საპენსიო რეფორმის გამოწვევები

მძიმე სოციალური ფონის პარალელურად, სიღარიბის დაძლევის გზების ძიება მუდამ აქტუალურია.

ამ გზაზე ერთგვარ პოლიტიკურ იარაღად იქცა პენსიის საკითხი. უმრავლესი პოლიტიკური პარტიების დაპირება პენსიების შესაძლო ზრდაა, თუმცა დაპირების მიღმა ხშირ შემთხვევაში ეკონომიკური გათვლების სიმწირეა და დაპირება კვლავ დაპირებადვე რჩება.

საკითხი ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიურია საქართველოს მოსახლეობისათვის. საინტერესოა, თუ რა სიტუაცია გვაქვს დღეს ამ მიმართულებით, რა რეფორმებია გასატარებელი და ვისი მხრიდან, რათა სოციალური ფონი გაუმჯობესდეს და ბიუჯეტსაც მოაკლდეს ამ კუთხით წნეხი. შესაბამისად, ამ თანხით სხვა მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდეს.

პენსია საქართველოში

საქართველოში პენსიის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით. პენსიის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. საქართველოში პენსიის მიმღებთა რაოდენობა წლიდან წლამდე მატულობს და თუ 2009 წელს პენსიონერთა საერთო რაოდენობა 660 000 იყო, 2016 წელს მათი რაოდენობა 720 200-ია. ქალები 60 წლის ასაკიდან და მამაკაცები 65 წლის ასაკიდან განურჩევლად სამუშაო სტაჟისა, მუშაობის პერიოდში ხელფასის ოდენობისა, საცხოვრებელი ადგილისა ან რაიმე სხვა ფაქტორისა, იღებენ 180 ლარს თვეში. უკანასკნელად 20 ლარით 2016 წლის ივლისში გაიზარდა. აღნიშნული თავის არსით უფრო სოციალური დახმარებაა ვიდრე პენსია. აღსანიშნავია, რომ რეგიონში ყველაზე დაბალი პენსია საქართველოშია.

პენსიის ოდენობა რეგიონში

როგორც აღინიშნა, რეგიონში ყველაზე დაბალი ოდენობის პენსია საქართველოში გაიცემა. რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, ყველაზე მაღალი პენსია თურქეთშია, რომლის ყოველთვიური ოდენობა 460 დოლარს შეადგენს. საპენსიო ასაკი ქალებისთვის 58, ხოლო მამაკაცებისთვის 60 წელია.

მას მოსდევს რუსეთი, სადაც ყოველთვიური პენსიის ოდენობა 260 დოლარია. საპენსიო ასაკი ქალებისთვის 55, ხოლო მამაკაცებისთვის 60 წელია.

მესამე პოზიციაზეა აზერბაიჯანი. ყოველთვიური საპენსიო ოდენობა აქ 120 დოლარია. საპენსიო ასაკი ქალებისათვის და მამაკაცებისთვის საერთოა და 65 წელს შეადგენს.

მეოთხე პოზიციაზეა სომხეთი. სომხეთში პენსიის ოდენობა 85 დოლარია. ქალების და მამაკაცების საპენსიო ასაკი, აზერბაიჯანის მსგავსად, აქაც გათანაბრებულია, თუმცა სომხეთში ის 63 წლიდანაა განსაზღვრული.

რაც შეეხება საქართველოს, რეგიონში ბოლო პოზიციაზეა და პენსიის ოდენობა 73 დოლარია. საქართველოში საპენსიო ასაკად ქალისთვის 60, ხოლო მამაკაცისთვის 65 წელია განსაზღვრული.

როგორც ვხედავთ, ვითარება ამ მიმართულებითაც რთულია.

ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკის გათანაბრების საკითხი საქართველოში

რეგიონში ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკი მხოლოდ სომხეთსა და აზერბაიჯანშია გათანაბრებული. საპენსიო ასაკის გათანაბრებაზე საუბარი საქართველოშიც დაიწყეს.

როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოში საპენსიო ასაკად ქალისთვის 60, ხოლო მამაკაცისთვის 65 წელია განსაზღვრული. პოლიტიკური პლატფორმა "ახალი საქართველოს" წევრები ინიციატივით გამოვიდნენ, რომ გათანაბრდეს ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკი და სქესის მიუხედავად, პენსიის მიღების ასაკად დადგინდეს 60 წელი.

ინიციატივა "ახალი საქართველოს" ქალთა ორგანიზაციას ეკუთვნის. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თეონა ჭალიძის თქმით, უახლოეს მომავალში მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყება 30 000 ხელმოწერის შეგროვება.

