ესტონეთით შთაგონებული ქართველი რეფორმატორები
ესტონეთით შთაგონებული ქართველი რეფორმატორები
9 იანვარი / 2017
ესტონეთსა და საქართველოს ბევრი რამ აკავშირებს. ორივე ქვეყანა საუკუნეების განმავლობაში იყო მოქცეული რუსეთის, გერმანიისა თუ ოსმალეთის/სპარსეთის იმპერიის მარწუხებში.
საერთო წარსული განაპირობებს, ალბათ, იმას, რომ საქართველო არის ესტონეთის თანამშრომლობის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. როგორც iset-pi.ge წერს, საქართველო არის ესტონეთის ორმხრივი განვითარების დახმარების უმსხვილესი მიმღები, რაც, მეტწილად, გულისხმობს ესტონეთის, როგორც ახალჩამოყალიბებული ევროპული დემოკრატიისა და ბიზნესისთვის უნიკალური გარემოს, გამოცდილების გაზიარებას.

უნიკალურობა უდიდესი აქტივია პატარა ქვეყნებისთვის, რომლებიც ცდილობენ საკუთარი ადგილი დაიმკვიდრონ ნიჭისა და კაპიტალის გლობალურ კონკურენციაში. უცხოელებისთვის საჩუქრად გადაცემული პატარა ღვინის ბოთლები სხვა არაფერია, თუ არა უნიკალურობის ხაზგასმა. ესტონეთს არ აქვს პრეტენზია, რომ ღვინის სამშობლოა, ის ვერც მთებით, წარმტაცი ლანდშაფტით, გულუხვი სტუმართმოყვარეობითა და მრავალხმიანი ფოლკლორით ვერ დაიკვეხნის. თუ არ ჩავთვლით საქვეყნოდ ცნობილ სკაიპს, ის ერთი დაბლობი, მეტისმეტად სუფთა და მოსაწყენად მწვანე ქვეყანაა.

თუმცა უცხოელებზე შთაბეჭდილების მოხდენის მეტად მწირი რესურსების ამარა დარჩენილი ესტონეთი განსაკუთრებულად ინოვატორი და უნიკალური ქვეყანაა, როდესაც საქმე ეკონომიკურ პოლიტიკას ეხება. 1992 წელს ესტონეთი იყო ერთადერთი გარდამავალ ეტაპზე მყოფ ქვეყნებს შორის, რომელმაც საკუთარი ვალუტა, კრონი, მიაბა ევროპულ ვალუტას სავალუტო საბჭოს სახელით ცნობილი ხისტი მექანიზმის გამოყენებით. ამით ესტონეთს სურდა ქვეყნის უნიკალური პოზიციისა და შედარებითი მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა ჰიპერინფლაციურ პოსტსაბჭოთა გარემოში. ესტონეთმა 2008 წლის ეკონომიკური კრიზისის დროსაც კი არ თქვა უარი სავალუტო საბჭოზე და არ გააუფასურა კრონი. ფულის გამოშვებისა და გაუფასურების ნაცვლად, მან გამოიჩინა პოლიტიკური სიძლიერე, შეამცირა ხელფასები და მიიღო რესტრუქტურიზაციის მტკივნეული ზომები.

ესტონური კორპორატიული საგადასახადო მოდელი

დანახარჯებზე დაფუძნებული ესტონური საგადასახადო მოდელი 21%-იანი განაკვეთით ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და მარტივ რეჟიმად მსოფლიოში. ეს რეჟიმი მოგების გადასახადის გადახდის პერიოდს გადაავადებს მოგების გამომუშავების მომენტიდან მის განაწილებამდე. შედეგად, გაუნაწილებელი მოგება არ ექვემდებარება დაბეგვრას, მიუხედავად იმისა მოხდა რეინვესტირება, თუ თანხა უბრალოდ, დარჩა კომპანიაში.


2000 წელს ესტონეთმა კიდევ ერთი თამამი ნაბიჯი გადადგა და ამჯერად კლასიკური კორპორატიული მოგების გადასახადი გააუქმა. ამ რეფორმის ძირითადი არსი იმაში მდგომარეობდა, რომ გადასახადის გადახდის მომენტი გადაევადებინა მოგების გამომუშავებიდან მის განაწილებამდე – ან პირდაპირი დივიდენდების სახით, ან არაპირდაპირი, შემოვლითი გზით (საჩუქრები, შემოწირულობები) და სხვა. საგადასახადო განაკვეთი მოგების ნებისმიერი სახით განაწილების დროს
You must have Flash Player installed in order to see this player.
არის 21%.

