რა პრინციპით არის განსაზღვრული საქართველოში საპენსიო ასაკი და როგორია საერთაშორისო პრაქტიკა?

2017 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოში ასაკით პენსიის მიმღები 725 963 პირია, მათ შორის 514 647 ქალი, 211 316 კი მამაკაცია.

თითოეულ მოქალაქეზე ასაკობრივი პენსია 180 ლარით არის განსაზღვრული, თუმცა 2016 წლის 1-ელი სექტემბრიდან, ”მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ” კანონის მიხედვით, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პენსიონერებისთვის გაიცემა ყოველთვიური დანამატი პენსიის 20%-ის ოდენობით, ანუ ჯამში ისინი 216 ლარს იღებენ.

რაც შეეხება საპენსიო ასაკს, აღნიშული საკითხი კანონმდებლობით არის დარეგულირებული და მამაკაცებისათვის - 65 წელი, ხოლო ქალებისათვის - 60 წელია.

როდის და რის მიხედვით განისაზღვრა საქართველოში საპენსიო ასაკი და რა განაპირობებს ქალებსა და მამაკაცებს შორის ასაკობრივ დიფერენციაციას?

აღნიშნული კითხვით "ბიზნესპრესნიუსმა" შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართა. პენსიებისა და სოციალური დახმარებების სამმართველოს უფროსი თათია გვარამაძე განმარტავს, რომ საქართველოში საპენსიო ასაკი მამაკაცებისათვის 65 წელი, ქალებისათვის კი 60 წელი ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოს განისაზღვრა.

"დღეის მდგომარეობითაც, საქართველოში გვაქვს უნივერსალური სოციალური საპენსიო სისტემა, რომელიც დამოკიდებულია მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევაზე. ის არ განასხვავებს ერთმანეთისგან მომუშავე და არამომუშავე პირებს. პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის- 65 წლამდე მიღწევა. ამასთანავე, პენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან.აღნიშნული განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორებით, თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ქალებსა და მამაკაცებს შორის გაწეული სამუშაოსთვის განსხვავებული ანაზღაურება და ქალების მიერ გაწეული არაანაზღაურებითი შრომა, რომელიც მოიცავს შვილებზე ზრუნვას და საოჯახო მეურნებაში მუშაობას. თუ გადავხედავთ საქსტატის მონაცემებს აქტიური სამუშაო ძალის ჭრილში, ქალები ნაკლებად დასაქმებულები არიან. მათი საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ოდენობა ნაკლებია მამაკაცების ნომინალურ ხელფასზე. ასევე, ქალებს ხშირად უწევთ კარიერის შეწყვეტა, დაბალანაზღაურებად სამუშაოზე ან ანაზღაურების გარეშე საოჯახო მეურნეობებში მუშაობა, რათა მეტი დრო დაუთმონ ბავშვების აღზრდას და საოჯახო ვალდებულებების შესრულებას. ამდენად, განსხვავებული საპენსიო ასაკი გენდერული უთანასწორობის ერთგვარ საკომპენსაციო ღონისძიებად შეგვიძილია მივიჩნიოთ", - ამბობს თათია გვარამაძე.

რაც შეეხება საერთაშორისო პრაქტიკას, თათია გვარამაძის თქმით, მსოფლიო საპენსიო  სისტემები განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ რა ტიპის ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური გამოწვევები აქვს ქვეყანას.

"განსხვავებულია საპენსიო სისტემის მოდელები, ზოგიერთ ქვეყანაში საპენსიო სისტემა დაფუძნებულია სოლიდარობის პრინციპზე, ზოგიერთ მათგანში დაგროვებითი საპენსიო სქემა მუშაობს ან შერეული სისტემაა. პენსიის მიღებისთვის საჭირო ასაკიც ქვეყნებს შორის განსხვავებულია, რიგ ქვეყნებში კი განსახვავებულია საპენსიო ასაკი ქალებსა და მამაკაცებს შორის. ასე მაგალითად, ავსტრიაში საპენსიო ასაკი ქალებისთვის არის 60 წელი, მამაკაცებისთვის - 65 წელი, ბულგარეთში - ქალების საპენსიო ასაკია - 62 წელი, მამაკაცების - 65 წელი, ხორვატიაში - ქალები - 61 წელი, მამაკაცები - 65 წელი, ლიტვა - ქალები - 61 წელი, მამაკაცები - 63 წელი და ა.შ. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად, მსოფლიოში საპენსიო ასაკის ზრდის ტენდენცია შეინიშნება, რაც გამოწვეულია მოსახლეობის მატების, სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდითა და აქტიური დაბერებით. შესაბამისად, ქვეყნები ცდილობენ მიიღონ ზომები საპენსიო ასაკის ეტაპობრივი გაზრდის მიმართულებით. ასე მაგალითად, ავსტრიაში საპენსიო ასაკი 2033 წლისთვის 65 წელი იქნება, როგორც ქალებისთვის, ისე მამაკაცებისთვის, ირლანდიაში 2028 წლისათვის - 68 წელი, ნაცვლად 66 წლისა, ჩეხეთში - 2041 წლისთვის - 67 წელი, ნაცვლად 63 წლისა მამაკაცებისთვის და 58 წლისა ქალებისთვის, უნგრეთში - 2022 წლისთვის 65 წელი, ნაცვლად 62 წლისა, გერმანიაში - 2029 წლისთვის - 67 წელი, ნაცვლად 65 წლისა და ა.შ.", - ამბობს თათია გვარამაძე.

