„ერთმა ამხანაგობამ ერთი ბინა სამჯერ გაყიდა, მისი კანონიერი მფლობელი კი - ჰაერში დატოვა“
ე.წ. ამხანაგობების მიერ მოტყუებულ ადამიანებზე ქართულ პრესაში ბევრჯერ დაბეჭდილა. ეს პრობლემა არაერთხელ გამხდარა საზოგადოების განსჯის საგანი. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი ამხანაგობის საქმიანობას კანონი აწესრიგებს, წლების განმავლობაში მათ უამრავი ოჯახი დააზარალეს. როგორც ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი ამბობს, მსგავსი ფაქტები ადრეც ხდებოდა და დღესაც ხდება:
ირაკლი უტიაშვილი - დავიწყებ იმით, რომ საქართველოში არსებობს „ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობის“ ცნება, რომელიც ორი, ან მეტი პირის შეთანხმებას გულისხმობს. ამხანაგობის დამფუძნებლებმა და წევრებმა ერთობლივად უნდა იმოქმედონ საერთო მიზნების მისაღწევად. შესაძლოა, რამდენიმე პირი შეიკრიბოს და უძრავი ქონება შეისყიდოს, ან აიშენოს. ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობები ხელშეკრულებას დებენ კერძო პირებთან, რომლებიც მათ ბინის შესაძენ თანხას ურიცხავენ.
-უფრო ხშირად რომელ სფეროში იქმნება ამხანაგობები?
-სხვადასხა სფეროში, მაგრამ მსგავსი გაერთიანებები ძირითადად მაინც სამშენებლო სექტორში გვხვდება. ამხანაგობები იღებენ ვალდებულებას საცხოვრებელი კორპუსი ააშენონ და დაინტერესებულ პირებს საკუთრებაში გადასცენ. ამხანაგობები ყიდულობენ მიწის ნაკვეთს, აგროვებენ კაპიტალს და აქტიურად ერთვებიან სამშენებლო საქმიანობაში. როგორც წესი, ამხანაგობამ ფიზიკური პირებისგან აღებული თანხის სანაცვლოდ ისინი ბინით უნდა უზრუნველყოს. რომელ სართულზე იქნება ეს ბინა, რა ფართობისა და რა პირობებით ყიდულობს მომავალი მფლობელი - ეს დეტალურად არის მოცემული ხელშეკრულებაში. ამ დროს ხშირად აქვს ადგილი სხვადასხა სახის აფიორას და ადამიანები მოტყუებულნი რჩებიან. ბუნებრივია, ეს ყველა ამხანაგობას არ ეხება - მე მხოლოდ იმ ხალხზე გესაუბრებით, ვინც თავისი უფლებებით ბოროტად სარგებლობს.-ბატონო ირაკლი, როგორ სქემებს იყენებენ საამისოდ ე.წ. ამხანაგობები?
- ისინი წინასწარ იღებენ თანხას, რომელიც ჯერ კიდევ აუშენებელი ბინის ღირებულების 50-70%-ია. ზოგჯერ ისე ხდება, რომ საცხოვრებელი კორპუსი არ შენდება, ან სულაც დაუსრულებელი რჩება. მაგალითად, რომ უნდა აშენებულყო 10-სართულიანი კორპუსი და ფიზიკურმა პირმა ბინა მე-9 ან მე-10 სართულზე დაუკვეთა, აშენდა 5 ან 6-სართულიანი და ადამიანი, რომელსაც ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული ამხანაგობასთან, ფაქტობრივად, ჰაერში დარჩა. ზოგჯერ სახლი დასრულებულია, მაგრამ ექსპლუატაციაში არ არის შესული, ან უხარისხოდ არის ნაშენები და ამ ყველაფრის გამო მყიდველი ზარალდება.-კონკრეტული ფაქტების დასახელებაც შეგიძლიათ?
- ამის მკაფიო მაგალითია ამხანაგობა „დიდუბე 12“-ის საქმიანობა, რომელმაც ათეულობით ადამიანი დააზარალა. დაზარალებულები, რომლებსაც ამხანაგობის წევრები თბილისში ბინის აშენებას დაპირდნენ, ჩემი კლიენტები არიან. ამხანაგობამ 70 ათასი დოლარი მიიღო ერთ-ერთი პირისაგან. იმის ნაცვლად, რომ კანონიერი მყიდველისთვის გადაეცა, მისი ბინა ამხანაგობამ თავის სახელზე გაიფორმა და შემდეგ იპოთეკით დატვირთა. ამ გზით ამხანაგობის წევრებმა 42 ათასი დოლარი აიღეს და იგივე ბინა ხელმეორედ გაყიდეს - ამჯერად უკვე 55 ათას ლარად. მყიდველი, რომელსაც თანხა უკვე გადახდილი ჰქონდა და ბინას ამაოდ ჰპირდებოდნენ, მოტყუებული დარჩა, თვითონ კი, ერთ ბინაში თანხა სამჯერ აიღეს. სხვათა შორის, ამ ამხანაგობის წევრებმა მსგავსი სქემებით ათეულობით ადამიანი დააზარალეს. რა თქმა უნდა, ე.წ. ამხანაგობა პასუხისგებაშია მიცემული თაღლითობის ბრალდებით.-ამხანაგობის მიერ მოტყუებულ კლიენტები ადრეც გყოლიათ?
- რა თქმა უნდა, ადამიანები ხშირად ტყუვდებიან მომხიბვლელი პირობებით და შედარებით დაბალი ფასით, რომელსაც მათ ამხანაგობა სთავაზობს. შემიძლია კიდევ ერთ ფაქტზე მოგიყვეთ, ოღონდ, ჩემი კლიენტების ინტერესებიდან გამომდინარე, მათ ვინაობას ვერ დავასახელებ:ამხანაგობა, რომელმაც ეს თაღლითობა ჩაიდინა, აჭარაში „საქმიანობს.“ მისმა დამფუძნებლებმა შეიძინეს მიწის ნაკვეთი, რომელზეც საცხოვრებელი კორპუსი ააშენეს და რამდენიმე პირს გადასცეს. ამის შემდეგ კორპუსიდან ერთი მეტრის გვერდით მდებარე მიწის ნაკვეთიც გაასხვისეს, მაგრამ გაირკვა, რომ ეს მიწის ნაკვეთი სულ სხვა ამხანაგობას ეკუთვნოდა. რა თქმა უნდა, ეს - უკანონო ქმედება გახლდათ: როდესაც ქონება ამხანაგობის საერთო საკუთრებაა, მისი განკარგვის უფლება ამხანაგობის ყველა წევრს აქვს. მათი თანხმობის გარეშე ამხანაგობის ხელმძღვანელს უფლება არ ჰქონდა მიწის ნაკვეთი გაეყიდა, მაგრამ მან ისე გაასხვისა, თითქოს ეს საერთო გადაწყვეტილება იყო. ბუნებრივია, ამ საქმის გამო სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და უკვე შეტანილია სარჩელი, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება საერთოდ გაუქმდეს. სამწუხაროდ, მსგავსი ფაქტები საქართველოში დღესაც ხდება, ამიტომ უნდა ვიცოდეთ, ვის ვენდობით და რამდენად საიმედოა ხალხი, რომელსაც ჩვენს დანაზოგს ვანდობთ.
ხათუნა ჩიგოგიძე