PROWEIN 2014 - რა შედეგებით ბრუნდება საქართველო დუსელდორფიდან

ინტერვიუ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან, ლევან დავითაშვილთან

გერმანიის ქალაქ დუსელდორფში, 23-25 მარტს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა PROWEIN 2014 (პროვაინი 2014) გიმართა. ეს ღვინის ინდუსტრიაში წლის ყველაზე მასშტაბური გამოფენაა, სადაც აგერ უკვე 20 წელია ღვინის ბაზრის წამყვანი მოთამაშეები, მევენახეობის, მეღვინეობისა და ვაჭრობის სპეციალისტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან იკრიბებიან და, ასე ვთქვათ, საათებს ასწორებენ.

აქ ამყარებენ კონტაქტებს და პოულობენ პოტენციურ კლიენტებს, ეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მომსახურებებს. აქ დასწრება ნებისმიერი ღვინის მწარმობელი ქვეყნისა თუ კომპანიისთვის სტატუსისა და პრესტიჟის საკითხია. ამიტომ, საქართველო, როგორც ღვინის მწარმოებელი უძველესი ქვეყანა, რომელიც ისწრაფვის თავისი კუთვნილი ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიო ღვინის რუკაზე, ასეთ ღვინის ბომონდს ვერ დააკლდება და არც დაჰკლებია ბოლო 14 წლის განმავლობაში.

წლევანდელ გამოფენაში 50 ქვეყნის 4000-ზე მეტი კომპანია იღებდა მონაწილეობას, მათ შორის 16 ქართული კომპანია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ზოგიერთი წამყვანი ღვინის მწარმოებელი ქვეყნებისგან განსხვავებით, როგორიცაა საფრანგეთი, იტალია ან ესპანეთი [რომლებიც უზრამაზარი პავილიონებით წარდგებიან ხოლმე], ერთ მომცრო პავილიონში იყო წარმოდგენილი, გამოფენის მსვლელობისას ქართული კომპანიების ღვინოს მნახველები და დაინტერესებულები არ გამოლევია: ქართულ პავილიონში მოცლილად ვერავის ნახავდით, თოთოეული კომპანია დღეში საშუალოდ 8 და მეტ მოლაპარაკებას მართავდა უკვე არსებულ თუ პოტენციურ პარტნიორთან.

უფრო ცხადი რომ იყოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი მოვლენაა „პროვაინი“ ქართული ღვინის ინდუსტრიისთვის და რა მოლოდინი არსებობს კონკრეტულად PROWEIN 2014-ის მიმართ, bpn-ი ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს, ლევან დავითაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ლევან, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ყოველ წელს იყოს წარმოდგენილი „პროვაინზე“?

- აუცილებელია, რომ ყოველ წელს ვიყოთ, ანუ რეგულარული მონაწილეობაა მთავარი აზრი. იმიტომ რომ აქ, ამ გამოფენაზე, ყველა ქვეყანა რომელიც ღვინოს აწარმოებს, თავის თავს აფიქსირებს, რომ ის არის ღვინის ქვეყანა. რომ არ იყო, ნიშნავს, რომ შენ ღვინის რუკიდან ნელ-ნელა იშლები. ეს კი არა, ყველა მნიშვნელოვან ფორუმზე ქართული ღვინო აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი, რაც არ უნდა რთული და ხარჯიანი იყოს.

- რამდენად ხარჯიანია „პროვაინი“, რამდენად გამართლებულია ამ ხარჯის გაღება?

- საკამაოდ ძვირია, მაგრამ თქვენ ნახეთ, რამდენად დიდი პავილიონებით იყო ზოგიერთი ქვეყანა წარმოდგენილი. ჩვენი ინდუსტრია ისეთი დიდი არ არის, როგორც სხვები მაგრამ ვცდილობთ, რომ ქართული ღვინო თავმოყვარედ იყოს წარმოდგენილი: 16 კომპანია მონაწილეობდა და ასორტიმენტი საკმაოდ დიდი იყო. დაწყებული ცქრიალა ღვინიდან, ტრადიციული მშრალი, ნახევრად მშრალი, ტკბილი, ყველა ღვინის კატეგორია გვქონდა - 16 კომპანიიდან თითოეულს 10-მდე პროდუქტი, ანუ საშუალოდ 100-ზე მეტი დასახელება.