საპენსიო პოლიტიკა პერიოდულად აქტუალური ხდება პოლიტიკურ წრეებს შორის. ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკის გათანაბრებას მოითხოვს „პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველო“. პარტიაში მიიჩნევენ, რომ საპენსიო ასაკში არსებული განსხვავება დისკრიმინაციულია. ამ მიზნით მოძრაობამ საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართა.

როგორ შეიძლება აისახოს სახელმწიფო ბიუჯეტზე აღნიშნული ინიციატივის რეალურად განხორციელება? - ”ახალგაზრდა ფინანსისტთა ასოციაციის” ეკონომისტი ანდრია გვიდიანი იხსენებს, რომ საპენსიო ასაკის გათანაბრებაზე პოლიტიკოსები მუდმივად საუბრობდნენ, თუმცა ბიუჯეტის ნაკლებობის გამო, ასეთი ინიციატივა ჯერჯერობით ხორცშესხმული არ არის.

ეკონომიკის ექსპერტი ამ ეტაპზე მსგავსი ინიციატივის ძალაში შესვლას მიზანშეუწონლად მიიჩნევს.

"საპენსიო ასაკს თავისი საფუძველი და ლოგიკური დასაბუთება აქვს. აქამდეც ხშირად იყო საუბარი, რომ საპენსიო ასაკი უნდა გათანაბრებულიყო, სხვადასხვა პოლიტიკოსების მხრიდან წინასაარჩევნო დაპირებაც არსებობდა. ყოველ შემთხვევაში, აქამდე ეს რეალური არ გამხდარა. სწორედ ფისკალური დაუსაბუთებლობა იყო მიზეზი, რომ საპენსიო ასაკი არ გათანაბრებულა. ბიუჯეტს არ აქვს ამის შესაძებლობა, არ არის ბიუჯეტი მზად იმისთვის, რომ დამატებით ასეთი საპენსიო ხარჯები გასწიოს. ეს მიზეზი ოფიციალურ მიზეზად არასდროს სახელდებოდა, მაგრამ რეალური მიზეზი სწორედ ეს არის, რომ ბიუჯეტს საპენსიო ასაკის გათანაბრება დიდ ტვირთად არ დააწვეს. იმ შემთვევაში, თუ საპენსიო წლები გათანაბრდება, საპენსიო ასაკში ბევრი ადამიანი მოექცევა. ეს არის რეალური მიზეზი, თუმცა ამაზე არც ხელისუფლება და არც სხვა პოლიტიკოსები არ საუბრობენ, რადგან უხერხული მიზეზია ამის ოფიციალურად გამჟღავნება", - აღნიშნავს ადრია გვიდიანი.

მისი მოსაზღებით, საპენსიო ასაკის გათანაბრების შემთხვევაში ბიუჯეტიდან სხვა კომპონენტებს მოაკლდება მნიშვნელოვანი სახსრები.

"უბრალოდ, მიზანშეუწონელია ამ დროისთვის, რადგან სხვა ბევრი ხარჯები აქვს ბიუჯეტს. ბიუჯეტში სხვა ძალიან ბევრი ხარჯი არის, რომელიც ჩემი აზრით საერთოდ არ უნდა იყოს, თუმცა ეს სხვა თემაა... ამ ეტაპზე, ვფიქრობ ეს ინიციატივა დროული არ არის და უახლოეს მომავალში ამ ინიციატივის ძალაში შესვლის საფუძველი არ იქნება", - აცხადებს ანდრია გვიდიანი.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური მონაცემებით, ასაკით პენსიონერების პენსიაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველთვიურად დაახლოებით 131 მილიონი ლარი გაიცემა. უფრო კონკრეტულად, წელს აგვისტოს ჩათვლით ასაკით პენსიონერებზე 1 048 839 326 ლარი გაიცა, 2016 წელს გაცემულმა თანხამ კი 1 469 165 816 ლარი შეადგინა.

ანა მარშანია

იხილეთ აგრეთვე: საპენსიო რეფორმა – რატომ დაგროვებითი და ნებაყოფლობითი?

ტოპ-10 ქალაქი საცხოვრებლად, სადაც პენსიაზე ნაადრევად გასვლაა შესაძლებელი