როგორ დააღწია მსოფლიომ თავი საცობებს

საცობები ჩვენი ქალაქის ყოველდღიურობად იქცა.

ხანდ­ახან მათგან თავის დაღწევა­ შეუძლებლადაც კი გვეჩვენება. არადა, მრავალი ქალაქია მსოფ­ლიოში, რომლებმაც საცობებს­ დააღწიეს თავი. საქა­რთველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ მევლუდ მელაძესთან ერთად­ რამდენიმე ქალაქის მაგალითს განვიხილავთ და ვის­აუბრებთ, რამდენად რეალურია მათი მიგნებების გადმოტანა თბილისურ სინამდვილეში.

- საცობებთან ბრძოლის ყველაზე­ კარგი მაგალითი, ალბათ, ლონდონს­ აქვს. აბსოლუტურად გაუვალი იყო ეს ქალაქი. მისი ვიწრო ქუჩები თანა­მედროვე მოძრაობის ტემპსა და ავტომობილების რაოდენობას ვეღარ უწყობდა ფეხს. სახელმწიფომ სცადა, შეესყიდათ მიწები და გზები გაეგანიერებინა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ბოლოს ზონებად დაყვეს და ყველა ზონაში მოძრაობასა და პარკირებას სხვადასხვა ფასი დაადეს. ქალაქის ცენტრში რომ მოხვდე, მით უმეტეს, სამუშაო საათებში, სპეციალური ნებართვა, ან ძალზე მაღალი საფასურის გადახდა დაგჭირდება. რაც უფრო ცენტრისკენ მიიწევ, ფასიც მატულობს.

- ვინც კონკრეტულ ზონაში მუშაობს?

- ცენტრში მდებარე დაწესებულებებს, ოფისებს, თავიანთი საპარკინგე სივრცეები აქვთ, თუმცა ყველა თანამშრომლისთვის არ არის საკმარისი. ამიტომ მუშაკებმა იციან, მანქანით რომც მივიდნენ, ვერსად დააყენებენ. არჩევანი ასეთია: ან იმგზავროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ან ძვირი გადაიხადოს და - მანქანით.

ქალაქის ცენტრის დასათვალიერებლად საღამოს თუ გახვალ, სულ რამდენიმე ძვირად ღირებულ საპარკინგე ზონას შეხვდები, სადაც 2 საათით გაჩერება შედარებით ხელმისაწვდომია, დაათვალიერებ სწრაფად და წახვალ. ლონდონის მოდელის გადმოტანა, ალბათ, გაამართლებდა, მაგრამ ჩვენ გავცდით იმ საზღვარს, როცა ამ მოდელის შემოტანა ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო - ქალაქის ცენტრში უკვე უამრავი მაღალსართულიანი შენობაა, შესაბამისად, მათ მობინადრეებს ვერ შეზღუდავ, გინდა თუ არა, ნებართვა უნდა მისცე, რომ შემოვიდეს და გაჩერდეს. ასეთ შემთხვევაში კი იმდენი მანქანა მოიყრის თავს, ხელში საცობები შეგვრჩება.

ავსტრალიაში, ლონდონელებისგან განსხვავებით, სივრცე გაცილებით მეტი ჰქონდათ. სიდნეიში საზოგადოებრივი ტრანსპორტი წამოსწიეს წინა პლანზე, რაზეც დიდი თანხები დაიხარჯა. ტრანსპორტისთვის არის ფართო გზა, შედარებით ვიწრო - მსუბუქი ავტომანქანებისთვის. ხალხიც უმეტესად საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტიც საკმარისად უნდა იყოს. ჩვენთან ახალი ავტობუსები კომფორტულია, მაგრამ ცოტა.

ჩინეთის ერთ ქალაქში ექსპერიმენტი ჩაატარეს - ათიათასობით ველოსიპედი შეიტანეს და გააკეთეს სადგომები. მოქალაქეს აქვს ერთდღიანი ან ერთთვიანი ბარათი ველოსიპედით სამგზავროდ. როცა დანიშნულების ადგილას მიხვალ, ველოსიპედს უახლოეს სადგურზე დააყენებ. მინიმალური დანახარჯით გამოდის მგზავრობა.