180 ლარიანი პენსია დღეს სახელმწიფოს 1.53 მილიარდი ლარი უჯდება. შესაბამისად, ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკის გათანაბრების შემთხვევაში ბიუჯეტზე საპენსიო დაფინანსების წნეხი გაიზრდება, რადგან მამაკაცები, მსგავსად ქალისა, 60 წლის ასაკიდან დაიწყებენ პენსიის აღებას. შესაბამისად, მინიმუმ 180 ლარით მეტის გაცემა მოუწევს ბიუჯეტს თითოეული პენსიონერ კაცისთვის, ვინც 60 და მეტი ასაკის მქონეა და სახელმწიფოს კიდევ უფრო მეტი თანხის მობილიზება მოუწევს პენსიის გასაცემად, რაც ბიუჯეტს საკმაოდ დიდ ტვირთად დააწვება.

ინიციატივის ავტორები შესაბამის ვადებში პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის შეტანასაც გეგმავენ, რომლის მიხედვით, უნდა გადაიხედოს საკონსტიტუციო მუხლი საპენსიო ასაკთან დაკავშირებით. მათი განცხადებით, კონსტიტუციაში ჩაწერილი კანონი სახელმწიფო პენსიის შესახებ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციულია.

მოსალოდნელი საპენსიო რეფორმა

არსებული ვითარების გამოსასწორებლად მთავრობა უკვე დიდი ხანია აანონსებს საპენსიო რეფორმას. საპენსიო რეფორმის ამოქმედების ვადა ამჯერად 2018 წლის მესამე კვარტალი დასახელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში საპენსიო რეფორმა შერეული სისტემით იქნება, სადაც დამსაქმებელი, დასაქმებული და სახელმწიფო ერთდროულად განახორციელებენ შენატანებს. უფრო კონკრეტულად, მოქალაქე განახორციელებს შენატანს საპენსიო ფონდში და წახალისების მიზნით, დამსაქმებელი და სახელმწიფო ვალდებული ხდება, მას 2-2% გადაურიცხონ საპენსიო ანგარიშზე მთლიანი შენატანი იქნება 6%, ანუ 2%-ს იხდის დასაქმებული, 2%-ს სახელმწიფო და 2%-ს დამსაქმებელი. ეს შენატანი 40 წლის ასაკამდე სავალდებულო იქნება, ხოლო 40 წელს ზემოთ ნებაყოფლობითი.

აღსანიშნავია, რომ თუ ეს შენატანი გახდება სავალდებულო, ანუ გაჩნდება ახალი გადასახადი ბიზნეს სუბიექტისთვის, პროცესს გაართულებს კონსტიტუციის 94-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, ახალი გადასახადის შემოღება ახალი სახის საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის შემოღება, გარდა აქციზისა, ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით.

ერთზე, რაზეც ყველა თანხმდება, არის ის, რომ საპენსიო რეფორმის გატარება აუცილებელია, თუმცა ეკონომისტები საკითხის სირთულეზე საუბრობენ.

ექსპერტთა შეფასებები

"საპენსიო რეფორმისთვის მზად არ ვართ, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი უმუშევარია"

ვახტანგ ხომიზურაშვილი, ეკონომისტი - "ვფიქრობ, საპენსიო რეფორმისთვის მზად არ ვართ, ვინაიდან მოსახლეობის საკმაოდ დიდი პროცენტი არის უმუშევარი. როდესაც მოხდება აკუმულირება ამ საპენსიო თანხების საპენსიო ფონდში, რეალურად საპენსიო ფონდმა უნდა მართოს ეს თანხები, იქიდან გამომდინარე როგორც ხდება ეს უცხოეთის ქვეყნებში. ჩვენთან მაგალითად საპენსიო ფონდს არ აქვს დასაბანდებელი თანხები პრაქტიკულად არსად, გარდა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების, სადაც დაბალი შემოსავლები გვაქვს და კომერციულ ბანკებში. რეალურად საპენსიო რეფორმა ეს არის აბსოლუტურად მეათეხარისხოვანი საკითხი, რომელიც გადასაწყვეტია ეკონომიკური სისტემისთვის. რაც შეეხება უშუალოდ საპენსიო ფონდების პრაქტიკას, უცხოეთში ეს საკითხი აწყობილია საერთოდ სხვა პრინციპზე და პირველ რიგში უმუშევრობის მაჩვენებელი იქ ძალიან დაბალია. საპენსიო ფონდებს აქვთ საშუალება დივერსიფიცირება გაუკეთონ დაბანდებებს და შესაბამისად კვალიფიციურად მართონ ეს თანხები, რაც აკუმულირებულია საპენსიო ფონდში. ჩვენ კი ეს საშუალებები საერთოდ არ გაგვაჩნია".

