რას მოუტანს ახალი ნორმატივები ქართული ღვინის ინდუსტრიას?

”ამ ბოლო დროს ფალსიფიკაციის ყველაზე მეტი შემთხვევა გერმანიაში დაფიქსირდა”

16 თებერვლიდან საქართველოში ალკოჰოლური სასმელების სერტიფიკაციის ახალი წესები ამოქმედდა. განხორციელებული ცვლილებების შედეგად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნულ სააგენტოს საშუალება ექნება უფრო ეფექტიანად წარმართონ ალკოჰოლური სასმელების სერტიფიცირება, საინსპექციო კონტროლი და სხვა პროცედურები. სამინისტროში იმედოვნებენ, რომ ეს ცვლილება იქნება ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მაღალი ხარისხის გარანტი და ხელს შეუშლის ქართული ღვინის ფალსიფიკაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც. ახალი რეგულაციების დახმარებით, ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების წარმოებასა და ექსპორტში ჩართულ მეწარმეებს საქმიანობა გაუმარტივდებათ.

ახალი ნორმატივები სასიკეთო იქნება ქართული ღვინის ინდუსტრიისათვის - გვითხრა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილმა, რომელსაც ამ საკითხის განხილვა ვთხოვეთ.

ლევან დავითაშვილი: ახალი ნორმატიული აქტი, რომელიც სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა, ამ კვირიდან უკვე ძალაში შევა და ამოქმედდება. ის მთლიანად შეცვლის ღვინის ხარისხის კონტროლის პროცედურებს. სერტიფიცირება ანუ შესაბამისობის სერტიფიკატი გაიცემა მაშინვე, როგორც კი ღვინის ხარისხი შემოწმდება ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ. შემოწმება აქამდეც ხდებოდა, უბრალოდ, პროცედურებია შეცვლილი. რას გულისხმობს ეს შეცვლილი პროცედურები? - აქ ორი მნიშვნელოვანი ცვლილებაა - ერთი ის, რომ გამარტივდა პროდუქციის სერტიფიცირება, რის გამოც მეწარმეებს ყოველ ჯერზე აღარ მოუწევთ ლაბორატორიული შემოწმების ჩატარება თავიანთ პროდუქციაზე, ამის ნაცვლად მათ შეუძლიათ ჩაატარონ ერთი მთლიანი ლოტის ლაბორატორიული და სადეგუსტაციო შემოწმება. შემდგომში, ამ ლოტის პარტიებად გაყიდვის შემთხვევაში, მათ აღარ მოუწევთ ინდივიდუალური ანუ დამატებითი შემოწმება ჩაატარონ. აქედან გამომდინარე, ექსპორტიორებს ძალიან გაუადვილდებათ საქმიანობა. ასევე სავალდებულო ხდება ღვინის მარკირებაც -  ეს ნიშნავს, რომ ყველა ლოტზე უნდა ეწეროს შესაბამისი ნომერი, რომელიც ინახება ღვინის ეროვნული სააგენტოს სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში. ამ ნომერში შევა მთელი ინფორმაცია, რაც ამ ღვინოს ეხება მოსავლის აღებიდან ბოთლში ჩამოსხმამდე. იქ ჩანს მთელი პროცესი - რა რაოდენობის ყურძენი მიიღეს და როგორ გადაამუშავეს - ყველანაირი ინფორმაცია, რაც ღვინის ეროვნულ სააგენტოს აქვს ამ ღვინის თაობაზე.

- ე.ი, ფალსიფიცირების შემთხვევები მინიმუმამდე შემცირდება?

- მინიმუმამდე არა, ამ ნორმატივების დახმარებით ფალსიფიკაციის შანსები თითქმის ნულამდე მცირდება. იმ შემთხვევაში, თუ უკვე შემოწმებული ლოტის ნომრით შეუმოწმებელი პროდუქტი გაიყიდება, ეს მაშინვე გამჟღავნდება. ღვინის ეროვნული სააგენტო მთელი წელი მუშაობდა იმაზე, რომ ეს სისტემა შეგვექმნა. უკვე გვაქვს ლაბორატორიული ინფრასტრუქტურა, შეძენილია დანადგარი, რომელიც ლოტის ნომერს ადგენს და ეს პროცედურა ადამიანის თითის ანაბეჭდის ტესტის იდენტურია. შესაბამისად, ლოტის ამ ნომრის არაკეთილსინდისიერი გამოყენება პრაქტიკულად შეუძლებელია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაა სადეგუსტაციო პროცესის შეცვლაც: აქამდე ქართული კანონმდებლობით დაცული ადგილწარმოშობის ღვინოები, როგორიცაა ქინძმარაული, მუკუზანი, ხვანჭკარა და სხვა, სპეციალურ სადეგუსტაციო შემოწმებას გადიოდა - ამ დროს სადეგუსტაციო კომისია ამტკიცებდა, რომ ესა თუ ის ღვინო კარგია, ან უვარგისი. ახალი ნორმატივის მიხედვით, 5-ქულიანი სისტემა შემოდის, რომლის მიხედვითაც, თუ ღვინო 1,5 ქულაზე ნაკლებს მიიღებს, ექსპორტზე ვერ გავა და მასზე შესაბამისობის სერტიფიკატი არ გაიცემა. 1,5-ის ზემოთ დაგროვილი ქულები კი უფრო მაღალი ხარისხის მაჩვენებელი იქნება. ასეთი სისტემის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, როგორ იცვლება ამა თუ იმ ღვინის ხარისხი.

