2016 წელს სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორების ადმინისტრაციებში პრემიებისა და დანამატების რაოდენობა გაიზარდა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” სხვადასხვა საჯარო უწყებაში გაცემული პრემიის, სახელფასო დანამატისა თუ სხვა ხარჯების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშში წარმოდგენილია ინფორმაცია 2016 წელს სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორების ადმინისტრაციებში გაცემული შრომის ანაზღაურების, პრემიისა და სახელფასო დანამატის შესახებ, ასევე ინფორმაცია ადმინისტრაციების მიერ სატელეფონო კომუნიკაციაზე, მივლინებებსა და საწვავის შესაძენად გაწეულ ხარჯებზე.

შრომის ანაზღაურება:

2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებში გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატის რაოდენობა გაზრდილია: 2015 წელს 1 114 928.69 ლარი გაიცა (პრემია - 463 817.5 ლარ, სახელფასო დანამატი - 680 111.19 ლარი), 2016 წელს კი 1 363 948.61 ლარი (პრემია - 395 437 ლარი, სახელფასო დანამატი კი - 968 511.61 ლარი);

2015 წლის მსგავსად, სახელფასო დანამატი ყველა სამხარეო ადმინისტრაციაში ყოველთვე გაიცემოდა და მისი მოცულობა საგრძნობლად გაზრდილია, პრემიის გაცემის სიხშირე და რაოდენობა კი წინა წლებთან შედარებით, მცირედით შემცირებულია;

2016 წელს პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა 65 415 ლარის ოდენობით, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიცა;

2016 წელს სახელფასო დანამატის სახით ყველაზე დიდი თანხა გაიცა სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციაში - 204 183.11 ლარის ოდენობით. 2015 წელს გაცემული სახელფასო დანამატის მაჩვენებლითაც პირველ ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციაა (167 712.26 ლარი);

2016 წელს ყველა გუბერნატორი ყოველთვე იღებდა შრომის ანაზღაურების ოდენობის სახელფასო დანამატს, პრემია კი იმერეთის გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის გარდა, არც ერთ გუბერნატორს არ აუღია. გივი ჭიჭინაძის მიერ აღებულმა სახელფასო დანამატისა (35 400 ლარი) და პრემიის (2 950 ლარი) ჯამურმა ოდენობამ 38 350 ლარი შეადგინა;

აღსანიშნავია, რომ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის სახელფასო ანაზღაურება სხვა გუბერნატორებისაგან განსხვავებით 2 350 ლარს შეადგენს, გუბერნატორი პარმენ მარგველანი ყოველთვიურად ამ ოდენობის სახელფასო დანამატსაც იღებდა;

საწვავი:

გურიის, იმერეთისა და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციებმა არ მოგვაწოდეს ინფორმაცია 2016 წელს გახარჯული საწვავის მოცულობის შესახებ, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია კი მხოლოდ შესყიდული საწვავის ღირებულებას შეიცავს. შესაბამისად კვლევაში მხოლოდ შესყიდული საწვავის შესახებ მონაცემია სრულყოფილად წარმოდგენილი, რომლის მთლიანმა ღირებულებამ 388 939.49 ლარი შეადგინა;

სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა მთიანეთისა და კახეთის გუბერნიებში მიერ ჯამში 185 073.29 ლიტრი საწვავი იქნა შესყიული;

ყველაზე მეტი მოცულობის თანხა საწვავის შესაძენად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიაში იქნა გახარჯული, მისმა მოცულობამ 69 307 ლარი შეადგინა, რითაც 50 149 ლიტრი საწვავი (ბენზინი, დიზელი) იქნა შეძენილი;

გუბერნატორებისათვის თვის მანძილზე განსაზღვრული საწვავის ლიმიტი განსხვავებულია და იგი 500 ლიტრიდან 1500 ლიტრამდე მერყეობს, იმერთის გუბერნატორს კი საწვავის კონკრეტული ლიმიტი არ აქვს დაწესებული;

გუბერნატორებს შორის საწვავის ყველაზე დიდი ლიმიტით (ერთ თვეზე საშუალოდ 1 500 ლიტრი), სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია სარგებლობს, შესაბამისად, მის მიერ 2016 წლის განმავლობაში 17 790 ლიტრი საწვავი იქნა გახარჯული, რომლის ღირებულებამაც 24 895 ლარი შეადგინა,;

გურიის, იმერეთისა და ქვემო ქართლის სახელმწიფო-რწმუნებულის ადმინისტრაციებმა ასევე არ მოგვაწოდეს ინფორმაცია უშუალოდ გუბერნატორების მიერ 2016 წლის მანძილზე გახარჯული საწვავისა და მისი ღირებულების შესახებ, რამაც არ მოგვცა კვლევის ამ ნაწილის სრულყოფილად ჩატარების შესაძლებლობა;

მცხეთა-მთიანეთის გუბენატორის თანამდებობას 2016 წლის იანვარი-მარტში ნუგზარ ყიფიანი იკავებდა, აპრილი-დეკემბრის განმავლობაში კი გოჩა ზეიკიძე, მოწოდებული ინფორმაციით კი დგინდება, რომ ორივე თანამდებობის პირის მიერ ჯამში 18 042 ლარის ღირებულების 10 225 ლიტრი საწვავი იქნა გახარჯული.

სატელეკომუნიკაციო და სამივლინებო ხარჯები:

სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციებში სატელეფონო კომუნიკაციებზე ჯამში 34 126 ლარი გაიხარჯა; თანამშრომელთა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მივლინებებზე კი 93 968.87 ლარი.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” შენიშვნები რეკომენდაციები სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციების მიერ 2016 წელს გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით:

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 ნოებრის N627 დადგენილებაში “საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის დამტკიცების თაობაზე” სახელფასო დანამატი განმარტებულია, როგორც ხელფასის ოდენობის დროებითი გაზრდა, რაც გამოწვეულია სხვადასხვა ობიექტური ფაქტორით, მაგალითად, სამუშაო ადგილი ან ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებით. დამატებითი ანაზღაურება ინიშნება იმ ვადით, რა პერიოდითაც გრძელდება მისი დანიშვნის გარემოება.

სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციების ცალკეული თანამდებობის პირებზე სახელფასო დანამატები გაიცემა მთელი წლის განმავლობაში, დასაბუთების გარეშე, რაც არღვევს დანამატების გაცემის პრინციპს და შეიძლება ითქვას, რომ უფრო თანამდებობრივი სარგოს ხასიათს ატარებს, ვიდრე დანამატის. ჩვენი შეფასებით, ეს პრაქტიკა არ არის გამართლებული და აუცილებელია ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში სათანადოდ დასაბუთდეს დანამატის გაცემის აუცილებლობა და მიეთითოს ის კრიტერიუმი, რომლის თანახმად, ხდება საჯარო მოხელეზე დანამატის გაცემა.

რაც შეეხება პრემიებს, სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციებში პრემიის გაცემა „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის 449-ე დადგენილებით რეგულირდება, აღნიშნული დადგენილება კი შეიცავს არაერთ ხარვეზს, რის გამოს საჯარო დაწესებულებებს შეუძლიათ პრემირების პროცესი ისევ ძველი მანკიერი პრაქტიკით გააგრძელონ.