მათ არ გააჩნდათ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს საკუთარ ვებ-გვერდზე საქართველოს პარლამენტის წევრებზე გაცემული პენსიების შესახებ ინფორმაცია პრაქტიკულად განთავსებული აქვს 2008 წლის ივნისიდან დღემდე. როგორც ირკვევა, 2008 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ყოველთვიური სტიპენდია გაიცემოდა 633 საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრზე, 2009 წლის დეკემბრის მდგომარეობით - 639 წევრზე, 2010 წლის დეკემბრის მდგომარეობით - 632 წევრზე, 2011 წლის დეკემბრის მდგომარეობით - 641 წევრზე, 2012 წლის დეკემბრის მდგომაროებით - 643 წევრზე, 2013 წლის დეკემბრის მდგომარეობით - 668 წევრზე, 2014 წლის დეკემბრის მდგომარეობით - 668 წევრზე, 2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით - 665 წევრზე.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემების მიხედვით, 2008 წლის ივნისიდან 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით საქართველოს პარლამენტის ყოფილ წევრებზე სახელმწიფო კომპენსაციისთვის საჭირო თანხამ სულ შეადგინა 32 695 081 ლარი. ყოველწლიურად პარალმენტის ყოფილი წევრების კომპენსაციისათვის განსაზღვრულია დაახლოებით 4 მილიონ ნახევარი ლარი", - ნათქვამია ინსტიტუტის კვლევაში.

იხილეთ კვლევა სრულად