ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ზოგიერთი დასახელების პროდუქტი თვალშისაცემად გაძვირდა და აღარც იაფდება.
ამ პერიოდში ზოგ ნაწარმზე ფასმა 20-30%-ით, ზოგზე კი 100-200%-ით მოიმატა. ექსპერტები პროდუქტის ფასების ზრდას, ერთი მხრივ, ლარის კურსის ვარდნას და სეზონურობას, მეორე მხრივ კი ქვეყანაში არსებულ მონოპოლიებს უკავშირებენ.
სიძვირის ლიდერობა მედიკამენტებმა, ბოსტნეულმა, რძის ნაწარმმა და ჰიგიენურმა საშუალებებმა იგდო ხელთ. მაგალითად, კარტოფილი 200%-ითაა გაძვირებული, ხოლო მედიკამენტები, საშუალოდ, 20-25%-ით.
"პროდუქტების გაძვირების მიზეზი შეიძლება ბევრი რამ იყოს, მათ შორის, კურსის ვარდნაც, მაგრამ უფრო მთავარი - მონოპოლიებია. უმეტესწილად ფასების მატების მთავარი მიზეზი კარტელური შეთანხმებებია. როდესაც ბაზარზე სულ რამდენიმე მოთამაშეა, ისინი თანხმდებიან და ამა თუ იმ პროდუქტზე ფასს ამის მიხედვით წევენ მაღლა", - აცხადებს ექსპერტი სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ნოდარ კაპანაძე.
ისევ გაძვირდა მედიკამენტები, რომლებიც 2012 წლის არჩევნების შემდეგ გაიაფდა. ფარმაცევტები წამლების გაძვირებას ლარის გაუფასურებას უკავშირებენ, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ 2013 წლის დასაწყისში, როდესაც "ქართულმა ოცნებამ" დაპირებების შესრულება დაიწყო, ყველა სააფთიაქო ქსელში წამალი გაიაფდა. იმ პერიოდში კი ლარი არ გამყარებულა, ეროვნული ვალუტის კურსი კარგა ხნის განმავლობაში სტაბილური იყო.
მაგალითად, ბავშვის ხველების წამალი "პუროქსანი", დაახლოებით, სამი თვის წინ 15 ლარი ღირდა, ახლა 19 ლარია. "პულმოლანი" კი 12 ლარიდან 18 ლარამდე გაძვირდა. ფარმაცევტების ინფორმაციით, ფასმა ყველა ჯგუფის მედიკამენტებზე მოიმატა, განსაკუთრებით კი ანტიბიოტიკებზე.
2013 წლის დასაწყისში საერთო სურათის შესაქმნელად "ბიზნეს-რეზონანსმა" რამდენიმე მედიკამენტის ფასები შეადარა ერთმანეთს (რა ღირდა 2012 წლის არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ). ამ შედარებისას გაიაფება თვალში საცემი იყო. ამჯერად ისევ ამ მედიკამენტების ფასებით დავინტერესდით და მათი გაძვირება ასევე თვალშისაცემია.
მედიკამენტი "ატორისი" (20 მგ. 30 აბი) თბილისის აფთიაქებში რამდენიმე თვის წინათ 11,90 ლარი ღირდა, ამჯერად მისი ღირებულება 12,30-12-35 ლარია. "როცეფინი" (1 მგ-იანი) - 12,35 ლარი ღირდა, შემდეგ - 13,50 ლარი იყო, ამჯერად მისი ღირებულება 16,30-17-20 ლარია. "ენტეროლი" 6,60 ლარი ღირდა, დღეს სხვადასხვა აფთიაქში - 6,7-7,30 ლარია, "ნოშპა" 5,40 ლარიდან 6,60 ლარამდე გაძვირდა და ა.შ.
