რას მოუტანს საქართველოს ენერგეტიკას ენგურჰესის რეაბილიტაცია?

ენგურის ჰიდროელექტროსადგური საქართველოს ენერგეტიკის მთავარი დასაყრდენია, ამიტომ, მისი რეაბილიტაცია ბოლო წლების ერთ-ერთ პრიორიტეტად არის მიჩნეული.

რეაბილიტაციის პროცესს საგრძნობლად დააჩქარებს საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის გაფორმებული შეთანხმება, რომლის შედეგადაც EBRD ჰესის რეაბილიტაციას 28 მილიონი ევროთი დააფინანსებს. ენგურის ჰიდროელექტროსადგური კავკასიაში ყველაზე დიდი ჰესია. მის შემადგენლობაში შედის თვით ენგურჰესი, რომლის დადგმული სიმძლავრე 1300 მეგავატია, ვარდნილჰესი № 1 -ის დადგმული სიმძლავრე 220 მეგავატია, ხოლო დანარჩენი 3 ჰესისა - 120 მეგავატი. „ვარდნილჰესებთან“ ერთად, ენგურჰესის მთლიანი საპროექტო სიმძლავრე 1 640 მეგავატია. ამჟამად მხოლოდ “ვარდნილჰესი 1” მუშაობს, ხოლო დანარჩენი სამი ჰესი - გაჩერებულია.

რას მოუტანს ჩვენს ენერგეტიკას ენგურჰესის რეაბილიტაცია? - ამის თაობაზე საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, ანზორ ჭითანავა გვესაუბრება:

-ენგურჰესი 1978 წელს შევიდა ექსპლუატაციაში და ჩვენს ენერგოსისტემას უკვე 40 წელია ემსახურება. 1991 წლის ბოლოს ჰესმა მოახერხა მასზე დახარჯული კაპიტალდაბანდების სრულად ამოღება. მართალია, დღეს ენგურჰესი სრული დატვირთვით და თავისი საპროექტო პარამეტრებით ვერ მუშაობს, მაგრამ მაინც მომგებიანია, ის ჩვენი ენერგეტიკის ერთ-ერთი მთავარი ობიექტია. 40 წელი საკმაო დროა, ამიტომ, ენგურჰესის რეაბილიტაციის საკითხი კარგა ხანია დგას დღის წესრიგში. პროექტი, რომელიც ამ ეტაპზე უნდა შესრულდეს, გულისხმობს დერივაციული გვირაბის რემონტს, წყალსაცავის და კაშხლის ნარჩენებისგან გაწმენდას და მოწესრიგებას, აგრეგატების რემონტს, მიწისქვეშა ფილტრაციის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებას და ბევრი სხვა პრობლემის მოგვარებას, რომელიც აუცილებლად უნდა გადაწყდეს, რადგან დღეს ენგურჰესიდან წყალი უქმად ჩაედინება შავ ზღვაში. ჩვენ ამ ჰესს ვერ ვატოვებინებთ იმ რაოდენობის ენერგიას, რომელიც შეუძლია დატოვოს „ვარდნილჰესის“ მეორე, მესამე და მეოთხე სადგურების ამოქმედების შემთხვევაში.

-ენგურჰესის რეაბილიტაცია რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული, მთავარი მიზეზი რომელია?

- მთავარი მიზეზი მაინც ეს არის: 40-წლიანი ექსპლუატაციის შემდეგ ნაგებობას უკვე სჭირდება რეაბილიტაცია. წესით, ჰესი 5 წელიწადში ერთხელ უნდა გაჩერდეს და გარემონტდეს, მაგრამ მისი რეაბილიტაცია რამდენჯერმე გადაიდო, ახლა კი, ენგურჰესი იმ დონემდეა მისული, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებს აუცილებლად მოითხოვს. ეს გასულ წელს ჰესის ხანმოკლე გაჩერებამ და დათვალიერებამაც დაადასტურა. კარგია, რომ მოძიებულ იქნა სახსრები და ყველა პირობა გვაქვს საიმისოდ, რომ ენგურჰესის რეაბილიტაცია 2019 წელს ჩატარდეს. თუ ასე არ მოხდება, ქვეყანაში კრიზისი დაიწყება და იძულებული გავხდებით ელექტროენერგია მეზობელი სახელმწიფოებისგან შევისყიდოთ.

-ბატონო ანზორ, როგორი იქნება ენგურჰესის რეაბილიტაციის ეკონომიკური ეფექტი?

-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიზნად იმ პარამეტრების აღდგენას ისახავს, რომელიც პროექტით არის გათვალისწინებული: დღეს ჩვენ ენგურჰესიდან 1 640 მეგავატი სიმძლავრის ენერგიას უნდა ვიღებდეთ, მაგრამ ვერ ვიღებთ, რადგან მისი სიმძლავრე ბოლომდე არ გვაქვს ათვისებული. რეაბილიტაციის შედეგად 30-40%-ით გაიზრდება ის მაჩვენებლები, რაც ენერგოსისტემაში ენგურჰესის წყალობით გვაქვს. როგორ შეიძლება მისი რეაბილიტაცია არ იყოს ეფექტიანი, როდესაც ახალი ჰესის მშენებლობა 3-4-ჯერ უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე არსებულის აღდგენა? ამ ჰესის რეაბილიტაცია ჩვენი ქვეყნისთვის და მისი ეკონომიკისთვის დიდი სტიმული იქნება. ამის შედეგად ენგურჰესის საშუალო გამომუშავება სულ ცოტა ორჯერ მაინც გაიზრდება და მივიღებთ დამატებით გამომუშავებას 1 მილიარდი კილოვატის ოდენობით - ეს რეაბილიტაციის ყველაზე თვალსაჩინო შედეგი იქნება. მით უმეტეს, რომ ენგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ფასი მიზერულია - კილოვატ საათზე 1.8 თეთრი. ეს ტარიფი იმდენად დაბალია, რომ ჰესის რეაბილიტაციისთვის საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება გვჭირდება.

