საქართველოში განათლება ფასობს, მაგრამ არ ამდიდრებს

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ განათლებაშია ნათელი მომავლის გასაღები. ზოგადად, განათლებულ ადამიანებს უფრო მაღალი შემოსავლები აქვთ, მათში დაბალია უმუშევრობის დონე. როგორც iset-pi.ge წერს, განათლების მაღალი დონის მქონე ქვეყნები უფრო სწრაფად იზდებიან და მათთან ინოვაციაც მეტია, ვიდრე სხვა ქვეყნებში. შესაბამისად, თანამედროვე ეკონომიკურ ლიტერატურაში განათლება ინვესტიციად მიიჩნევა და, მსგავსად სხვა ინვესტიციებისა, განათლებაში ჩადებულ ინვესტიციასაც თან სდევს ხარჯები და სარგებელი. განათლებასთან დაკავშირებული ხარჯია ის დრო (ალტერნატიული დანახარჯი) და ფული (სწავლის საფასური და სხვა გადასახადები), რასაც ადამიანები ხარჯავენ საშუალო სკოლის ატესტატის, პროფესიული განათლების სერტიფიკატისა თუ უნივერსიტეტის დიპლომის მოსაპოვებლად. განათლებით მოტანილი სარგებელი კი მეტი შემოსავლების მიღების შესაძლებლობაა (განათლებას სხვა სარგებელიც მოაქვს. მაგალითად, უკეთესი სამუშაო პირობები, აღიარება და მიღწევები სამსახურში). ემპირიული ლიტერატურა გვეუბნება, რომ განათლება ორგვარად ახდენს გავლენას შემოსავლებზე. პირველი, განათლება აუმჯობესებს ჩვენს უნარებს, რის შედეგადაც იზრდება შრომის ნაყოფიერება. ამას კი ხელფასების ზრდამდე მივყავართ. მეორე, უმაღლესი განათლება იძლევა დიპლომებს, რაც დამსაქმებლისთვის ნიშანია, რომ კანდიდატს ამა თუ იმ სამუშაოსთვის შესაფერისი უნარ-ჩვევები გააჩნია.

ადამიანური კაპიტალის მიდგომა ემყარება იმ იდეას, რომ საჭიროა, ხარჯები და სარგებელი ერთმანეთს შევადაროთ და ისე გადავწყვიტოთ, რა ეტაპზე შევწყვიტოთ განათლება. თუ სარგებელი იმდენად დიდი არ არის, რომ ხარჯები დააკომპენსიროს, ადამიანი ჩათვლის, რომ არ ღირს დამატებითი ხარისხის მოპოვება. ამიტომ, როდესაც ვაანალიზებთ ჩვეულებრივი ადამიანების გადაწყვეტილებას, რა მოცულობის ინვესტიცია გაიღონ განათლებისთვის, მნიშნელოვანია, განვსაზღვროთ, რა დამატებით შემოსავალს მოუტანს ადამიანს დამატებითი ხარისხი. თუმცა სამყარო ასეთი მარტივი როდია, სწავლის გაგრძელება-შეწყვეტის გადაწყვეტილებაზე კიდევ სხვა უამრავი სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორი ახდენს გავლენას (ლამიე, 2001 წ.). ამ ბლოგში შევეცდებით, გავზომოთ განათლების გავლენა შემოსავლებზე საქართველოში და ამისათვის დავაკვირდებით მთავარ სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებს, რომლებიც, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად მოქმედებს ხელფასების გადანაწილებაზე.

