მცირე ბიზნესის დიდი ამბავი
მცირე ბიზნესის დიდი ამბავი
3 დეკემბერი / 2013
საქართველოში მცირე ბიზნესის განვითარების სააგენტო იქმნება.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირების შემდეგ, კიდევ უფრო აქტუალური გახდა პერსპექტივა, რომელიც კერძო სექტორისთვის მომავალში ევროპული ბაზრების გახსნას გულისხმობს. თუმცა ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ჯერჯერობით შენელებულია, სიღარიბე იმატებს და საერთაშორისო ორგანიზაციები მთავრობას ურჩევენ, ეს დრო რეფორმების გასატარებლად გამოიყენონ. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მცირე და საშუალო ბიზნესზე, რომელსაც საქართველოს ეკონომიკური დოვლათის შექმნაში ძალიან მცირე - მხოლოდ 19%-იანი წილი უდევს, მაშინ, როცა მეზობელ სომხეთში ეს მაჩვენებელი 42%-ია.

რთული ვითარებიდან გამოსავალი რომ იპოვო, ბუნებრივია, ჯერ პრობლემის მიზეზებს უნდა ჩასწვდე. ამ თვალსაზრისით ნიშანდობლივია მსოფლიო ბანკის კვლევა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში 300 მცირე, საშუალო და მიკროსაწარმო გამოიკითხა. დაახლოებით ერთი წლის წინ მთავრობამ ეკონომიკის ზრდის შესაძლებლობების შესასწავლად, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი მოიწვია. ეკონომიკის სამინისტროს თხოვნით, მსოფლიო ბანკმა შეაფასა ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობებიც.

კვლევაში ხაზგასმულია, რომ მსოფლიოში ათი სამუშაო ადგილიდან ცხრას კერძო სექტორი ქმნის და მსოფლიო მასშტაბით ყველა ფირმის 90%-ს სწორედ მცირე, საშუალო და მიკრობიზნესი წარმოადგენს. განვითარებულ ეკონომიკაში მცირე და საშუალო ბიზნესი მშპ-ის დაახლოებით 60% ქმნის და საექსპორტო შემოსავლების ძირითადი წყაროა. შესაბამისად, მცირე და საშუალო ბიზნესი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია სიღარიბის შესამცირებლადაც.

საქართველოში ბიზნესის დაწყების მიზეზად 63%-მა ის დაასახელა, რომ ვერ იშოვა სხვა სამსახური. მცირე და საშუალო კომპანიების დამფუძნებელთა 31,8%-ს ტექნიკური განათლება აქვს მიღებული, მაშინ როცა მეზობელ სომხეთში ეს მაჩვენებელი 3,6%-ია, აზერბაიჯანში კი 7,7%. სამაგიეროდ, მაგისტრის ხარისხის მქონე მცირე ბიზნესის დამფუძნებელი საქართველოში 17,7%-ია, სომხეთში - 75,3%, აზერბაიჯანში კი 26,6%.

მცირე ბიზნესს საქართველოში, ძირითადად, 40 წელს გადაცილებული ადამიანები იწყებენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოში უფრო იმ კომპანიების გაყიდვა იზრდება, სადაც ნაკლები ხალხი მუშაობს, რადგან მუშახელზე დიდი ხარჯის გაწევა უხდებათ, მოგების მარჟა კი ძალიან დაბალია. ამიტომაა, რომ მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, ჩვენთან მცირე და საშუალო კომპანიების მხოლოდ მცირე ნაწილი ახერხებს წლების განმავლობაში დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდას. ბოლო ხუთ წელში საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობა 14,3%-ით გაიზარდა, სომხეთში - 42,2%-ით.


საქართველოში ბიზნესს ფლობს მოსახლეობის 4%, მაშინ, როცა ევროპაში ეს მაჩვენებელი 6%-ია, ხოლო განვითარებად ქვეყნებში - 15%. მართალია, საქართველოში მაღალია დარეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა, მაგრამ მიკრო, საშუალო და
You must have Flash Player installed in order to see this player.
მცირე ფირმების რაოდენობა არ იზრდება. მეტიც - ბევრი ფირმა არსებობის პირველსავე წელს გამოდის ბაზრიდან.