ამ რეფორმის ინოვაციურობა მაინცდამაინც შემოვლითი სარგებლის განაწილების თავიდან აცილებაში არ მდგომარეობდა (მსგავსი ბიზნეს დანახარჯები არ გამოიქვითება არცერთ ნორმალურ საგადასახადო რეჟიმში). ამ რეფორმის მიზანი იყო ბიზნესებისთვის სტიმულის შექმნა, რათა მოგება კომპანიაშივე დაეტოვებინათ ან რეინვესტიცია განეხორციელებინათ. რამდენადაც რეინვესტირება მნიშვნელოვანი საზრუნავი იყო, ახალმა საგადასახადო რეჟიმმა საშუალება მისცა კომპანიებს, მყისიერად გამოექვითათ განხორციელებული კაპიტალური დანახარჯები. ამან და კიდევ იმ ფაქტმა, რომ გაუნაწილებელი მოგება აღარ იბეგრებოდა, დადებითად იმოქმედა კომპანიების ფულად ნაკადებზე და ესტონურ კორპორაციებს საშუალება მისცა, მარტივად გამკლავებოდნენ მძიმე დღეებს.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ რეინვესტიცია ხელს უწყობს კომპანიის ღირებულების ზრდას, ესტონეთმა შემოიღო 21%-იანი გადასახადი განაკვეთი ქონების ან ფასიანი ქაღალდების გაყიდვით მიღებულ კაპიტალურ სარგებელზე. თუმცა 2011 წლის დასაწყისში გადაწყვიტეს, რომ საგადასახადო კოდექსი კიდევ უფრო გაემარტივებინათ. შესაბამისად, კაპიტალურ სარგებელზე გადასახადი მოიხსნა, თუკი ის სპეციალურ საინვესტიციო ანგარიშზე ჩაირიცხებოდა და მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიბეგრებოდა, თუ ამ ანგარიშიდან გამოიტანდნენ.

ესტონური მოდელის შეფასება

რადგან ესტონური რეფორმის მიზანი გახდა არა კორპორატიული შემოსავლის (მოცემულ ფისკალურ წელს), არამედ ფიზიკური პირის (დივიდენდები, შემოვლითი განაწილება ან კაპიტალური სარგებელი) დაბეგვრა, ესტონური კორპორაციები გადასახადებს ყოველთვიურად იხდიან, რითაც საგადასახადო შემოსავლების სეზონურობის ციკლის გასწორება ხდება. დამატებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დანახარჯზე დაფუძნებული საგადასახადო მეთოდის სარგებელი საგადასახადო აღრიცხვის და აუდიტის პროცედურების გამარტივებაა.

რეფორმის გატარებასთან ერთად, 2000 წელს კორპორატიული საგადასახადო შემოსავალი ბიუჯეტში მნიშვნელოვნად შემცირდა. 1999 წელთან შედარებით, კორპორატიული საგადასახადო შემოსავალი თითქმის განახევრდა და 1638,8 მილიონიდან (რაც მშპ-ის 2% იყო), 854,5 მილიონ კრონამდე (მშპ-ის 0,92%) შემცირდა. შემდეგ წლებში აღნიშნული მაჩვენებელი უმჯობესდებოდა და 2004 წელს მან სულ რაღაც 2,522 მილიონი კრონა (მშპ-ის 1,78%) შეადგინა.

2000-2004 წლებში ესტონეთში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) მნიშვნელოვნად გაიზარდა: 1999 წელს 284 მილიონი ევროდან 2000 წელს 424 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო 2004 წლისთვის უკვე გასამმაგდა. თუმცა, როგორც ბელაკმა & ლეიბრეხტმა (2009 წ.) აჩვენეს, შეუძლებელია, რომ ეს მკვეთრი გაუმჯობესება მხოლოდ საგადასახადო რეფორმას მივაწეროთ. ამ პერიოდში ესტონეთში FDI-ის შემოდინება ბევრი სხვა მიზეზის ბრალი შეიძლებოდა ყოფილიყო, როგორიცაა, მაგალითად, ბაზრის ზომა, სამუშაო ბაზარი და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

მასო, მერიკული & ვაჰტერის (2011 წ.) კვლევა აჩვენებს, რომ კორპორატიულმა საგადასახადო რეფორმამ ესტონურ კომპანიებში გაზარდა ლიკვიდური აქტივების მოცულობა და შეამცირა ვალით დაფინანსება. კვლევა, ასევე, ადასტურებს დადებით ეფექტებს ინვესტიციებსა და შრომის მწარმოებლურობაზე. ავტორების აზრით, მოვლენების ასეთმა განვითარებამ ხელი შეუწყო ფირმების მდგრადობას, რის გამოც ესტონეთში მომუშავე კომპანიები მარტივად გაუმკლავდნენ 2008 წლის ფინანსურ კრიზისს.

