ასაკში შეცვლილი პროფესია - რა ხდება მაშინ, როდესაც წლების შემდეგ აღმოაჩენ, რომ სულ სხვა რამის კეთება გინდა

საგანმანათლებლო გადაწყვეტილება ერთ-ერთი უმთავრესია ადამიანის ცხოვრებაში. ჯობია, არ იჩქაროთ!

დედაჩემს 22 წლის ასაკში უკვე თითზე ბეჭედი ეკეთა, ჰყავდა ოჯახი, ორი შვილი და ძალიან ცხადი წარმოდგენა ჰქონდა საკუთარ ცხოვრებაზე. მე ჯერ არ დავოჯახებულვარ, თუმცა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – გავხდე ეკონომისტი – უკვე მივიღე. ეს 22 წლისამ გადავწყვიტე, რაც ბანკში ვიმუშავე (და მივხვდი, რომ ვერ ვიტანდი). თუმცა ჩემი ბევრი მეგობარი კვლავ ადრეულ ასაკში მიღებული პროფესიული და საგანმანათლებლო გადაწყვეტილებების ტყვეობაშია, იმ წლებში გადადმული ნაბიჯების ტყვეობაში, როცა ჯერ კიდევ არ იცი, ვინ ხარ და რა პოტენციალი გაქვს.

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ადრეულ ასაკში დაქორწინება და ათასგვარი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება სამხრეთ კავკასიის (და, შესაძლოა, ზოგიერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნის) მოსახლეობის უნიკალური ხვედრი იყო. ამიტომ გამიკვირდა, როდესაც გავიგე, რომ სხვა, ბევრად განვითარებულ ქვეყნებშიც უწევთ ახალგაზრდებს „სპეციალობის“ ნაადრევად არჩევა.

31 წლის ფილიპი ნიდერლანდების ტილბურგის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია. მან თავისი ცხოვრების 15 წელი სხვადასხვა პროფესიულ თუ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს მოახმარა და აღმოაჩინა, რომ ცხოვრებაში სულ სხვა, უკეთესი რამის კეთება უნდა...

ფილიპის ამბავი სანკტ-პეტერბურგში გავიგე, სადაც ერთმანეთს საზაფხულო სკოლაში შევხვდით. 12 წლის ასაკში, როგორც ყველა ჰოლანდიელმა ბავშვმა, მანაც ჩააბარა უნარ-ჩვევების ტესტი, რომელიც განსაზღვრავს, რა სახის საგანმანათლებლო პროგრამებში შეუძლია ბავშვს მონაწილეობის მიღება. ფილიპს გამორჩეული შესაძლებლობები არ ჰქონდა და ამიტომ არჩევანიც შეზღუდული ჰქონდა: დაბალი ან საშუალო დონის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები (VMBO ან HAVO, ჰოლანდიურ ჟარგონზე). ის ორი წლის განმავლობაში გადიოდა HAVO-ს, მაგრამ ჩამოაქვეითეს და VMBO-ზე გადაიყვანეს. 16 წლის ფილიპს, რომელსაც VMBO დიპლომი ჰქონდა, კვლავ მცირე არჩევანი ჰქონდა – HAVO-ს მეოთხე კურსი ან პროფესიული კოლეჯი. მან მეორე აირჩია და აღმოაჩინა, რომ მანქანების გაყიდვა უნდა ესწავლა (პროგრამის ოფიციალური სახელწოდება იყო „გაყიდვების მენეჯერი“). ოთხი წლის შემდეგ, 20 წლის ასაკში, გადაწყვიტა ერთი ნაბიჯით წინ წასულიყო და ბაკალავრის ხარისხი მიეღო („მცირე და საცალო ბიზნესის მართვაში“) ნიდერლანდების გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტში. კიდევ ოთხი წლის და მათემატიკის უნარის გაუმჯობესებაში ჩადებული დამატებითი ინვესტიციის შემდეგ, ფილიპი ჩირიცხა კვლევით უნივერსიტეტში. მან 25 წლის ასაკში დაიწყო ტილბურგის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლა. ახლა ის 31 წლისაა და მალე მაგისტრის ხარისხით დაასრულებს უნივერსიტეტს.