- ყველა აპელაციონი ანუ ადგილწარმოშობის ღვინო იყო წარმოდგენილი?

- ყველა ალბათ არაა, იმიტომ რომ თითო-ოროლა უფრო პოპულარული დასახელება მოაქვთ კომპანეიბს, მაგრამ ასორტიმენტში არის არა-ადგილწარმოშობის ღვინოებიც. ქინძმარაული თითქმის ყველას ჰქონდა, მუკუზანი, წინანდალი, მაგრამ არის ჯიშური ღვინოებიც, როგორიცაა ჩხავერი, ჩინური, რქაწითელი, ციცქა, საფერავი და ა.შ ფართო ასორტიმენტით წარვდექით.

- „პროვაინზე“ მონაწილეობის 14 წლის განმავლობაში რა სიკეთე მიიღო ქართულმა ღვინის ინდუსტრიამ? ვთქვათ, გაიზარდა ცნობადობა, გაყიდვები თუ არის კიდევ სხვა სარგებელი, რაც დარგმა მიიღო?

- ყველაფერი. გაიზარდა ცნობადობა, გაყიდვებიც, ხარისხიც პარალელურად იზრდება, ქართული ღვინის კულტურა იზრდება ქვეყანაში, კომპანიებშიც, ანუ პროგრესი არის მრავალი მიმართულებით. ერთი რამ უნდა კარგად ვიცოდეთ, ღვინის გამოფენა სპეციფიკურია და პირდაპირ გამოფენაზე მონაწილეობა არ ნიშნავს, აუცილებლად გაყიდვების ზრდას, ანუ მეტი მონაწილეობა - მეტი ზრდა. ეს ნიშნავს ცნობადობის ზრდას და გრძელვადიან პერსპექტივაში ეს შესაბამისად, იძლევა შედეგს.

- 14 წელი საკამოდ დიდი პერიოდია, თუ შეიძლება შეაფასოთ უფრო კონკრეტულად, რა შედეგი გვაქვს?

- დღეს სტაბილურად 20-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება ქართული ღვინო, თუმცა წლიდან წლამდე 40-45 ქვეყანაში ფიქსირდება ქართული ღვინის ექსპორტი, მაშინ როცა 2000-ების დასწყისში, როცა პირველად მივიღეთ მონაწილეობა „პროვაინზე“ ჩვენ ვყიდდით რუსეთში და ცოტაოდენს ახლო სამეზობლოში. „პროვაინი“ ერთ-ერთია, თუმცა არა ერთადერთი, რომელმაც ხელი შეუწყო, რომ ქართული ღვინო ჩანდა, ფიქსრიდებოდა ღვინის რუკაზე. ეს იწვევს ინტერსს ჟურნალისტებში, დისტრიბუტორებში. ჟურნალისტების ინეტერსი მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ინფორმაციას გადასცემენ მომხმარებელს. ვგულისხმობ სპეციფიკურ ჟურნალისტიკას, როგორიცაა ღვინის მწერლები და ღვინის სპეციალიზებული გამოცემები, აქ მასმედია არ მონაწილეობს, როგორც წესი. ჩვენ ამ წლების განმავლობაში წლიდან წლამდე სხვადასხვა ღონსიძიება ჩაგვიტარებია „პროვაინზე“: გვქონია სპეციალური სადეგუსტაციო სესიები, პრეზენტაციები, ლექციები და ა. შ. წელს ჩვენ დაგეგმილი გვაქვს სხვადასხვა ღონისძიება მსოფლიოს მასშტაბით, ამიტომ აქ კონკრეტული პრეზენტაცია არ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად. გვქონდა სტენდი და მიზანი - სტენდზე ფოკუსირებული მიზნობრივი აუდოტორიის მოყვანა. ჩვენ უკვე ვიცით, რომ რამდენიმე ღვინის მაგისტრმა გასინჯა ქართულ ღვინო და გააკეთებს რევიუს ქართულ ღვინოზე, ეს ჩანაწერები მოხვდება ძალიან ავტორიტეტულ ღვინის პრესაში, ეს არის ძირითადი, რაც ამ გამოფენას მოჰყვება. თუმცა, ეს გამოფენა მნიშვნელოვანია კომპანიებისთვის, იმიტომ, რომ ისინი თავიან პარტნიორებს ხვდებიან, ზოგიერთი ხელშეკრულებებს აფორმებს ამ დროს, ზოგი ახალ პარტნიორს პოულობს.