გაკვეთილი საქართველოსთვის

მიუხედავად იმისა, რომ ესტონური საგადასახადო მოდელი ძალიან პერსპექტიული ჩანს, საქართველოს შემთხვევაში მას გარკვეული რისკებიც ახლავს თან. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს უკვე აქვს მნიშვნელოვნად ლიბერალიზებული საგადასახადო გარემო, ესტონური სისტემის ეფექტი შეიძლება შედარებით დაბალი იყოს.

პირველ რიგში, ესტონეთისაგან განსხვავებით, საქართველოს ბიუჯეტი უფრო მეტად არის დამოკიდებული მოგების (კორპორატიულ) საგადასახადო შემოსავალზე. ამჟამად 15%-იანი მოგების გადასახადი (დარჩენილი მოგება) ან დივიდენდზე გადახდილი 20% საქართველოს ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებში მესამე ადგილზეა (დღგ-ისა და საშემოსავლო გადასახადის შემდეგ) და მთლიანი საგადასახადო შემოსავლების საშუალოდ 12%-ს, ხოლო საბიუჯეტო დანახარჯების 10%-ს შეადგენს.

ცხადია, კორპორატიული გადასახადის გაუქმებამ საქართველოში მოკლევადიან პერიოდში საბიუჯეტო შემოსავლები შეიძლება უფრო მეტად დააზარალოს, ვიდრე ეს 2000 წელს ესტონეთში მოხდა (1999 წელს ესტონეთის ბიუჯეტში კორპორატიული საგადასახადო შემოსავალი მთლიანი საგადასახადო შემოსავლის 6%-ს შეადგენდა). იმისათვის, რომ ამ რისკის მინიმიზაცია მოხდეს, შესაძლებელია ამ რეფორმის განხორციელების წლებზე გადანაწილება. მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოსავალი მიმდინარე ფისკალური წლის კრიზისს თავიდან აიცილებს, ასეთი ეტაპობრივი მიდგომა გადაავადებს საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის პროცედურების გამარტივებით მიღებულ სარგებელს, არადა ამ მოდელის ძირითადი არსიც სწორედ ეს არის. 1%-იანი საგადასახადო მოდელიც კი აიძულებს ბიზნესებსა და შემოსავლების სამსახურს, მიმდინარე საკმაოდ მძიმე საგადასახადო ადმინისტრირების რეჟიმში დარჩნენ.

შესაძლო სასურველი მიდგომა იქნება, ესტონური მოდელის დაუყოვნებლივ განხორციელება საბიუჯეტო დანახარჯების შემცირებასა და/ან სხვა გადასახადის დროებით ზრდასთან (მაგ.: დღგ) ერთად. გადასახადის დროებით გაზრდის (3 წლით) საშუალებას ეკონომიკური თავისუფლების აქტი იძლევა. დღგ-ის 3 წლით გაზრდამ, შესაძლოა, ნაწილობრივ გადაფაროს მოგების გადასახადის გაუქმებით მიღებული გარღვევა ბიუჯეტში (ეს სტრატეგია შემოთავაზებული იქნა საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ).

ასეა თუ ისე, სანამ რეფორმა გატარდება, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ სწორად შეაფასოს საკუთარი მოლოდინები და გააქარწყლოს ნებისმიერი ილუზია, რომელიც ამ რეფორმასთან დაკავშირებით შეიძლება არსებობდეს.

(1) საქართველოს მიმდინარე მოგების საგადასახადო რეჟიმი უკვე იძლევა იმის საშუალებას, რომ ინვესტიციებზე გაწეული მთლიანი დანახარჯები ჩაითვალოს ფიქსირებულ აქტივებში იმ წელს, როდესაც პირველად დაიწყეს მისი გამოყენება (ეს დებულება განსაკუთრებით სტიმულს აძლევს კაპიტალ ინტენსიურ კომპანიებს, რომელთა აქტივები სწრაფ ცვეთას განიცდიან. სავაჭრო და მომსახურების სექტორის წარმომადგენლებისთვის ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია). ამგვარად, შემოთავაზებული რეფორმა, დამატებით ვერ გააჩენს რეინვესტირების სტიმულებს. ამის ნაცვლად, რეფორმა უბიძგებს კომპანიებს, დაიტოვონ მოგება, ე. ი. ნაკლებად იყვნენ დამოკიდებული ძვირადღირებულ გარედაფინანსებაზე.