ფირმების უმეტესობა არ არის ინოვატორი და ხასიათდება დაბალი პროდუქტიულობით. ბიზნესის წინაშე არსებულ სირთულეებს შორის სახელდება ფინანსებზე წვდომა, მაღალკვალიფიციური კადრების ნაკლებობა, მუდმივად ცვალებადი საგადასახადო რეგულაციები და მაღალი გადასახადები.

მეზობელ ქვეყნებთან შედარებით ჩვენთან ნაკლებად იზრდება ექსპორტი - 21,2% ბოლო ხუთ წელიწადში, მაშინ, როცა იმავე დროში სომხეთმა ექსპორტი 35,9%-ით გაზარდა, ხოლო აზერბაიჯანმა - 31,8%-ით. საქართველოში ნაკლებად ვითარდება ახალი, ინოვაციური სექტორები, აგრეთვე, ადამიანებიც არ გადადიან სამუშაოდ ახალ სექტორებში. მსოფლიო ბანკის მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ აუცილებელია ტექნიკური ცოდნის ბაზის განახლება, რაშიც ხელისუფლება აუცილებლად უნდა ჩაერიოს.

მსოფლიო ბანკი ურჩევს საქართველოს მთავრობას, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის ქვეყანაში თანმიმდევრული ნაბიჯები გადადგას, გრძელვადიანი პერსპექტივის გათვალისწინებით. ასეთია, მაგალითად, კონკურენციისა და ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის ჩამოყალიბება, საკუთრების უფლების განმტკიცება, ინვესტორებისთვის უსაფრთხოების კანონმდებლობის შექმნა, ექსპორტის წახალისება და მხარდაჭერა ბაზრებზე დასამკვიდრებლად.

რეკომენდაციებს შორის არის მცირე და საშუალო კომპანიებისთვის ფინანსებზე წვდომის გაადვილება, რაც ხარჯებსაც შეუმსუბუქებთ. მაგალითად, საქართველოში ათჯერ ძვირი ჯდება ფინანსებზე წვდომა, ვიდრე ჩინეთში და 30%-ით მეტი, ვიდრე სომხეთში. ამიტომაცაა, რომ ჩვენთან უფრო ძვირი ჯდება ღვინის დაყენება ვიდრე, ვთქვათ, ჩილეში ან წყლის ჩამოსხმა უკრაინაში, მიუხედავად იმისა, რომ მუშახელი ჩვენთან იაფია. ასევე, მსოფლიო ბანკი გვირჩევს დავხვეწოთ კანონმდებლობა, რათა კომპანიებმა დროულად შეძლონ ბაზრიდან გასვლა და საბანკო სექტორთან ახალი ურთიერთობების დაწყება. რეკომენდაციებს შორისაა მეწარმეობის ცნობადობის ამაღლება წარმატებული მეწარმეების ჩვენებით. მაგალითად, სომხეთსა და უკრაინაში პრაქტიკულად ყოველდღე ქვეყნდება პუბლიკაციები წარმატებულ მეწარმეებზე, განსაკუთრებით IT სფეროში.


საქართველოს ეკონომიკის მინისტრი აღნიშნავს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად წამოწყებული ახალი ინიციატივის - მცირე ბიზნესის განვითარების სააგენტოს შექმნის ერთ-ერთი საფუძველი საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები გახდა. სააგენტო უახლოეს მომავალში შეიქმნება და სამი წლის განმავლობაში დამწყებ მეწარმეებს 150 მილიონი დოლარით დააფინანსებს. როგორც ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ჩვენთან საუბრისას განმარტა, ბიზნესის განვითარების სააგენტოში დამწყები მეწარმეების იდეები "გაიცხრილება", მისაღები იდეები კი პროფესიონალი თანამშრომლების მიერ ბიზნესიდეებად შეიფუთება და მათი დაფინანსების საკითხს საბანკო დაწესებულებები განიხილავენ.

”მთავრობა ბანკებთან რისკს ნაწილობრივ გაიზიარებს. განსხვავებული იქნება საგირავნო მოთხოვნებიც. "ნებისმიერ ახალგაზრდას, რომელსაც ექნება ინოვაციური იდეები, შეუძლია სააგენტოში მოვიდეს და დაფინანსდეს. ეს უნდა იყოს საინტერესო ბიზნესიდეა, რომელიც, შესაძლოა, სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდეს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, სესხის მიზანი შეიძლება იყოს როგორც საწყისი და საბრუნავი კაპიტალის შევსება, აგრეთვე პროდუქციისა თუ სერვისის რეკლამირება.