საქართველო გარდამავალი ეკონომიკაა, სადაც მასშტაბური სტრუქტურული ცვლილებები მოხდა გარდამავალი პერიოდის პირველ დეკადაში და ამ ცვლილებებმა მნიშვნელოვნად გააუარესა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ომების, წარუმატებელი ინსტიტუციური რეფორმების, ჰიპერინფლაციის, არაეფექტიანი საგადასახადო სისტემის და ბიუჯეტის მუდმივი სეკვესტრის შემდეგ, ჯანსაღი საგანმანათლებლო სისტემის შექმნა ნაკლებად პრიორიტეტული გახდა საქართველოს მთავრობებისთვის. ვარდების რევოლუციამდე საგანმანათლებლო სისტემაში სამი მთავარი პრობლემა იყო: კორუფცია, განათლებაზე წვდომა და დაბალი ხარისხის განათლება. საგანმანათლებლო სისტემის ასეთ მძიმე მდგომარეობაში ყოფნის მიუხედავად, უმაღლეს განათლებაზე დიდი მოთხოვნა იყო. ვარდების რევოლუციის შემდეგ წარმატებით გადაიჭრა კორუფციის და ხელმისაწვდომობის პრობლემა, თუმცა განათლების ხარისხი დღემდე მწვავე გამოწვევად რჩება.

შემოსავლებზე განათლების გავლენის შემსწავლელი ეკონომიკური ლიტერატურის უდიდესი ნაწილის ინსპირაცია იყო მინცერის (1974 წ.) და ბეკერის (1975 წ.) პირველი ნაშრომები ადამიანურ კაპიტალზე. მინცერმა (1975 წ.) სწავლის გაგრძელების გავლენა გაზომა მარტივი უმცირეს კვადრატთა მეთოდით, სადაც ცვლილება შემოსავლებში მიიჩნია დამოკიდებულ ცვლადად, რომელიც სწავლის წლების, პოტენციური გამოცდილებისა და პოტენციური გამოცდილების კვადრატით აიხსნებოდა. ამ ბლოგში განხილულია მინცერის კლასიკური განტოლების სახეცვლილი ვარიანტი, სადაც ვაკვირდებით დიდი რაოდენობით სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებს, რომლებიც, ასევე, გავლენას ახდენს ადამიანის შემოსავლებზე. დამოკიდებულ ცვლადად შემოსავალი ავიღეთ, რომელიც შემდეგნაირად არის განმარტებული: ხელფასი, რომელსაც დაქირავებული მშრომელი იღებს წერილობითი ან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, საკუთარ საწარმოებზე მომუშავე მეწარმეების შემოსავლები და ფერმერების შემოსავლები, არასასოფლო-სამეურნეო სექტორში (წარმოება, ვაჭრობა, ტრანსპორტი, მშენებლობა, რეწვა, შეკეთება ან პროფესიული საქმიანობა – რეპორტიორი, სამედიცინო დიაგნოსტიკა და კონსულტაცია) დაქირავების გარეშე მომუშავე ადამიანების შემოსავალი. მეტიც, ამ კვლევის მთავარი ინტერესის საგანია ორი ბინარული ცვლადი – პროფესიული განათლება და უმაღლესი განათლება (განათლების სხვა უფრო დაბალი დონეები მიჩნეულია ბაზისად). ჩვენ დავაკვირდით ადამიანების გამოცდილებას ასაკის, სქესის, ეთნიკურობის, ადამიანების ქალაქებსა და სოფლებში გადანაწილების, ქორწინების სტატუსის და დასაქმების სფეროების მიხედვით. ეს მარტივი უმცირეს კვადრატთა ანალიზი ემყარება 2008-2014 წლებში ჩატარებული შინამეურნეობების ინტეგრირებული კვლევების ყოველწლიურ მონაცემებს და მოგვაწოდა საქსტატმა.