(2) იმის გამო, რომ კომპანიებს კაპიტალის გამოსაქვითად აღარ ექნებათ მკაცრად განსაზღვრული საბოლოო ვადა, მათ შეიძლება შეამცირონ საინვესტიციო გადაწყვეტილებების რაოდენობა. ცუდად ჟღერს? სულაც არა. ამ ტიპის „ინვესტიციების“ განხორციელებას კომპანიები ჩქარობენ ფისკალური წლის ბოლოს, რათა მოასწრონ 31 დეკემბრამდე ახალი მანქანისა და იტალიური საოფისე ავეჯის ექსპლუატაციაში ჩაშვება, რაც არც ისე პროდუქტიული გადაწყვეტილებაა. მიუხედევად იმისა, რომ საინვესტიციო ბალანსზე ეს გადაწყვეტილებები დადებითად აისახება, მსგავსი ინვესტიციები ოდნავადაც არ აახლოვებს საქართველოს მთავარ მიზანთან, რასაც ეკონომიკის განვითარება ჰქვია. ახალი, ესტონური სისტემის ქვეშ, ბიზნესებს მიეცემათ საშუალება, დაიტოვონ მოგება, მოახდინონ კაპიტალური დანახარჯების რაციონალიზაცია და თავიდან აიცილონ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები.
(3) ენთუზიასტი მხარდაჭერების მოსაზრებისგან განსხვავებით, ის ფაქტი, რომ მოგების გაუნაწილებელი მოგება აღარ დაიბეგრება, სულაც არ ნიშნავს, რომ კორპორაციებს არ მოუწევთ საკუთარი ხარჯების აღრიცხვა. სინამდვილეში, საგადასახადო ანგარიშგება და აუდიტი საგულდაგულოდ დააკვირდება დანახარჯებს, რათა არ მოხდეს დივიდენდების განაწილება, მაგალითად, ოფშორული კონსულტაციების ანაზღაურებით და ა.შ.

(4) დაბოლოს, არ გვაქვს საფუძველი, გვეშინოდეს, რომ შემოთავაზებული რეფორმა წაახალისებს, რომ კომპანიებმა უფრო მეტი დახარჯონ „კონსულტაციებსა“ და დაფარულ სარგებელზე, ვიდრე ეს დღეს ხდება. სინამდვილეში, ახალმა კორპორატიული გადასახადის რეფორმამ შეიძლება შემოგვთავაზოს უკეთესი განმარტება, თუ ბიზნეს-საქმიანობასთან დაკავშირებული რომელი დანახარჯებია ნებადართული და ამით ამოავსოს მიმდინარე საგადასახადო კოდექსში არსებული ნაპრალები.
* * *
ისეთი პატარა ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო და ესტონეთი, თამამი პოლიტიკური ექსპერიმენტები (მაგ.: ესტონეთის 0%-იანი მოგების გადასახადი ან სააკაშვილის პერიოდში განხორციელებული მკვეთრი დერეგულაციები) ყურადღების მიქცევის კარგი საშუალებაა. მათი მკვეთრი და მყისიერი გავლენა ეკონომიკაზე იმის ტოლფასია, რომ კარი გაუღო ინვესტორებს და ხმამაღლა დაუძახო: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! ინვესტორები მოვლენ თუ არა და დარჩებიან თუ არა დიდი ხნით, ეს, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორიცაა ბაზრის ზომა, შრომის დანახარჯი და ხარისხი, ადგილმდებარეობრივი უპირატესობა, რაც მთავრობის უშუალო კონტროლის ქვეშ არ არის.

ჩინური ანდაზის თანახმად, „როცა პატარა კაცი გრძელ ჩრდილს ტოვებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მზე ჩაესვენება.“ პატარა ქვეყნებისთვის კი ჩრდილის გაზრდა შეიძლება ნიშნავდეს, რომ მათი მზე სწორედ ახლა ამოდის.

