რატომ ვერ ვითარდება მცირე ავიაცია? HUB Georgia-ს რეკომენდაცია მთავრობას

ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა HUB Georgia მთავრობას, ადგილობრივი, შიდა ფრენებისას, საავიაციო საწვევზე აქციზისა და დღგ-ს გადასახადის მოხსნის ინიციატივით მიმართავს.

როგორც HUB Georgia-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიუხედავად საავიაციო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარების მცდელობისა, ადგილობრივი ავია კომპანიები მაინც ვერ ვითარდებიან.

„საქართველოს მთავრობას ბოლო 10 წელიწადია ადგილობრივი და მცირე ავიაციის განვითარება აქვს მიზნად დასახული. სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოლიდური ინვესტიციებს განხორციელება ხდება. შენდება ადგილობრივი მნიშვნელობის აეროდრომები, როგორიცაა: მესტიის აეროპორტი - ინვესტიცია 20 მილიონი ლარი; ამბროლაურის აეროპორტი - ინვესტიცია 14 მილიონი ლარი; მთავრობას აგრეთვე დაანონსებული აქვს ადგილობრივი აეროპორტების მშენებლობა ახალქალაქში, თუშეთსა და ზუგდიდში.

მიუხედავად აეროპორტების მშენებლობისა და მცდელობისა, განვითარდეს საავიაციო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა, ადგილობრივი ავია კომპანიები, როგორც ტურისტული, ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, ვერ ვითარდებიან. ერთადერთი ავიაკომპანია, რომელიც დღეს ადგილობრივ სამგზავრო ფრენებს ნატახტარის აეროდრომიდან მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების მიმართულებით ასრულებს, სახელმწიფო სუბსიდირებაზეა. სხვა კომპანიებს კი ადგილობრივი ფრენების განხორციელების სურვილი არ აქვთ, რადგან ეს მათთვის კომერციულად წამგებიანია. იგივე პრობლემების წინაშე დგას სოფლის მეურნეობის დანიშნულების საფრენი აპარატები, ტურისტული დანიშნულების ვერტმფრენები და სხვა.

ძირითადი მიზეზი, თუ რატომ არ ვითარდება საქართველოში ადგილობრივი და მცირე ავიაცია, სახელმწიფო პოლიტიკაა. არ არსებობს ხედვა და სტარატეგია, თუ როგორ უნდა მოხდეს ადგილობრივი ავიაციის, ავიაკომპანიების განვითარება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა რატომაც ადგილობრივი, შიდა და მცირე ავიაცია ვერ ვითარდება, ცენტრალურ აეროპორტებში არსებული მაღალი გადასახადებია.

მაგალითად, თბილისი და ბათუმი, სადაც ყველაზე დიდია საერთაშორისო მგზავრთნაკადი, შემოსული ტურისტების რაოდენობა, ქართული ავიაკომპანიებისთვის აღნიშნულ აეროპორტებში მაღალი გადასახადის არსებობის გამო არ არის მიმზიდველი.

ასევე, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს საწვავის ღირებულება და დამატებითი გადასახადები. კერძოდ, საერთაშორისო ფრენებისას ავიაკომანიები განუბაჟებელ საწვავს ყიდულობენ და დღგ-ს არ იხდიან. შესაბამისად, მათთვის ტონა საწვავის ფასი საშუალოდ 1 000 ლარია. განსხვავებული მიდგომაა ადგილობრივი ფრენებისთვის, როდესაც ავიაკომპანია ადგილოფრივი ფრენის შესასრულებლად იძენს საწვავს, მის თვითღირებულებას ტონაზე (საშუალოდ 1000 ლარს) აქციზის გადასახადი - ტონაზე 440 ლარი და პროდუქტის მთლიანი ღირებულების 18% დღგ ემატება.

„შესაბამისად, თუ ავიაკომპანია ასრულებს საერთაშორისო ფრენას, მაგალითად თბილისი-პარიზი ერთ ტონა საავიაციო საწვავს შეიძენს 1000 ლარად (ფასი არის პირობითი და მუდმივად ცვალებადი). ხოლო თუ ადგილობრივ ფრენას ასრულებს, მაგალითად თბილისი-ბათუმი, ბათუმი-მესტია და სხვა, ერთ ტონა საწვავში გადაიხდის 70%-ით მეტს, 1700 ლარს. რაც საბოლოო ჯამში მთლიანი ხარჯების 40%-ს აჭარბებს.

აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ავიაკომპანიისთვის საერთაშორისო რეისი ბევრად უფრო საინტერესოა კომერციულად, ვიდრე ადგილობრივი. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი, არაკონკურენტუნარიანი პირობები ადგილობრივსა და საერთაშორისო ფრენებს შორის საწვავის ღირებულებასთან მიმართებაში, ხელს უშლის შიდა და მცირე ავიაციის განვითარებას.

ისმის კითხვა, ვისთვის ვაშენებთ ადგილობრივ აეროდრომებს თუ ვერ ვითარდება და არ გვყავს ადგილობრივი მცირე ავიაცია, ავიაკომპანიების სახით?

ანალოგიური პრობლემების წინაშე დგას, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების საფრენი აპარატები და ტურისტული დანიშნულების ვერტმფრენები. გარდა საწვავისა აღნიშნული გადასახადი ვრცელდება საზეთ-საპოხ მასალებზეც, რომელსად საკმაოდ დიდი რაოდენობით მოიხმარენ საფრენი აპარატები, განსაკუთრებით ვერტმფრენები. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მთავრობის ახალი საგადასახადო პოლიტიკით გაორმაგდა აქციზის გადასახადი საავიაციო საწვავზე და საზეთ-საპოხ მასალებზე.

ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა HUB Georgia გამოვდივართ ინიციატივითა და რეკომენდაციით, მივმართავთ საქართველოს მთავრობას, რომ მსგავსად საერთაშორისო დანიშნულების ფრენებისა, ადგილობრივი, შიდ ფრენების დროსაც საავიაციო საწვევზე აქციზისა და დღგ-ს გადასახადი მოიხსნას,“-ნათქვამია განცხადებაში.