დედაქალაქში ავტომობილების პარკირების პრობლემა ძალიან მწვავეა.
ვითარება ყოველწლიურად უარესდება და ქალაქში გადაადგილება შეუძლებელი ხდება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, საცხოვრებელ ზონებში ვითარებას აუარესებს უნებართვოდ აშენებული ავტოფარეხებიც. დღესდღეობით "გარაჟების" დაახლოებით 80% მანქანების გასაჩერებლად არ გამოიყენება და მათი უმრავლესობა უვარგისი ნივთების საწყობადაა ქცეული. ამიტომ შესაძლოა, სამომავლოდ გამოუყენებელი ავტოფარეხების დემონტაჟის საკითხი კვლავ გაცოცხლდეს.
საქმე ისაა, რომ "გარაჟების" ფიქტიური მფლობელები საკუთარ ავტომობილებს ფარეხებში ვერ აჩერებენ იმის გამო, რომ შეიძლება, დილით ვეღარც მოახერხონ მათი გამოყენება (დიდია ალბათობა, რომ ავტოფარეხის კართან სხვა მძღოლი მიაყენებს ტრანსპორტს). ამიტომ მათი კუთვნილი მანქანები სულ სხვა ადგილას, ქუჩაში ან კორპუსის ეზოებშია გაჩერებული. გამოდის, რომ ადამიანი ასე ორ საპარკინგე ადგილს იკავებს.
ასეთ ვითარებაში რამდენად შესაძლებელია უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟის თემის კიდევ ერთხელ წამოწევა? ურბანისტები და მენაშენეთა ასოციაცია ხისტად საკითხის გადაწყვეტას არ ემხრობიან, მაგრამ პრობლემის მოგვარებისთვის მერიისგან დახმარებას ითხოვენ.
მენაშენეთა ასოციაცია კახა კალაძეს დედაქალაქში ავტომობილების პარკინგის პრობლემის კომპლექსური მოგვარების საკუთარ ხედვას სთავაზობს. "რეზონანსთან" საუბრისას ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილმა აღნიშნა, რომ ისინი ავტოფარეხების დემონტაჟს ეწინააღმდეგებიან, თუმცა პრობლემის მოგვარების კუთხით რეკომენდაციების გამოქვეყნებას იწყებენ და პროფესიონალებს ამ პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდებენ.
"ჩვენი ასოციაცია ეწინააღმდეგება ფარეხების დემონტაჟს და ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ადამიანის ქონებას ეხება. უბრალოდ, საუბარია სიტუაციის მოწესრიგებაზე, რომელზეც ყველამ უნდა ვიზრუნოთ. ქალაქში ძალიან ბევრი სადგომი ჯერ კიდევ უნებართვოდ და ყოველგვარი გეგმის გარეშე აშენდა 90-იანებში, თუმცა ახლა აღარც მას იყენებენ დანიშნულებისამებრ.
იმის ნაცვლად, რომ მანქანა დააყენონ და გარეთ არ შექმნან საცობი, ზოგს საწყობად აქვს გადაკეთებული ავტოფარეხი, ზოგს - ხილ-ბოსტნეულის მაღაზიად და ზოგს - ვულკანიზაციად. ნაცვლად იმისა, ფარეხმა ქუჩებში საცობი განტვირთოს, უკანონო შენობები კიდევ დამატებით პრობლემას ქმნის. "გარაჟის" მეპატრონეების მანქანები სულ სხვაგან არის გაჩერებული, რადგან მათი ფარეხი დაკავებულია. ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს. თუ აქვთ სადგომები, გამოიყენონ დანიშნულების მიხედვით.
ჩემი პოზიციაა, რომ ქალაქის ხელმძღვანელობამ იზრუნოს ამ საკითხზე, გადადგან თუნდაც არაპოპულარული ნაბიჯები. შეიძლება, მოსახლეობის მხარდაჭერა ვერ იგრძნონ, მაგრამ საკუთარ თავსა და ქვეყანასთან მართლები იქნებიან. არ უნდა აკეთონ ისეთი საქმეები, რომლებიც მხოლოდ არჩევნებისთვის სჭირდებათ", - განუცხადა "რეზონანსს" როსტომაშვილმა.
ინიციატივას, რომელიც დედაქალაქში საცობების პრობლემას მოაგვარებს, დადებითად აფასებს ურბანისტი მერაბ ბოლქვაძე. მისი აზრით, საცობის განტვირთვის მიზნით აუცილებელია ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც არსებულ პრობლემას მოაგვარებს.
"ინიციატიავა ნამდვილად არ არის ურიგო. თქვენ რომ ქალაქის განაშენიანების პროექტები ნახოთ, დარწმუნდებით, ვითარება რამდენად ქაოსურია. თემატურ პროექტებზე რომ დაიწყონ მუშაობა და რომელიმე ჯგუფმა დოკუმენტი მოამზადოს, ეს მისასალმებელი იქნება.
აუცილებელია, ქალაქში შემოვიღოთ პარკირების რანგირება, რათა გამოვლინდეს ქალაქის "მტკივნეული ადგილები". ამის მიხედვით გავიგებთ, სად შეიძლება საპარკინგე და საგარაჟე ადგილების მონიშვნა, რადგან ეს გამოაჩენს საჭიროებებს. საჭიროა ზონები, სადაც საათების მიხედვით დაწესდება გადასახადი. მესმის, რომ ხალხს გადახდა არ უნდა, მაგრამ სხვანაირად წესრიგი ვერ დამყარდება.
სასწაული მდგომარეობაა საცხოვრებელ უბნებშიც, სადაც ავტოფარეხებს დანიშნულების მიხედვით მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აღარ იყენებს. აი, ამიტომაა რანგირების სისტემა აუცილებელი, რომ ქალაქში დამყარდეს წესრიგი", - განუცხადა "რეზონანსს" ბოლქვაძემ.
ნათია ლომიძე
გაზეთი „რეზონანსი"