ირაკლი ლექვინაძე (ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში): "საქართველოში დარეგისტრირებული საწარმოების დიდი ნაწილი პრაქტიკულად არ მუშაობს ან ძალიან მალე ჩერდება. ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია მცირე და საშუალო ფირმებისთვის, რომლებსაც სასიცოცხლო ციკლი ძალიან ხანმოკლე აქვთ. მიზეზი რამდენიმეა. ჯერ თვით ბიზნესის პრობლემებიდან რომ დავიწყოთ, ბევრი ადამიანი საქმეს ემოციურად, გათვლებისა და კვლევების გარეშე იწყებს. არ არის გაკეთებული ხარჯების ოპტიმიზაცია, არ არის კარგად შესწავლილი გარემო, გაყიდვის არხები და სქემები, ასევე არ ჰყავთ შესწავლილი კონკურენტები. საბოლოო ჯამში, ბევრი საწარმო არასაკმარისი განათლების გამო ვერ ვითარდება.

ამას დავუმატოთ ისიც, რომ საქართველოში ძალიან დიდია იმპორტის წილი. შესაბამისად, იმპორტიორ კომპანიებს აქვთ დიდი შესაძლებლობები, მე ვიტყოდი, უპირატესობებიც კი. ჩვენთან ბაზარი ღიაა და მათ იაფად შეუძლიათ პროდუქციის შემოტანა, გარდა ამისა, წლების განმავლობაში არ კონტროლდებოდა ხარისხი და იაფი პროდუქტიც შემოდიოდა. ამ მიზეზების გამო ადგილობრივი კომპანიები კონკურენტულად წამგებიან მდგომარეობაში იყვნენ.

მაღალია მცირე და საშუალო საწარმოების ხარჯები. მართალია, ჩვენთან გადასახადები არ არის დიდი, მაგრამ ენერგომატარებლების, კომუნალური და ექსპლუატაციის ხარჯები უფრო მაღალია, ვიდრე თუნდაც მეზობელ ქვეყნებში. კვების პროდუქტის წარმოება რომ ავიღოთ, ბუნებრივი აირის, წყლისა და ელექტროენერგიის ხარჯი საქართველოში კომპანიებისთვის გაცილებით მეტია, ვიდრე აზერბაიჯანში, სომხეთში ან თურქეთში. შეიძლება ითქვას, ჩვენთან მცირე ბიზნესისთვის არასდროს ყოფილა ხელსაყრელი პირობები. ძალიან გართულებულია მათთვის გარე ბაზრებზე წვდომაც, რადგან არ ჰყოფნით რესურსები და არც იმის პირობები აქვთ, რომ პროდუქციის სტაბილური მიწოდება შეძლონ.


ძალიან საინტერესოა, რა მხარდაჭერას შესთავაზებს ახალი სააგენტო მცირე და საშუალო კომპანიებს. $150 მილიონი მცირე თანხა არ არის. პირველ ეტაპზე ალბათ არსებითი იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებების კვლევა. დარწმუნებული ვარ, ბევრი პრობლემა გამოიკვეთება, რომლებიც დაკავშირებული იქნება დაბალ კვალიფიკაციასთან, ინფორმაციის სიმწირესთან, არათანაბარ კონკურენციასთან დაბალხარისხიანი იმპორტირებული პროდუქციის მხრიდან და რეკლამირებისთვის არასაკმარის თანხებთან. მნიშვნელოვანი იქნება ადამიანების მომზადება, რომ მათ სწორად მართონ ბიზნესი.

- ხომ არ უნდა შეიცვალოს დაბეგვრის რეჟიმი საწარმოების ამ სეგმენტისთვის?