შესაძლოა, ჰოლანდიის საგანმანათლებლო სისტემას კეთილშობილური მიზნები ამოძრავებდა (დახმარებოდა ადამიანებს, ადრეულ ასაკში მიეღოთ საგანმანათლებლო გადაწყვეტილებები), მაგრამ ფილიპმა საგანმანათლებლო ჯოჯოხეთი გამოიარა. შეიძლება მისი ასეთი რთული კარიერული გზა გამონაკლისი შემთხვევა ადამიანის შესაძლებლობასა (ტესტებით გაზომილს) და მოლოდინებს შორის რადიკალური აცდენის შედეგი იყოს. მიუხედავად ამისა, ადრეულ ასაკში ბავშვების საგანმანათლებლო ჩარჩოში მოქცევა უამრავ რისკს შეიცავს.

რა ვიცით ჩვენი „პრეფერენციების“ შესახებ?

ეკონომიკური თეორია ამბობს, რომ ადამიანებმა იციან, რა სურთ, როდესაც არჩევნის წინაშე დგებიან. რეალობაში, ადამიანის პრეფერენციები სულიერი ძიებისა და საკუთრი თავის შეცნობის პროცესში ყალიბდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანები საკუთარ პრეფერენციებს მაშინ იგებენ, როდესაც სხვადასხვა რამეს მოსინჯავენ და გამოცდიან, დაუშვებენ და გამოასწორებენ შეცდომებს. ეკონომიკურ თეორიაში ამას პრეფერენციების ჩამოყალიბების თეორია ეწოდება. პრეფერენციები არჩევნის გაკეთების დროს, წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ყალიბდება.

ეს თეორია ან გამართლდება ან არა, როდესაც მომდევნო მანქანას ან სმარტფონს ვყიდულობთ. რთული საგანმანათლებლო და პროფესიული გადაწყვეტილებების დროს კი უდავოდ მართლდება. 15-16 წლის მოსწავლეების შეხედულება, რა სურთ, მომავალში გამოვიდნენ, შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს 25 წლის ასაკში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საგანმანათლებლო სისტემებმა ადამიანები ადრეული ასაკიდანვე არ უნდა მოაქციონ საგანამანათლებლო კალაპოტში („მანქანების გაყიდვა“), როცა მათი საგანმანათლებლო პრეფერენციები ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული. ფაქტობრივად, სისტემამ ადამიანებს საშუალება უნდა მისცეს, გამოსცადონ სხვადასხვა საგნები, პროფესიული უნარ-ჩვევები, ისწავლონ ცდისა და შეცდომის დაშვებით, შეიცვალონ ერთი სპეციალიზაცია მეორით.

საბედნიეროდ, მე მოწოდების აღმოსაჩენად 15 წელი არ დამჭირდა. ჩემი თაობის ზოგიერთმა ადამიანმა კი, შესაძლოა, ვერასოდეს მიაგნოს საკუთარ მოწოდებას, ან, ფილიპის მსგავსად, ძალიან გვიან მიხვდეს, რისი კეთება სურს. საქართველოშიც და სომხეთშიც საგანმანათლებლო არჩევანს ვაკეთებთ ძალიან ადრე, 17 წლის ასაკში, როდესაც ერთიან ეროვნულ გამოცდებს ვაბარებთ. გარდა იმისა, რომ მოსწავლეები საკუთარ თავს არ იცნობენ, ბევრ მათგანს მწირი ინფორმაცია აქვს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის ხარისხსა თუ შრომის ბაზრის მოთხოვნებზე. შედეგად, სტუდენტები ხშირად არასწორ საგანმანათლებლო პროგრამებში ხვდებიან და შეუსაბამო პროფესიებს ეუფლებიან, ფლანგავენ ცხოვრების წლებს, საჯარო და კერძო რესურსებს. იხილეთ გაგრძელება