Eurasianet - კანონის უზენაესობის უარყოფა საქართველოს საინვესტიციო კლიმატს აზარალებს

გამოცემა Eurasianet კენ სტირის სტატიას აქვეყნებს, სახელწოდებით „კანონის უზენაესობის უარყოფა საქართველოს საინვესტიციო კლიმატს აზარალებს“.

როგორც სტატიის ავტორი წერს, საქართველოში უცხოელი ინვესტორების წინააღმდეგ დაწყებულმა ტალღამ, ინვესტორებმა, რომლებიც კორუმპირებულ სასამართლოზე საუბრობენ, დიპლომატები და საერთაშორისო ბიზნესსაზოგადოება ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის გაუარესებაზე დააფიქრა.

„სხვადასხვა ბიზნეს სექტორში არსებული სიტუაცია საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას რეალურ საფრთხეს უქმნის. ამის გასაბათილებლად მთავრობა მუდმივად საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციაზე საუბრობს.

თუმცა მსჯელობას და საუბრებს ბიზნეს გარემოს გაუარესებაზე ვეღარაფერი აჩერებს. ქვეყნის ყველაზე დიდმა უცხოურმა ბიზნეს ორგანიზაციამ - ”საერთაშორისო სავაჭრო პალატამ”არასახარბიელო საინვესტიციო გარემოს შესახებ ახლახან ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

სიტუაცია განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გამძაფრდა. 2017 წლის თებერვალში თბილისის საქალაქო სასამართლომ თამბაქოს უმსხვილესი მწარმოებლი Philip Morris International 38 მილიონი აშშ დოლარით დააჯარიმა. ანალოგიური მოხდა მარტშიც, როცა British-American Tobacco 112 მილიონ აშშ დოლარით დაჯარიმდა. მოსარჩელე მხარეები აღნიშნულ კომპანიებს დემპინგში ადანაშაულებდნენ.

ეს უცხოელი ინვეტსორების წინააღმდეგ წარმართული ერთადერთი საქმე არაა. ეგვიპტელმა ინვესტორმა თბილისში, ვაკეში 15 მილიონ აშშ დოლარად მიწა იყიდა, სადაც მრავალფუნქციური შენობის აშენებას აპირებდა. მოგვიანებით კი აღმოაჩინა, რომ მიწა ხელახლა გაიყიდა მმართველ პარტია ”ქართულ ოცნებაზე”.

ასევე, მაისში მაღაროებზე მომუშავე უკრაინულ-ამერიკულ კომპანიას სასამართლომ ”სპეციალური ადმინისტრატორი” მიუჩინა.

აღნიშნული შემთხვევების გაანალიზების შემდეგ, ”საერთაშორისო სავაჭრო პალატამ” განაცხადა, რომ ეს ტენდენცია მიმართულია ”არაკონტროლირებადი ელემენტების” მიმართ. ამ ტერმინში კი იგულისხმა სტრუქტურები, რომლებიც ანგარიშს არ აბარებენ საქართველოს მთავრობას და რომლებსაც მთავრობა არ მართავს.

”საქართველოს ფორმალურად პრემიერ-მინისტრი, რეალურად კი ბიძინა ივანიშვილი მართავს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდებიან ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ მათ შეხება არ აქვთ პრემიერთან და საქართველოს მთავრობასთან. ამ ინდივიდუალებს აღნიშნული სიტუაციიდან სარგებლის მიღება უნდათ და სწორედ ესაა ინვესტორების პრობლემების მთავარი მიზეზი,” - აცხადებს პოლიტიკური ანალიტიკოსი გია ნოდია.

სასამართლო სისტემა, რომელიც დასავლეთის გრანტების საშუალებით ვითარდება, განსაკუთრებული კრიტიკის მიზეზი გახდა. ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ხელმძღვანელის ეკა გიგაურის თქმით, სასამართლოს მართავს კლანი, რომელსაც მხარს უჭერენ ადამიანები, რომლებიც მმართველ პარტიასა და მთავრობაში არიან.

საერთაშორისო საზოგადოების ნაწილის რჩევაა, რომ შეიქმნას სრულიად ახალი კომერციული სასამართლო სისტემა. ეს იდეა პირველად გაჟღერდა ივნისში, საქართველოს საინვესტიციო საბჭოსა და ადგილობრივი და უცხოური ბიზნეს ორგანიზაციების შეხვედრაზე. ამჟამად ”ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის” ექსპერტები დეტალურ გეგმაზე მუშაობენ. თუმცა ამ გეგმის რეალურად განხორციელებას პარლამენტის დამტკიცება დასჭირდება“, - წერს სტატიის ავტორი კენ სტირი.