ფასი - ქართული ღვინის პრობლემა

ქართული ღვინო რომ უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს, მისი ფასი უნდა შემცირდეს.

მაღალი ფასები ყურძენსა და ლოგისტიკაზე ორი მთავარი ფაქტორია ყველა სხვა დაბრკოლებათა შორის, რაც ქართული ღვინის ფასს ზრდის და მის კონკურენტუნარიანობას ამცირებს მსოფლიო ბაზარზე - ასე ფიქრობს თეო იანსენი, ღვინის ექსპერტი ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინსტროდან, რომელიც ქართული ღვინის ნიდერლანდების ბაზარზე შესვლას უწყობს ხელს.

იანსენი ქალაქ დიუსელდორფში 23-25 მარტს გამართულ ტრადიციულ საერთაშოროსო გამოფენა „პროვაინ 2014“-ს ქართულ სტენდზე ესწრებოდა, სადაც bpn-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ქართული ღვინო შეაფასა და მისი მარკეტინგის პრობლემებზე ისაუბრა.

- ქართული ღვინო უკვე 14 წელია „პროვეინს“ ესწრება. როგორ შეაფასებდით მის მიღწევებს, სად დგას დღეს ქართული ღვინო?

- ჩემი ყურადღება ქართულმა ღვინომ ჯერ კიდევ 1992-93 წლებში მიიქცია იმ ფაქტის გამო, რომ ის არის ღვინის სამშობლოდან, აქვს უნიკალური ღვინოები და საკუთარი ჯიშების დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. დღეს უამარავი კარგი ღვინოა ბაზარზე გაცილებით იაფად, რაც ქართულ ღვინოს პრობლემებს უქმნის, იპოვოს თავის ნიშა [მსოფლიო ბაზარზე]. ეს ნიშა შეიძლება დაიკავოს მხოლოდ და მხოლოდ თავისი უნიკალურობის, საკუთარი ჯიშების შენარჩუნებით. ცოტა უფრო რბილი, დასალევად ადვილი ღვინო უნდა დააყენოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა აიღოთ ხელი საკუთარი ყურძნის ჯიშებზე - ეს არის ის, რისთვისაც მომხმარებელი იყიდის ქართულ ღვინოს, რადგან ის განსხვავებულ გემოს სთავაზობს. ბაზარზე ჯერ კიდევ არის მოთხოვნა გამორჩეული ღვინის მოყვარული მომხმარებლის მხრიდან, ვინც მეტს იხდის და რაღაც ახლის ძიებაშია. სწორედ ეს არის ქართული ღვინის სამიზნე ჯგუფი - განსაკუთრებით წარმატებული და განვითარებული ქვეყნები იძლევიან ამ შესაძლებლობას. დღეს-დღეობით, ღვინის მწერალთა ძალიან დიდი ინტერესს იწვევს ქვევრის ღვინო, მაგრამ ის გაცილებით ძვირია.

- მაინც რამდენად ძვირია?

- ორმაგი ღირს, ზოგჯერ ხუთჯერ-ექვსჯერ უფრო ძვირიც კი, ვიდრე ჩვეულებრივი კარგი ღვინო, მაგრამ ის შეზღუდულია მოცულობებში. თუმცა, ქვევრი შეიძლება ბაზართან კომუნიკაციის საშუალება გახდეს, იმ მესიჯით, რომ საქართველო არის უნიკალური ღვინის ისტორიის ქვეყანა. ამ თვალსაზრისით, მე ქვევრი ძალიან მომწონს, მაგრამ მას მეტი რეგულირება სჭირდება. დღეს [ბაზარზე] არის ღვინო, რომელიც მხოლოდ ერთი თვე იყო ქვევრში გაჩერებული და ასევე არის ღვინო, რომელიც ერთი წელი იდგა ქვევრში. ხალხმა არ იცის, რას ელოდოს ქვევრის ღვინისგან, არადა ფასები მაღალია და არავინ იცის, სინამდვილეში ეს რა არის. სამომავლოდ, ამ ფაქტორის დარეგულირება კარგი იქნებოდა საქართველოსთვის. თქვენ უნდა გაითვალისწინოთ, რომ მიუხედავად ყველა აღნიშნული დადებითი ფაქტორისა, ხართ განსხვავებული და ღვინის მწარმოებელი უძველესი ქვეყანა, მსოფლიოში უამარავი კარგი ღვინოა და მუდმივად მზარდ ფასებს ვერ შეინარჩუნებთ თქვენს ღვინოზე.