- დღეს ღვინის ბაზარი გაჯერებულია და ახალ გემოებს ეძებს. ამ კუთხით საქართველოს ბევრი აქვს სათქმელი, რადგან მიუხედავად ქართული ღვინის ინდუსტრიის სიძველისა, ის ახალია დასავლეთისთვის თავისი ტექნოლოგიითა და მრავალფეროვნებით. რამდენად იჩენენ ინტერესს ამ კუთხით?

- პროვაინი არის დიდი, გლობალური გამოფენა, ამიტომ აქ სპეციფიური პროდუქტებისადმი იმხელა ინეტერსი არ არის როგორც სპეციალიზირებულ ვიწრო დარგობრივ გამოფენებზე, თუმცა მრავალფეროვნება საინტერესოა და მე ვფიქრობ, რომ ჟურნალისტების ინტერესი იყო არა კონკრეტულად ერთის მიმართ, არამედ აი ამ მრავალფეროვნების მიმართ, რაც შეგვიძლია შევთავაზოთ ჯიშური და სხვადასხვა კუთხით. ეს იქნება საინტერესო, რაც შეიძლება პროვაინმა აჩვენოს.

- როგორც ერთ-ერთმა ღვინის მწერალმა მითხრა, ახალი ჯიშები ფრთხილად უნდა შევთავაზოთ ბაზარს. როგორია თქვენი მიდგომა ამ მხრივ?

- რა თქმა უნდა, შოკისებურად რაღაც უცხო გაურკვეველი პროდუქტის მიწოდება შეიძლება უკურექაციას იწვევდეს ბაზარზე, იმიტომ რომ, მომხმარებელი უნდა იყოს მზად ამ სიახლის მისაღებად. ამიტომ, შეიძლება უფრო შუალედური პროდუქტების მიტანა, ეს პრფესიონალების საქმეა და სწორედ ამიტომ ჩვენ გვაქვს მარკეტინგის მიმართულებით დალაგებული სამოქმედო გეგმა, რაც გულისხმობს მრავალი პროფესიული ჯგუფის ჩართვას. სხვადასხვა ბაზრის მიხედვით, ჩვენ გვყავს სხვადასხვა ჯგუფი, სხვადასხვა კომპანია, სხვადასხვა ე.წ. აზრის ჩამომყალიბებელი ადამიანი, რომელიც კონკრეტულად იმ ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე ადგენს სამოქმედო გეგმას და მერე იმას მოვყვებით, რომ შედეგი იყოს. ის გვირჩევს, რომ ამ პროდუქტის წარდგენა ამ მომენტში არ არის მიზანშეწონილი, ან რაღაც სხვა არის გასაკეთებელი, ან ტექსტია გასაკეთებელი, ისტორიის ფორმა შესაცვლელი.

- ქვევრის ღვინის მიმართ როგორი ინტერესი იყო? დასავლეთისთვის მაინც განსხვავებული ტექნოლოგიაა.

- ქვევრის ღვინის მიმართ გერმანული ბაზარი გულწრფელები რომ ვიყოთ, არ არის ძალიან კეთილგანწყობილი იმიტომ, რომ გერმანელ მომხმარებელს აქვს თავისი ჩამოყალიბებული სტეროტიპები. აქედან გამოდინარე, ძალიან რთულია [ქვევრის ღვინის] გერმანელ მომხმარებლამდე მიტანა, მაგრამ ქვევრის ღვინო, რა თქმა უნდა, იყო ამ გამოფენაზე წარმოდგენილი, თუმცა შედარებით მცირე დოზით, რადგან, როგორც ვთქვი, ეს გლობალური გამოფენაა და გლობალური მყიდველები არიან, ქვევრის ღვინო კი არის ნიშური პროდუქტი, რომელიც სპეციფიკურ გამოფენებზე ან სპეციფიკურ დეგუსტაციებზე ხვდება.