ISET - გამოკითხულთა 82 პროცენტი ისურვებდა, რომ საქართველოში არ დაბადებულიყო

ISET-ის გუნდმა ჩაატარა ონლაინ გამოკითხვა, რომელიც შემდეგი შეკითხვით იწყებოდა: ქვეყნის არჩევა რომ შეგეძლოს, რომელ ქვეყანაში ისურვებდი დაბადებას?

ჩვენ განზრახ ჩამოვაყალიბეთ შეკითხვა ამგვარად, ნაცვლად იმისა, რომ დაგვესვა სრულიად განსხვავებული კითხვა: „სად ისურვებდით მოგზაურობას ან რომელ ქვეყანაში წახვიდოდით ემიგრაციაში?“ როგორც iset-pi.ge წერს, ამგვარი ფორმულირების მიზანი იყო, დავკვირვებოდით ქვეყნის მახასიათებლებს და განგვესაზღვრა, რომელ მათგანს მიიჩნევენ ადამიანები საინტერესოდ და მიმზიდველად, მაშინ, როცა გაურკვეველია მათი თავდაპირველი სოციალური მდგომარეობა (მაგალითად, ოჯახში ან დაბადებისას მიღებული სოციალურ სტატუსი). შესაძლოა, ვინმე შემოგვედავოს და გვითხრას, რომ რესპონდენტები სასურველი დაბადების ქვეყნის შერჩევისას ამდენ ფაქტორს არ ითვალისწინებენ. მიუხედავად ამისა, გვჯერა, რომ ამ ექსპერიმენტმა გაამართლა და საინტერესო შედეგები მოგვცა.

გამოკითხვა ჩატარდა ქართულ ენაზე შედგენილი კითხვარით, ფეისბუქის მეშვეობით, 2017 წლის მარტში. ქვემოთ მოცემულია ჩვენი რესპონდენტების მახასიათებლები. ჩვენი შერჩევა არ ასახავს მთელ ქვეყანას გამოკითხვისას გამოყენებული არხის გამო, მიუხედავად ამისა, მიღებული შედეგები საკმაოდ საინტერესოა. გამოკითხვაში უმეტესად ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა (საშუალო ასაკი 29 წელი), მათგან 70% ქალები იყვნენ. ჩვენს რესპონდენტებს განათლების შედარებით მაღალი დონე აქვთ და შედარებით შეძლებულები არიან. მათი 97% ქართველია, 80%-ს უმოგზაურია კავკასიის რეგიონს გარეთ. სულ გამოკითხვაში 501 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

მაშ, სად სურთ ჩვენს რესპონდენტებს, რომ დაბადებულიყვნენ?

საინტერესოა, რომ რესპონდენტთა მხოლოდ 18%-მა დაასახელა საქართველო ადგილად, სადაც ისურვებდნენ დაბადებას (პირველ პრიორიტეტად).

საქართველოს მოსდევს შემდეგი ქვეყნები (რიგითობა მოცემულია რესპონდენტების უპირატესობების მიხედვით): აშშ, იტალია, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, შვეიცარია, ნორვეგია, შვედეთი, საფრანგეთი, ნიდერლანდები და ესპანეთი. ჩამოთვლილებიდან ყველა განვითარებული ქვეყანაა, ყველა დასავლეთ ევროპაშია, აშშ-ის გარდა. რესპონდენტებმა ჯამში 39 ქვეყანა დაასახელეს, მათგან მხოლოდ 12 იყო აზიაში და სამხრეთ ან ცენტრალურ ამერიკაში. მხოლოდ ერთმა რესპონდენტმა აღნიშნა, რომ სურდა, დაბადებულიყო რუსეთში.

ზემოთ მოცემულ რუკაზე ყველა ნახსენები ქვეყანა წითელი (ტოპ 10 + საქართველო) ან ყვითელი ფერით (დანარჩენი) არის აღნიშნული. ძალიან საინტერესოა, რომ ორმა რესპონდენტმა დაასახელა საქართველოში კონკრეტული ადგილი (ზუგდიდი და თუშეთი); სხვა ორმა რესპონდენტმა გვითხრა, რომ სურდათ, დაბადებულიყვნენ კამელოტში და სხვა გალაქტიკაში.

ქალებსა და მამაკაცებს საკმაოდ განსხვავებული უპირატესობები აღმოაჩნდათ, თუ არ ჩავთვლით საქართველოსა და აშშ-ს (სიის თავში): იტალიას ქართველ ქალებში მესამე ადგილი უჭირავს, ხოლო მამაკაცებში – მეცხრე; ქალების სიაში შედის საფრანგეთი, ესპანეთი და კანადა, თუმცა, ეს ქვეყნები არ არის მამაკაცების სიაში. ხოლო ნიდერლანდები, ახალი ზელანდია და ისლანდია გვხვდება მამაკაცების სიებში, მაგრამ არა ქალების მიერ არჩეულ ქვეყნებში.

ქვეყნის არჩევის მიზეზი:

ქვეყნის დასახელების შემდეგ, რესპონდენტებს ვთხოვეთ, დაესახელებინათ სამი მიზეზი, რამაც განაპირობა მათი არჩევანი. ჩვენი რესპონდენტები ორ ძალიან განსხვავებულ ჯგუფად გაიყო:

სეგმენტი 1 – ადამიანები, ვინც საქართველოში დაბადება აირჩია (შერჩევითის 18%). სამი მთავარი მიზეზი, რაც ამ სეგმენტმა დაასახელა, შემდეგია: (1) ბუნება და კლიმატი (აღნიშნა რესპონდენტების 34%-მა); (2) საჭმელი (33%): (3) კულტურა და ხალხი (21%). ეს კატეგორიები კარგად აღწერს, რა უყვართ ქართველებს თავიანთ ქვეყანაში. ვისურვებდით, ღვინო სპეციალურ კატეგორიად, საკვებისა და კულტურული ასპექტებისგან განცალკევებით გამოგვეტანა, რათა აღგვენიშნა მისი მნიშვნელობა ქართველებისთვის. რესპოდენტებმა, პასუხში „სხვა“ მიუთითეს და ახსნეს, რომ მათ უბრალოდ უყვართ სამშობლო და უნდათ (ისევ) აქ ცხოვრება.

სეგმენტი 2 – ადამიანები, რომლებსაც სურთ, სხვა ქვეყანაში დაბადებულიყვნენ (გამოკითხულთა 82%). ამ სეგმენტის მიერ დასახელებული სამი მთავარი მიზეზია: (1) პირადი თავისუფლება (დაასახელა 42%-მა); (2) განათლების და ჯანდაცვის კარგი ხარისხი (42%) და (3) პროფესიული განვითარების უკეთესი შესაძლებლობები (41%).

გრაფიკი 1. ქვეყნის არჩევის მიზეზები რესპოდენტებისათვის, რომელთაც აირჩიეს საქართველო vs დანარჩენი ქვეყნები

bpn

როგორც წესი, ქართველები „ტრადიციული აზროვნების“ მქონეებად ითვლებიან. სწორედ ამიტომ, არ ველოდით, რომ „პირადი თავისუფლება“ იქნებოდა სხვა ქვეყანაში დაბადების ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი (ფაქტობრივად, ნომერ პირველი). თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენი შერჩევითი ერთობლიობა შედარებით ახალგაზრდა, კარგი განათლების მქონე და შეძლებული ადამიანებისგან შედგება, რომელთაც მოგზაურობის გარკვეული გამოცდილებაც აქვთ, შედეგები არც თუ გასაკვირი ხდება. იხილეთ გაგრძელება