- რა იწვევს ასეთ მაღალ ფასს?

- ქართული კომპანიები 3-4-ჯერ მეტ ფასს იხდიან ყურძენში, ვიდრე ვინმე სხვა. ეს უკვე ქმნის პრობლემას. თუ გინდათ, რომ მსოფლიო ბაზარზე გაყიდოთ პროდუქტი, უნდა რეალისტები იყოთ. მეორე საკითხია თვითღირებულების შემცირება ტრანსპორტირებაზე ფასების შემცირებით. საქართველოდან ევროპაში ტრანსპორტირება უფრო ძვირია, ვიდრე ჩინეთიდან ან სამხრეთ აფრიკიდან. ერთი კონტეინერის ტრანსპორტირება საქართველოდან 3-4-ჯერ უფრო მეტი ღირს, ვიდრე ჩინეთიდან, იმიტომ რომ საქართველოდან მიწოდება ნაკლებია და თან შიდა გადაზიდვა ძალიან ძვირია: კახეთიდან ფოთამდე ტრანსპორტირება უფრო ძვირია, ვიდრე მთლიანი კონტეინერის გადაზიდვა სამხრეთ აფრიკიდან ჰოლანდიამდე.

- თქვენ როგორ ხსნით ასეთ სიძვირეს შიდა გადაზიდვაში, საწვავის ფასებია მაღალი?

- მე ვფიქრობ, რომ მონოპოლია არსებობს საქართველოში გადამზიდავ კომპანიებში და ეს ძალიან ცუდია ქართული ღვინის გაყიდვებისთვის.

- ქართული ღვინისთვის მაინც სად ხედავთ სამიზნე ბაზარებს?

- მე ვფიქრობ ევროკავშირში, ფოკუსი უნდა იყოს პოლონეთზე, რადგან ის ჯერ კიდევ მზარდი ბაზარია და თან დიდი თანაგრძნობით არის გამსჭვალული საქართვლოს მიმართ. პოლონეთში ერთ-ერთ სატელევიზო არხზე ასეთი ფრაზაც კი ისმის „იყიდეთ, გეთაყვა, ქართული ღვინო, დაეხმარეთ მათ“. პოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან აქტუალურია სურვილი, რომ დაგეხმარონ. პოლიტიკა ძალიან მგრძნობიარეა ასეთ შემთხვევაში.

- რომელი ქართული ღვინოა დასავლეთში ყველაზე პოპულარული?

- ყველაზე პოპულარულია საფერავი, ძალიან დიდი პოტენცია აქვს რომ გახდეს ძალიან მაღალი ხარისხის კარგი ღვინო. მე ასევე ძალიან დიდ რეკლამას ვუკეთებ „ქისის“, რადგან მისი გემო მსუბუქია და მისაღები, თანაც მისი სახელი ადვილი წარმოსათქმელია. მე ვამბობ - „ამბორი [ქისი ინგლისურად იწერება როგორც Kisi, ხოლო kiss ქართულად ითარგმნება როგორც კოცნა] საქართველოდან“. მაგრამ თქვენ აუცილებლად უნდა გამოიტანოთ მეტი ახალი ჯიშები, განსაკუთრებით წითელ ღვინოში. თეთრი ღვინის მხრივ პრობლემა არ მაქვს, უამრავი სახეობაა რომ ვაჩვენო, მაგრამ წითელ ღვინოში პრობლემას ვაწყდები. ვთქვათ, მაქვს ღვინის დეგუსტაცია და ბოლოს ვამბობ, რომ ყველა ეს წითელი ღვინო, რაც წარმოდგენილია არის საფერავი. არადა მომიხდება ვისაუბრო 500-ზე მეტ ყურძნის ჯიშზე [რაც ქართული ენდემური ყურძნის გენოფონდია] და რა სულელური სანახავი ვიქნები ამ დროს. ამიტომაც სულ ვამბობ, რომ მეტი ახალი სახეობა განავითარონ წითელი ღვინის სექტორში.