იმის გამო, რომ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების თითქმის 80% იმპორტირებულია, მათი ფასი ეროვნული ვალუტის კურსის მიხედვით დგინდება. ბოლო თვეების განმავლობაში ლარი, დაახლოებით, 8%-ით გაუფასურდა და ამ მაჩვენებელს მედიკამენტების ასეთი მასშტაბური გაძვირება არ უნდა გამოეწვია.
ექსპერტი სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ნოდარ კაპანაძე საკვებ და პირველადი მოხმარების პროდუქტების გაძვირებას არა იმდენად ლარის კურსის ვარდნას, არამედ უფრო მონოპოლიებს უკავშირებს.
"ზოგადად, პროდუქტების გაძვირება ცუდად მოქმედებს ღარიბ მოსახლეობაზე და ძალიან აზარალებს მათ. განსაკუთრებით, თვალშისაცემია ეს, როდესაც ხდება სურსათის გაძვირება. რაც შეეხება ლარის კურსს, ისე არ დაცემულა, რომ პროდუქტის გაძვირებაზე ასეთი გავლენა მოეხდინა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ სამომხმარებლო ბაზარზე კვების პროდუქტების გაძვირება ლარის კურსის ზრდასთან პირდაპირ კავშირში არ არის.
პროდუქტების გაძვირების მიზეზი შეიძლება ბევრი რამ იყოს, მათ შორის, კურსის ვარდნაც, მაგრამ უფრო მთავარი - მონოპოლიებია. რამდენად მონოპოლიზებულია სამომხმარებლო ბაზარი, ეს ცალკე კვლევის საგანია და ის ანტიმონოპოლიურის გასარკვევია. მე მაინც ვფიქრობ, რომ ფასების მატების მთავარი მიზეზი კარტელური შეთანმებებია. როდესაც ბაზარზე სულ რამდენიმე მოთამაშეა, ისინი თანხმდებიან და ამა თუ იმ პროდუქტზე ფასს ამის მიხედვით წევენ მაღლა", - განაცხადა კაპანაძემ.
რაც შეეხება სოფლის მეურნეობის, უფრო კონკრეტულად კი გლეხის მიერ წარმოებულ პროდუქტებზე ფასების ზრდას, ექსპერტი ამას ზოგადად გაძვირების თანამდევ პროცესს უწოდებს.
"როდესაც ადამიანის შემოსავლის წყარო არის ყველი, მან ის უნდა გაყიდოს ძვირად, რომ გაძვირებული საპონი იყიდოს, ანუ ფასები ერთმანეთზეა დამოკიდებული. შესაბამისად, როცა იმპორტირებული საქონელი ძვირდება, ადგილობრივი მწარმოებელი - გლეხი - საკუთარ პროდუქტს აძვირებს, რათა სხვა რამ იყიდოს.
რაც შეეხება მორიგ გაძვირებას, მისი პროგნოზი შეუძლებელია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საქართველოში მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი საკმაოდ დაბალია. მთავრობამ კი, არა მგონია, შეცდომა დაუშვას და დიდი ფულადი მასა გამოუშვას მიმოქცევაში", - დასძინა კაპანაძემ.
სტატისტიკის ექსპერტის სოსო არჩვაძის თქმით, საქართველოს შიდა ბაზრის ფასი ძალიან დაუახლოვდა მსოფლიო ბაზრის ფასს.
"თითქმის გაორმაგებაა. 2003 წელს ადგილობრივი ფასები მსოფლიო ბაზრის ფასებთან შესაბამისობაში 31% იყო, 2013 წლის ბოლოს მდგომარეობით კი - 60%-ია. ჩვენ უფრო მაღალი დონე გვაქვს მსოფლიო ფასებთან, ვიდრე ეკონომიკის მოთხოვნა და საშუალებაა. თუ გვინდა წარმოების გაფართოება და იმპორტის ჩანაცვლება სამამულო პროდუქციით, სტიმულირება უნდა განხორციელდეს. ლარის დევალვაცია კი ამ მხრივ ერთ-ერთი გზაა", - აცხადებს სოსო არჩვაძე.
ელზა წიკლაური