თბილისის შემოვლითი რკინიგზის საკითხი რამდენიმე დღეში გაირკვევა - „საქართველოს რკინიგზა“ პასუხს მერიისგან ელოდება

თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის განახლების ზუსტი თარიღი კვლავ უცნობია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ წამოწყებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ღირებულებაც 300 მილიონი აშშ დოლარია, ამ ეტაპზე ისევ შეჩერებულია. პროექტს საქართველოს რკინიგზა ახორციელებს.

„ბიზნესპრესნიუსი“ შეეცადა უწყებაში გაერკვია, რა ეტაპზეა ამჟამად შემოვლითი რკინიგზის პროექტი. როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა დაჩი ცაგურიამ განგვიცხადა, გარკვეული კვლევები ჩატარდა და ახლა დედაქალაქის მერიისგან საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდებიან: „უახლოეს დღეებში მერია თავის გადაწყვეტილების შესახებ შეგვატყობინებს და დეტალებზე საუბარი შემდეგ შეგვეძლება.“

კითხვაზე, ხომ არ იგეგმება პროექტში ცვლილებები, ცაგურია არ აკონკრეტებს, შესაბამისად, უცნობია როგორი სახით და როდის გაგრძელდება პროექტის განხორციელება.

შეგახსენებთ, რომ პროექტის ღირებულების 65% უკვე გახარჯულია, რაც დაახლოებით 210 მილიონ დოლარს შეადგენს. თუმცა 2013 წლის შემდეგ შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა შეჩერებულია, რადგან მაშინდელმა ხელისუფლებამ პროექტი დაიწუნა. როგორც მაშინ ითქვა, რკინიგზა განსხვავებული მოდიფიკაციით აშენდება. 2015 წელს „საქართველოს რკინიგზამ“ დედაქალაქის მერიას პროექტის განცორციელების სამი ვერსია შესთავაზა და მათგან ერთ-ერთი 18 თვის ვადაში მზად უნდა ყოფილიყო, თუმცა ვადები 2016 წელს ამოიწურა და პროექტის ბედი კვლავ გაურკვეველია.

ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, რომ პროექტი თავიდანვე გაუაზრებლად იყო შედგენილი, რადგან შემოვლით რკინიგზას უფრო დიდი მნიშვნელობა გააჩნია, ვიდრე ის, რაც მხოლოდ ზედაპირული გათვლებით არის ცნობილი.

„დიდი შეცდომაა, როცა აღნიშნულ ინფრასტრუქტურულ პროექტს თბილისის ურბანული პრობლემების ჭრილში განვიხილავთ. ხშირად არგუმენტებად მოჰყავთ ის პრობლემები, რაც თბილისს უკავშირდება. მაშინ, როდესაც ეს არის ქვეყნის და მთელი რეგიონის ერთ-ერთი მთავარი სარკინიგზო ხაზი, რომელიც ევროპა-აზიის ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებს. თავის დროზევე, 2009 წელს, წინა ხელისუფლების პირობებში, როდესაც გადაწყდა პოროექტის განხორციელება, გადაწყვეტილება გაუაზრებლად მიღებული იყო. მაშინ ამბობდნენ, რომ ეს პროექტი დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნიდა, თბილისში გამოთავისუფლებული ტერიტორია ახალ ინვესტიციებს მიიზიდავდა და შესაძლებელი იქნებოდა საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება. ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ამით უგულვებელყვეს მთავარი, ჩვენი ქქვეყნის სატრანსპორტო ფუნქცია რეგიონში. თავიდანვე ეს იყო არა გლობალურ ჭრილში, არამედ თბილისის მერიის ფანჯრიდან დანახული ინიციატივა“, - აღნიშნავს ურუშაძე.

მისი ინფორმაციით, აუცილებელია სპეციალური კვლევების ჩატარება და პროექტის შეცვლა, რადგანაც მიმდინარე პროექტის მიხედვით სარკინიგზო შემადგენლობის გამტარუნარიანობა სუსტდება და საოპერაციო ხარჯები იზრდება.

„აღნიშნული პროექტი სარკინიგზო შემადგენლობის გამტარუნარიანობას ასუსტებს. არის მნიშვნელოვანი დახრები, რაც საჭიროებს დამატებით სალოკომოტივო შემადგენლობას და ბევრი წვრილმანი დეტალი, რაც სარკინიგზო ქსელში საოპერაციო ხარჯების გაზრდას უკავშირდება. ჩვენ პირიქით, მაქსიმალურად უნდა ვცდილობდეთ იმას, რომ საქართველოს სატრანსპორტო დერეფანი ნაკლებად ხარჯიანი იყოს და გამტარუნარიანობა მუდმივად იზრდებოდეს. გამტარუნარიანობის კიდევ უფრო შემცირება, დიდ პრობლემებამდე მიგვიყვანს“, - აცხადებს HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი.

მისივე თქმით, პროექტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, თუმცა უფრო სერიოზული გათვლებით, ვიდრე აქამდე იყო.

„ამ ეტაპზე სამუშაოების 70%-მდე უკვე შესრულებულია. პროექტს ვერ გავაუქმებთ, თუმცა შესაძლებელია, მისი დასრულება, ალტერნატიული სარკინიგზო ხაზის თბილისში დატოვება და ალტერნატიული გვირაბის გაყვანა, რომელიც გამტარუნარიანობას გაზრდის და მოაგვარებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებსაც. ამაზე სპეციალისტები და ექსპერტები უნდა მუშაობდნენ, რადგან ეს არის მთელი ქვეყნის პრობლემა. პროექტს უნდა გეგმავდეს არამხოლოდ მერია და რკინიგზა, არამედ ქვეყანაში ტრანსპორტის პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყება. სამწუხაროდ, ტრანსპორტის პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირი არც გვყავდა და არც დღეს გვყავს. ამიტომაც არის ასეთი მასშტაბური პროექტი შეჩერებული და ვინც უნდა განახორციელოს, ისინი ჩიხში არიან შესულები. დღეს, ლიანდაგების აყრის საკითხს კი არ უნდა განვიხილავდეთ, არამედ უნდა ვმუშაობდეთ იმაზე, თუ როდის მოხდება თბილისის სხვა ქალაქებთან თანამედროვე ჩქაროსნული რკინიგზით დაკავშირება“, - განმარტავს ვასო ურუშაძე.

მისივე თქმით, შემოვლითი რკინიგზის აშენებამ სწორი გათვლების შემთხვევაში, მომავალში სარკინიგზო გადაზიდვების გაზრდის შესაძლებლობა უნდა გააჩინოს.

„საჭიროა კვლევა და პროექტის ისე გაგრძელება, რომ მისი სარგებელი უფრო დიდი და მასშტაბური იყოს და არა პრიმიტიული. მისი საშუალებით რკინიგზის გამტარუნარიანობა უნდა გაიზარდოს, ჩვენ ერთგვარი სატრანსპორტო ჰაბის ფუნქცია უნდა შევასრულოთ რეგიონში. ასევე, რა თქმა უნდა, შემოვლითმა რკინიგზამ გარკვეული ეკოლოგიური საფრთხეებისგანაც უნდა დაგვიცვას. რადგანც არ შეიძლება, ქალაქის ცენტრში, მჭიდროდ დასახლებულ უბნებში სახიფათო ტვირთები, ნავთობპროდუქტები გადაადგილდებოდეს. იმისთვის, რომ კვლავ არ მივიღოთ გაუაზრებელი გადაწყვეტილება, ქვეყანას უნდა გააჩნდეს ტრანსპორტის სექტორის განვითარების პოლიტიკა და სტრატეგია, რის ფარგლებშიც უნდა იგეგმებოდეს მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც უპასუხებს საერთაშორისო გამოწვევებს და არა პოლიტიკოსების სურვილებს”, - აღნიშნავს HUB Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი.

თეონა კენჭიაშვილი