ეს მოდელი მომწონს, თუმცა, ჩვენთან ყველა ვერ გამოიყენებს, ვერც რელიეფური და კლიმატური პირობები შეუწყობს ხელს.

ლატვიაში საცობებთან ბრძოლა მარცხნივ მოხვევის შემცირებით დაიწყეს. ჩვენთან საცობების დიდ პროცენტს მარცხნივ შეხვევები ქმნის, იქ, სადაც გზის გადაჭრა გიწევს. მაგალითად, ვაკეში რომ ადიხარ, გაივლი უნივერსიტეტის პირველ კორპუსს და მრგვალ ბაღთან მოსახვედრად მარცხნივ უნდა აუხვიო. ამისთვის გზის გადასაჭრელი შუქნიშანი უნდა გამოიყენო, შემხვედრი უნდა გაჩერდეს, რომ გზის გადაჭრის საშუალება მოგცეს, ანუ ერთ მთლიან ზოლს აკავებ. აი, ასეთი გზის გადაჭრების შესაძლებლობა შეამცირეს ლატვიელებმა. მიდიან მანქანები ნაკადად და სადაც ქუჩა ფართოა, იქ აძლევენ მოხვევის საშუალებას. შორია, მაგრამ ნაკადი სულ მოძრაობს, საცობი არ იქმნება.

- ჩვენთან ხომ შეეცადნენ პეკინისა და კანდელაკის ქუჩებზე ამ მოდელის გადმოტანას?

- ჩვენთან ცუდი ის არის, რომ ქუჩებს კვეთები არა აქვს. ყაზბეგის ქუჩიდან რომ გამოუყვები, ყველა ქუჩა შემოდის პეკინზე, მაგრამ პეკინიდან მარცხნივ არსად არ გადის, რომ ისევ უკან დაბრუნდე. სანამ ბოლომდე არ ჩამოხვალ, სასტუმრო `ჰოლიდეი ინამდე~, მარჯვნივ ვერ მოუხვევ. პეკინს მაინც არა უშავს, კოსტავაზე შუქნიშნები რომ მოგვაკლებინა, სააკაძის მოედნისკენ ნაკადი გაუჩერებლად იმოძრავებდა. დასახვეწია შუქნიშანი სააკაძის მოედანზეც, რომელიც ორმხრივი მოძრაობის დასარეგულირებლად იყო დამონტაჟებული, ამიტომ ახლა, რაც მოძრაობა გაცალმხრივდა, ბევრი მხარე გაუქმდა, მოუქნელი გახდა.

- ყველაზე მეტად რა განმუხტავს თბილისურ მოძრაობას?

- გარდა იმ ადგილისა, სადაც პარ­კინგი­ა, ვერ დააყენებ მანქანას ვერც ამერიკაში, ვერც ავსტრალიაში, ვერც ბრაზილიაში, ვერც ბალტიისპირეთის ქვეყნებში. თუ დააყენე, დიდ ჯარიმასაც მიიღებ, შეიძლება იმხელას, რომ მანქანის ფასს აღემატებოდეს. ჩვენთან პირდაპირ ხედავ, არის ნიშანი და ნიშნის ქვეშ აჩერებ. ტროტუარი, მით უმეტეს, ვიწრო ქუჩებზე, სავსეა მანქანებით, შემხვედრი ავტომანქანისთვის ადგილი აღარ რჩება. თუ მარჯვნიდან­ მანქანა მოდის, მარცხნიდან მოძრავი სადღაც უნდა შეჩერდეს, გზა გაუთავისუფლოს, გაატაროს, რაც საცობს ქმნის, თან არასწორად დაყენებული მანქანისთვის გამოსვლა კიდევ ერთხელ მოძრაობის შეჩერებას ნიშნავს. ყველა იმართლებს თავს, აბა, სად გავაჩეროო. არასწორი პარკირებისთვის ჩვენთან­ 10 ლარია ჯარიმა, მაგრამ თუ 500 ლარი იქნება, არავინ გაჩერდება. 

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 11 დეკემბრის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად