„უხარისხო ჩაის ყოველდღიური მიღება კიბოს პროვოცირებას იწვევს“

ჩაი ათასობით ოჯახის ყოველდღიური მენიუს განუყოფელი ნაწილია.

დღეს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ერთჯერად პაკეტებში დაფასოებული ჩაია. მისი ტრანსპორტირებაც ადვილია და მომზადებაც, მაგრამ ამ სახის ჩაის აქვს თავისი უარყოფითი მხარეებიც. სურსათის ექსპერტი, დალი წულაია მიიჩნევს, რომ ერთჯერადი ჩაის ფალსიფიკაცია უფრო იოლია:

-ერთჯერადი ჩაი უფრო ადვილი მოსამზადებელია, ვიდრე დასაყენებელი და დღევანდელი ცხოვრების რიტმს კარგად ერგება. ის შეიძლება იყოს მწვანე, შავი, წითელი და ყვითელი - თითოეული მათგანი სხვადასხვა ტექნოლოგიით არის დამზადებული. მიუხედავად დადებითი მხარეებისა, ერთჯერად ჩაის ნაკლოვანებებიც აქვს: ადვილი შესაძლებელია პაკეტებში ჩაი მოძველებული იყოს და დიდი რაოდენობით ჩაის მტვერი ჰქონდეს შერეული. ასევე იოლია ერთჯერადი ჩაის ფალსიფიცირება, რაც ონკოლოგიური დაავადებების ხელშემწყობი ფაქტორი ხდება. საერთოდ, ონკოლოგიური დაავადების რისკი ნებისმიერი ფალსიფიცირებული პროდუქციის გამოყენებისას ძალიან დიდია და გამონაკლისს არც ჩაი წარმოადგენს. უხარისხო ჩაის დასამზადებლად შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერი სხვა მცენარე, ან ნედლეული, რომელიც დაბალი ხარისხისაა. ჩაის საღებავებსაც ამატებენ, მათ შორის, კოლერს. ზოგჯერ ასეთი უხარისხო პროდუქცია პესტიციდებით არის გაჯერებული, რაც საკმაოდ პრობლემატურია.

დალი წულაიას თქმით, სიძველეც სერიოზული პრობლემაა, რადგან დაძველებული ნედლეული მავნე ნივთიერებების წყარო ხდება: „არის კიდევ ერთი პრობლემა, როდესაც ჩაის კოლოფი მიმსგავსებულია ცნობილი ფირმის ნაწარმთან. ამიტომ, თუ საიმედო ფირმის ნაწარმს არ შევიძენთ, თავისუფლად შეიძლება ფალსიფიცირებული ჩაი შემოგვატყუონ. მაღალი ხარისხის ბრენდის პროდუქცია ყოველთვის შეესაბამება ნორმებს, რომელიც ეტიკეტზეა მითითებული, რასაც ვერ ვიტყვით გაურკევეველი წარმოშობის ჩაიზე. ამიტომ, უმჯობესია მოხმარებელმა ისეთი პროდუქცია იყიდოს, რომელიც კონტროლდება. ჩაი, და სხვა ნებისმიერი პროდუქტი, ისეთ ადგილას უნდ შევიძინოთ, სადაც შეუმოწმებელი პროდუქცია არ იყიდება“.

საქართველოს მეჩაიეთა ასოციაციის თავმჯდომარე, თენგიზ სვანიძე აცხადებს, რომ ქართული ჩაი ყველაზე საიმედო და არომატულია:

-საერთოდ, დასაყენებელ ჩაის რომ ვეძახით, ის უკეთესი ხარისხისაა, ვიდრე ერთჯერად პაკეტებში მოთავსებული. მართალია, ორივეს თავისი მომხმარებელი ჰყავს, მაგრამ ჩაის ნამდვილი მცოდნეები და სპეციალისტები ძველი, ტრადიციული მეთოდით დაყენებულ ჩაის ამჯობინებენ. საეჭვო ხარისხისა შეიძლება ერთჯერადი ჩაიც იყოს და დასაყენებელიც, ამიტომ, მე ხელაღებით ვერ ვიტყვი, რომ ერთი კარგია და მეორე - ცუდი. საღებავები და კოლერი შეიძლება ერთჯერად ჩაიშიც იყოს და დასაყენებელშიც, უბრალოდ, მეც ვფიქრობ, რომ ერთჯერადი ჩაის ფალსიფიცირება უფრო ადვილია. ერთჯერად ჩაიში უფრო მეტად იყენებენ საღებავებს, ვიდრე დასაყენებელში. თითქმის ყველა სახის ერთჯერად ჩაიში გვხვდება კოლერი ანუ დამწვარი შაქარი, მით უმეტეს, იმპორტირებულ ჩაიში.

თუ ჩაი უხარისხოა, დაძველებულია და ობის სოკო აქვს ე. ი. ის კარცენოგენური ნივთიერებებით არის სავსე, რაც კიბოს უჯრედების გააქტიურებას იწვევს. ყველა პროდუქტი, რომელსაც ობის სოკო აქვს, სერიოზული დაავადებების გამომწვევია. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში მაინც ადგილობრივი ჩაის ყიდვა ჯობია, რადგან ის თვეების და წლების წინ მაინც არ არის დაკრეფილი და შენახული. რაც ყველაზე მთავარია, ქართული ჩაი ეკოლოგიურად სუფთაა. საქართველოში ჩაი შხამქიმიკატებით დამუშავებული არ არის. ჩვენს მეწარმეებს არ აქვთ საიმისო ტექნოლოგიები, რომ ჩაის საღებავები შეურიონ, რაც უცხოეთში მიღებული და აპრობირებული მეთოდია. სამწუხაროდ, დღესდღეობით ბაზარზე ქართული ჩაი ცოტაა, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციაა.

„ალბათ მკითხველს აინტერესებს, როგორ გავარჩიოთ ფალსიფიცირებული და ნამდვილი ჩაი ერთმანეთისაგან? - თეთრ ჭიქაში ჩავასხათ ცივი წყალი და ჩავუშვათ მასში ჩაის პაკეტი. თუ წყალი ფერს მაშინვე შეიცვლის, ესე იგი, ჩაი საღებავებით და დანამატებით არის გაჯერებული. ნამდვილ ჩაის ფერის მისაღებად 3-4 წუთი მაინც სჭირდება. საეჭვო ხარისხის ჩაის ყოველდღიური მიღება ადამიანის ჯანმრთელობაზე ძალიან ცუდად აისახება, ამიტომ ეს პროდუქტი ყურადღებით უნდა შეარჩიოთ“ - გვირჩევს თენგიზ სვანიძე.

ხათუნა ჩიგოგიძე