ავტორები: მაია გრიგოლია და ერიკ ლივნი
წყარო: iset-pi.ge
კომენტარები (1)
23.01.2017
ალექს
მოგების გადასახადის ,ისევე როგორც ნებისმიერის ცალკე სხვა გადასახადებისაგან და ადმინისტრირების წესებისა და ტრადიციებისგან გამოყოფით არის რბილად რომ ვთქვათ არასწორი,თუ მკვახედ ,მორიგი დროის მოგება იმ ხელისუფლებისა ,რომელიც 25 წელი აშენებდა რეპრესიულ მაკონტროლებელ საექსპრპრიაციო საგადასახცადო და სამართლებრივ სისტემას პირადი გამდიდრების მიზნით -ანუ ნაცქოცმოკავშირის მორიგი პიარ ნაბიჯია ! გააუქმეთ დაჯარიმება დასაურავება დაყადაღების მავნე პოლიტიკა ,ისაა მუხრუჭი და ანგარიშსწორების იარაღი მათ წინააღმდეგ ვინც თეთრ ბიზნესს ეწევა და არ იხდის ქრთამს ,არ იძლევვა წილებს !
მსგავსი სიახლეები
იაპონიის ზარაფხანამ საკოლექციო დანიშნულების სეტი გამოუშვა, რომელშიც იაპონურ მონეტებთან ერთად, ქართული 20 თეთრის ნომინალის მიმოქცევის დანიშნულების მონეტაცაა.
იანვარში საქართველოში საცალო პროდუქტების ფასების ინდექსი მკვეთრად გაიზარდა. თბილისის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა აისეტის მონაცემებით, დეკემბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული ფასების ინდექსის ზრდამ 10,1% შეადგინა.
2016 წლის დეკემბრის მდგომარეობით კომერციული ბანკების წმინდა მოგება წინა თვესთან (ნოემბერთან) შედარებით 112 მილიონით გაიზარდა და 679 მილიონი ლარი შეადგინა.
საქართველოს მთავრობა წელს ქართული ღვინის საერთაშორისო პოპულარიზაციისთვის 5 620 000 ლარს დახარჯავს.
„საქართველოს ბანკმა” უკვე მეშვიდედ Global Finance-ის ჯილდო „საქართველოში საუკეთესო ბანკი ვაჭრობის ფინანსირების კუთხით“ მიიღო.
კარნეგის ცენტრის უფროსი მკვლევარის, საქართველოს საკითხების სპეციალისტის თომას დე ვაალის შეფასებით, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები გაუმჭვირვალედ აწარმოა
საქართველოში ოქროს ფასმა ბოლო 1 თვის განმავლობაში 1.5-5 ლარის ფარგლებში მოიმატა.
საპარლამენტო უმცირესობა „გაზპრომის“ თემაზე პარლამენტის პლენარული სხდომის ფორმატში პოლიტიკური დებატების გამართვას ითხოვს.
მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველო მე-16 პოზიციაზეა, „ფორბსის“ მიერ ბიზნესისთვის საუკეთესო 139 ქვეყანას შორის 43-ეა.
გასულ წელს საქართველოს გავლით დაახლოებით 850 მილიონი კილოვატ საათამდე ელექტროენერგიის ტრანზიტი განხორციელდა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
23.01.2017
დედოლარიზაციის რეფორმა წლების წინ რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის ისრაელსა და არგენტინაში წარმატებით განხორციელდა.
სრულად
20.01.2017
ეროვნულმა ბანკმა და თბილისის საფონდო ბირჟამ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობისა და ანგარიშსწორების სისტემის რეფორმა დაიწყეს.
სრულად
19.01.2017
საშინაო პოლიტიკის აქტუალურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებზე ”ინტერპრესნიუსი” საბუნებისმეტყველო აკადემიის აკადემიკოსს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.
სრულად
16.01.2017
ჩილეს ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა ალეხანდრო ფოქსლიმ 1991 წელს მიცემულ ინტერვიუში თქვა: „შეიძლება არ მოგვწონდეს ჩვენი წინამორბედი მთავრობა, მაგრამ მათ ბევრი რამ გააკეთეს სწორად. ჩვენ მემკვიდრეობად გვერგო ეკონომიკა, რომელიც აქტივია“.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
23.01.2017
24.01.2017
USD
1
USD
2.6763
2.6868
EUR
1
EUR
2.8457
2.8851
GBP
1
GBP
3.2894
3.3496
RUB
100
RUB
4.4722
4.5244