- აქ ხელისუფლებას მეტი სიფრთხილე მართებს, რათა თუნდაც ამ შეღავათებისთვის, შედეგად არ მივიღოთ, მცირე საწარმოებად დანაწევრებული მსხვილი ბიზნესი. მიკროსაწარმოები, რომელთა ბრუნვა 30 ათასი ლარია, გათავისუფლებული არიან გადასახადებისგან, 30-50 ათასის შემთხვევაში ერთიანი ბრუნვის გადასახადი შემოდის, თუ მეწარმე ამის სურვილს გამოთქვამს. თუმცა არ მგონია, ეს მიდგომები ძალიან ეფექტური იყოს, შეიძლება კიდევ უფრო დახვეწა. საგადასახადო კოდექსში ბევრი საკითხია, რომლებიც, შესაძლოა, არა მხოლოდ მცირე კომპანიების, არამედ ზოგადად ბიზნესისთვის სასარგებლოდ შეიცვალოს - მაგალითად, მოგების გადასახადის ავანსად გადახდა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას, შესაძლოა, იმ წელიწადს მოგება სულაც არ ექნეს. კოდექსის ბევრ ტექნიკურ საკითხზე მუშაობაა საჭირო. ბევრი რამ თავად მცირე ბიზნესს უნდა ჰკითხონ. არის მაგალითები, რომლებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია.

ემა ტუხიაშვილი

წყარო : ”ეკოპალიტრა”
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერი“ 5 თვის შედეგებს აჯამებს. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, სტარტაპსესხით უკვე 50-მა სტარტაპერმა ისარგებლა და დამწყები ბიზნესების ხელშესაწყობად 2 მილიონი ლარის ფინანსური რესურსი გაიცა.
”სტარტაპ საქართველომ” დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, „ექსპო ჯორჯიას“ საგამოფენო ცენტრში ”ინოვაციური დიზაინის დეკორატიული აგურების წარმოების” პროექტის პრეზენტაცია გამართა.
ორი თვის წინ, ორი ახალგაზრდა გოგონას ინიციატივით ახალი სტარტაპი „სუში ჰოლიკი“ ჩამოყალიბდა.
ბაზარზე პრეზერვატივების ქართული ბრენდი „აიისა“ გამოჩნდა.
თვეზე მეტია, რაც ქართველების მიერ მოგზაურებისთვის შექმნილი მობილური აპლიკაცია - ხელმისაწვდომია. 
„სტარტაპ საქართველომ“ კონკურსში გამარჯვებული პროექტის - „ონლაინ კლინიკა“ პრეზენტაცია გამართა.

თუ გაქვთ იდეა და გსურთ საკუთარი სტარტაპის წამოწყება ან უკვე გაქვთ ახლადდაწყებული ბიზნესი – დაწყებითი ბიზნესისა და ინოვაციების საინვესტიციო ფონდი - „კედარიVentures“ მიზნის განხორციელებაში და წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

„სტარტაპ საქართველოს“ პროექტის „ავტომობილების ვერტიკალური პარკირების სისტემის“ პრეზენტაცია და მისი ტექნიკური გამოცდა „საქართველოს ვაგონმშენებელი კომპანიის“ ტერიტორიაზე გაიმართა.
„სტარტაპ საქართველომ“ კონკურსში გამარჯვებული პროექტის - ”ავტომობილების ვერტიკალური პარკირების სისტემა” პრეზენტაცია გამართა.
საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონის ეკონომიკური პროგრამების ხელმძღვანელს ჟენევიევ ბუაღოს შეხვდა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
24.07.2017
ქვეყანის ეკონომიკის განვითარების პრობლემებზე, ამ მიმართულებით ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე ”ინტერპრესნიუსი” პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი კოვზანაძეს ესაუბრა.
სრულად
24.07.2017
ძვირფასი ლითონი ინარჩუნებს აღამავალ ტრენდს და მყარდება. ტექნიკურ გამყარებას ხელს უწყობს ამერიკული დოლარის სისუსტეც.
სრულად
18.07.2017
გასული კვირის განმავლობაში ძვირფასმა ლითონმა აღმავლობის ტრენდი აჩვენა.
სრულად
15.07.2017
როდის და რომელ ადგილას მოიპოვებდნენ საქართველოში ნავთობს, რა კავშირი ჰქონდათ ამ საქმესთან ლეგენდარულ ძმებს სიმენსებს და ვინ იყვნენ პირველი ქართველები ნავთობის მოპოვების საქმეში
სრულად
13.07.2017
გამოცემა Eurasianet კენ სტირის სტატიას აქვეყნებს, სახელწოდებით „კანონის უზენაესობის უარყოფა საქართველოს საინვესტიციო კლიმატს აზარალებს“.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
27.07.2017
28.07.2017
USD
1
USD
2.3993
2.4022
EUR
1
EUR
2.7933
2.8125
GBP
1
GBP
3.1323
3.1579
RUB
100
RUB
4.0016
4.0430