-თუმცა, 2017 წლის ბოლოს „სემეკმა“ ენგურჰესს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი 1.496 თეთრიდან 1.818 თეთრამდე გაუზარდა, ხოლო ვარდნილჰესების კასკადს - 2.880 თეთრიდან - 4.002 თეთრამდე.

-ეს უმნიშვნელო ზრდაა. ენგურჰესის ტარიფები იმდენად მიზერულია, რომ ეს მომატება ბევრს ვერაფერს შეცვლის.

-როდესაც ენგურჰესზე ვსაუბრობთ, ძალაუნებურად წამოიჭრება აფხაზეთის საკითხი, რა რეაქცია აქვთ აფხაზებს ენგურჰესის რეაბილიტაციაზე?

-აფხაზური მხარე რეაბილიტაციის პროცესს მხარს უჭერს და თანაუგრძნობს, რადგან აფხაზებმა კარგად იციან: რეაბილიტაციის გარეშე ენგურჰესი გაჩერდება და ელექტროენერგიას საერთოდ ვერ აწარმოებს. ის, რომ აფხაზეთს ელექტროენერგიას უფასოდ ვაწვდით, თავის დროზე დაშვებული შეცდომის ბრალია. 1990-იან წლებში საქართველოს მთავრობამ ეს გამოსავლად მიიჩნია, დღეისათვის კი ეს ძალიან მტკივნეული საკითხია: როგორ შეიძლება ელექტროენერგია უფასო იყოს, როცა ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში სოლიდური ფასი აქვს? ეს არის ანომალია, ნონსენსი, რომელიც ჩვენმა დიპლომატებმა მოლაპარაკების გზით უნდა გადაწყვიტონ.

-თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ჰესის რეაბილიტაციის პროცესი?

-საბედნიეროდ, ჩვენმა მეცნიერებმა, ინჟინრებმა და პროექტის ავტორებმა კაშხლის ტანში ჩააყოლეს მილსადენები, რომლითაც იმ დანაკარგის შევსება შეიძლება, რომელიც ენგურჰესის გაჩერებას მოჰყვება. ენგურჰესის სრულ რეაბილიტაციას 5-6 წელი მაინც დასჭირდება, ოღონდ, ის ერთი წლის განმავლობაში მაინც უნდა გავაჩეროთ. სრულყოფილი რეაბილიტაციის შემდეგ ენგურჰესი გამართულად იმუშავებს და საუკუნეების განმავლობაში მოემსახურება ჩვენს ქვეყანას. ვიმეროებ: 5-6 წელი მაინც დასჭირდება, რომ ისეთი ენგურჰესი მივიღოთ, რომელიც მის ავტორებს ჰქონდათ ჩაფიქრებული. ჩემი აზრით, ქართული ენერგეტიკის მთავარი მიზანი ენგურჰესის სრულად ათვისებაა და არა - მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობა.

-თუ „ენგურჰესი“ ერთი წლით გაჩერდება, რით უნდა ჩაანაცვლოს საქართველომ მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია?

-სწორედ ამიტომ არის საჭირო და აუცილებელი ჰიდროსააკუმულაციო დანადგარის აღდგენა, რომელიც კაშხლის ტანშია ჩატანებული. მისი რეაბილიტაცია უკვე დაგეგმილია, თუმცა ამ სამუშაოს დასრულებას 3 წელი მაინც დასჭირდება. ენგურს შეუძლია გაცილებით მეტი ელექტროენერგია გამოიმუშაოს, მაგრამ ეს შესაძლებლობა დღეს ფაქტობრივად იკარგება. თუ ჰიდროსააკუმულაციო დანადგარი გვექნება, ენგურჰესის რეაბილიტაციას ყოველთვის შევძლებთ, რადგან ამ დანადგარს თავისუფლად შეუძლია ჩაანაცვლოს ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ენგურჰესის რეაბილიტაციის დროს მეზობელი ქვეყნებიდან მოგვიწევს იმ რაოდენობის ენერგიის შესყიდვა, რასაც დღეს ენგურჰესი აწარმოებს.

-და ბოლოს, ენგურჰესის რეაბილიტაცია ტარიფის მომატებას ხომ არ გამოიწვევს?

-რა თქმა უნდა, ტარიფი გაიზრდება, რადგან რეაბილიტაციის პროცესი საკმაოდ ძვირი დაჯდება. ჰესის რეაბილიტაცის დროს გაწეული ხარჯები რაღაცით ხომ უნდა დაიფაროს?

ხათუნა ჩიგოგიძე