"ბიუჯეტს აუცილებლად უნდა მოეხსნას საპენსიო წნეხი და ამის მისაღწევად საპენსიო ფონდს ალტერნატივა არ გააჩნია"

ვახტანგ ჭარაია, ეკონომისტი - "გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს მოსახლეობის დაბერება უკვე რეალური პრობლემაა და 2030 წლამდე გაეროს კვლევებით 1 მილიონს მიაღწევს საქართველოში პენსიონერების რაოდენობა, ჩემი აზრით, აუცილებელია ბუჯეტს წნეხი მოეხსნას და გადანაწილდეს ეს ტვირთი ბიუჯეტიდან კერძო საპენსიო ფონდებზე და ამ მხრივ კერძო საპენსიო ფონდის ამოქმედებას ალტერნატივა არ აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბიუჯეტს ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი დოზით დააწვება პენსიონერებისთვის გადასახდელი სახსრები, რაც ბიუჯეტს შეუზღუდავს მოქმედების არეალს. კარგია, რომ საპენსიო ფონდი იქნება, მაგრამ თვითონ საპენსიო ფონდის სტრუქტურა, სადაც ორ-ორი პროცენტით ბიზნესი დასაქმებული და ხელისუფლება მონაწილეობს, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რაიმე წონიან შედეგს მივაღწიოთ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საშუალო ხელფასი 1000 ლარია ქვეყანაში, დაახლოებით 60 ლარის დაზოგვას მოახერხებს ადამიანი. წლიური დანაზოგი კი გამოვა 720 ლარი.

ცხადია, რომ მცირე დანაზოგი გროვდება და როდესაც პენსიაზე გავა ადამიანი, ეს თანხა იმ პენსიაზე მაღალი არ იქნება რაც დღეს არის 180 ლარი. უბრალოდ, მოსახლეობას შეიძლება ეგონოს, რომ ის ღირსეულ პენსიაზე გავა თუ დაიწყებს ამ საპენსიო ფონდში თანხების აკუმულირებას. ვფიქრობ, მექანიზმებია დასახვეწი. ან პროცენტია გასაზრდელი, ან დამატებით ვიღაც მოთამაშეა შემოსაყვანი, რომელიც უზრუნველყოფს ამ ფულის მნიშვნელოვან წილად გაზრდას".

საპენსიო რეფორმას სრული კრახი ელოდება

დემურ გიორხელიძე, ეკონომისტი - "საპენსიო რეფორმას სრული კრახი ელოდება. როდესაც ქვეყანაში ინსტიტუტებისადმი ნდობა არ არსბეობს, მოსახლეობას ვერ აიძულებ ენდოს ფონდს, სადაც მათი დანაზოგები განთავსდება.

არავინ იცის რა მოხდება წლების შემდეგ, როცა დასაქმებული საპენსიო ასაკს მიაღწევს და როგორ შეძლებს თავისი თანხის დაბრუნებას. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ რეფორმა არ გაამართლებს".

"საპენსიო რეფორმა დიდ სიფრთხილეს საჭიროებს და ამ მიმართულებით აუცილებელია მუშაობის დაწყება".

სოსო არჩვაძე, ეკონომისტი - "აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში, მიუხედავად მისი ეკონომიკური განვითარებისა, საპენსიო რეფორმას დიდი სიფრთხილით ეკიდებიან. ჩვენ აუცილებლად უნდა დავიწყოთ შესაბამისი ღონისძიებების გატარება. ეკნომიკურ ფაქტორთან ერთად აუცილებლად დავამატებდი მენტალურ ფაქტორს. რამდენად არის ჩვენი საზოგადოება მზად იმისათვის, რომ იზრუნოს საკუთარ მომავალზე და ისე დაგეგმოს თავისი შემოსავლების და ხარჯების ტრაექტორია, რომ საპენსიო ასაკის დროს მოდიოდეს საკმარისი სახსრები.

ის სახსრები, რომელიც აკუმულირებული იქნება სპეციალურ საპენსიო ფონდებში, მათი მომგებიანობა უნდა იყოს არანაკლებ იმ მაჩვენებლებისა, რომელსაც მიაღწევს ინფლაცია კონკრეტულ პერიოდში. რამდენად გაართმევენ თავს ჩვენი ინსტიტუტები, რომლებიც აღნიშნული პრობლემის რეალიზაციით იქნებიან დაკავებულები, ამას დრო გვიჩვენებს. ის, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს არ გააჩნდა დაზოგვის კულტურა და ეკონომიკურ პროცესებზე ზედაპირული წარმოდგენა ჰქონდა, ამაში სათაკილო არაფერია. დიდი ხნის განმავლობაში იდეოლოგიური მანქანა მუშაობდა საპირისპირო მიმართულებით, რათა მოსახლეობა შორს ყოფილიყო იმ რეალური პროცესების ადეკვატურ ახსნასა და შეფასებისგან, რაც ხდებოდა ეკონომიკაში. დღეს სახელმწიფოს ერთ-ერთი ამოცანა არის არამხოლოდ დაიცვას მოსახლეობა, არამედ მასში შეიტანოს ეკონომიკური განათლების კულტურა".

ბაჩანა ჯინჭარაძე

გაზეთი "ბანკები და ფინანსები"