განათლების პრემიუმი

პირველ რიგში, შერჩევითი ერთობლიობის ყველა წევრის 20%-დან 24%-ს მიღებული აქვს რაიმე სახის უმაღლესი დონის განათლება, შემოსავლების მქონე დაქირავებულ ადამიანებში ეს მაჩვენებელი ბევრად მეტია – 42%. გარდა ამისა, მთლიან შერჩევით ერთობლიობაში იმ ადამიანების წილი, რომელთაც რაიმე სახის პროფესიული განათლება აქვთ, 20-22%-ია, ხოლო დასაქმებულ ადამიანებში – დაახლოებით 25%. საქართველოში გამორჩეულად დაბალია წერა-კითხვის არცოდნის დონე, მხოლოდ 0.5%-1.15%-მა არ იცის წერა-კითხვა. შესაბამისი სტატისტიკა კვლავ იმაზე მიუთითებს, რომ უმაღლესი განათლების მიღება ძალიან პოპულარულია ქართველებში. თუმცა მთავარია, როგორ ეხმარება პროფესიული და უმაღლესი განათლება ადამიანებს მეტი შემოსავლის მიღებაში. რეგრესული ანალიზის მთავარი მიგნებები მოცემულია ცხრილში 1 (ზოგიერთი გაკონტროლებული ცვლადი ცხრილში არ არის წარმოდგენილი, რომ ცხრილი ძალზე არ გადაგვეტვირთა).

უმაღლესი განათლების მქონე ადამიანების შემოსავლები 40-51%-ით მეტია, ვიდრე ზოგადი განათლების მქონე ადამიანებისა. თუმცა, დროთა განმავლობაში, განათლებით მიღებული პრემიუმი იცვლება და არ ჩანს ზრდის ან შემცირების ცხადი ტენდენცია. უმაღლესი განათლება მნიშვნელოვნად განაპირობებს მაღალ შემოსავლებს, ხოლო პროფესიულ განათლებას, როგორც ანალიზმა უჩვენა, შედარებით მცირე წვლილი შეაქვს – 4-6%. ასევე, აქაც არ გამოვლენილა ცხადი ტენდენცია დროში.

მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი დონის განათლებისთვის დამახასიათებელია შემოსავლების მნიშვნელოვანი ცვლილება, სხვა ქვეყნებთან შედარებით, მაინც დაბალია ამონაგები სწავლაზე დახარჯულ ყოველ დამატებით წელზე (ჯუღელი, 2012 წ.). თუ შემოსავლებს ოთხ ჯგუფად დავყოფთ განათლების სხვადასხვა დონისთვის (0-150 ლარი – დაბალი შემოსავალი, 150-435 ლარი – საშუალოზე დაბალი შემოსავალი, 435-1000 ლარი – საშუალოზე მაღალი შემოსავალი და 1000 და მეტი – მაღალი შემოსავალი), დავინახავთ, რომ განათლების დონის ზრდასთან ერთად, მცირდება დაბალი შემოსავლების ჯგუფში მყოფი ადამიანების რაოდენობაც, ხოლო მაღალი შემოსავლების მქონე ჯგუფში მყოფი ადამიანების რაოდენობა იზრდება. ეს დაკვირვება კიდევ ერთხელ აძლიერებს იმ მოსაზრებას, რომ განათლება ზრდის შემოსავლებს. მაღალი შემოსავლების მქონე ადამიანების წილი მაღალია ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხის მქონე ადამიანების ჯგუფში, თუმცა თავად ინდიკატორი მაინც დაბალია ამ ჯგუფებისთვისაც კი – ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომის მქონე ადამიანების მხოლოდ 5% ან 10% იღებს 1000 ლარზე მეტ შემოსავალს. მიუხედავად იმისა, რომ შინამეურნეობების ინტეგრირებულ გამოკვლევაში რესპონდენტები რეალურზე მცირე შემოსავალს აფიქსირებენ ხოლმე, ეს განაწილება მაინც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში ხელფასების დონე დაბალია მათთვისაც კი, ვისაც უმაღლესი განათლება აქვს. შესაბამისად, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ უმაღლესი განათლების დიპლომის არმქონე ადამიანებს უჭირთ კონკურენციის გაწევა მესამე დონის განათლების მქონე ადამიანებისთვის, როდესაც საქმე მაღალანაზღაურებად სამსახურს ეხება, თუმცა, თავად დიპლომი მაღალი შემოსავლის გარანტია არაა. იხილეთ გაგრძელება