- ქართული ღვინის ფალსიფიცირების შემთხვევები ყოველთვის ხშირი იყო. ახლა რა მდგომარეობაა ამ მხრივ?

-  ბოლო ხანებში სიტუაცია გაუმჯობესებულია, ვერ ვიტყვით, რომ მწარმოებლები არაკეთილსინდისიერად იქცევიან, თუმცა ახალი რეგულაციებით გაყალბების თეორიული შანსიც კი გამოირიცხება. სხვა ქვეყნებში შეიძლება ვიღაცამ ქართული ეტიკეტით გაყალბებული ღვინო გამოუშვას. აქამდე ჩვენ გვიჭირდა იმის მტკიცება, რომ ეს არ იყო ქართული ღვინო, ახლა კი, ყველა ლოტის ღვინო მარკირებული გვაქვს და შეგვიძლია ზუსტად დავადგინოთ, ეს მართლა ამ ლოტის ღვინოა, თუ ფალსიფიცირებული. ამიტომ, თავისთავად გამოირიცხება, რომ სადღაც, რუსეთში, უკრაინაში, თუ სხვა ქვეყანაში ქართული დასახელების ღვინო უკონტროლოდ გამოიცეს. აქვე უნდა აღვნიშნო: არავინ უნდა იფიქროს, რომ რუსეთი ფალსიფიკაციის ბუდეა და ასეთი რამ სხვაგან არ ხდება, ამ ბოლო ხანებში ფალსიფიკაციის ყველაზე მეტი შემთხვევა გერმანიაში აღინიშნა. ახლა ჩვენ უკვე ადვილად შეგვიძლია შევამოწმოთ, შეესაბამება თუ არა გასაყიდი ღვინო იმ ლოტს, რომელიც ღვინის ეროვნულ სააგენტოში ინახება. გერმანიის სანიტარული სამსახურებიც უკვე იღებენ დოკუმენტურ მასალას და თუ მსგავსი რამ განმეორდება, სიმართლის დამტკიცება აღარ გაგვიძნელდება.

- როგორ იმოქმედებს ეს ცვლილება ექსპორტიორების საქმიანობაზე, როგორ შეამცირებს მათ ხარჯებს?

- ქართული ღვინო 30-მდე პარამეტრის მიხედვით მოწმდება და ბუნებრივია, ამდენი პარამეტრის გამოცდა სერიოზულ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ახლა ჩვენს მეწარმეებს პროდუქციის ყოველ ჯერზე გამოცდა აღარ მოუწევთ, ახალი რეგულაცია მათთვის შეღავათის მომტანი იქნება. ეს მათ ერთი მხრივ, დროის ეკონომიას მოუტანს, ხოლო მეორე მხრივ - დანახარჯებისა. ვფიქრობთ, რომ ახალი ნორმატივები ეფექტიანი იქნება და ჩვენი შრომა უკვალოდ არ ჩაივლის.

- ბოლო მონაცემებით, ქართული ღვინის ექსპორტი საგრძნობლად შემცირდა: 2015 წლის იანვრის თვეში რეალიზაცია რუსეთის ფედერაციაში 87%-ით არის შემცირებული, აზერბაიჯანში - 70%-ით, უკრაინაში- 52%-ით, ესტონეთში - 49%-ით... ხომ არ არის ეს საგანგაშო ტენდენცია?

- ბოლო ხანებში ღვინის ექსპორტი მართლაც შემცირებულია. 2014 წელი რეკორდული იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რადგან ამდენი ღვინო ბოლო წლებში ექსპორტზე არ გასულა. იანვარი ისედაც არ არის ამ სფეროში აქტიური თვე, ამიტომ შემცირების ტენდენციაზე მსჯელობა ჯერ ნაადრევია. ამავე დროს, ჩვენ გვესმის, რომ ეს რისკი არსებობს, რადგან ძირითად საექსპორტო ქვეყნებში სერიოზული შეფერხებებია - უკრაინა, რუსეთი, ყაზახეთი - ამ ქვეყნებს სერიოზული ეკონომიკური პრობლემები აქვთ. თუმცა, იმედი გვაქვს, რომ წლის განმავლობაში ყველაფერი დაბალანსდება თუნდაც ახალი ბაზრების ხარჯზე. საკმაოდ გაზრდილია ქართული ღვინის ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე, კანადაში, იაპონიაში, პოლონეთში, ამიტომ, პირველი კვარტლის მონაცემებით მთლიან შედეგებზე ჯერ ვერ ვიმსჯელებთ. მართალია, ღვინის ბაზარზე კონკურენცია ძალიან მაღალია, ახალი ბაზრების მოპოვებასაც დიდი დრო სჭირდება, მაგრამ მთავარია, რომ ამ მიმართულებით მუშაობას არ ვწყვეტთ.

ხათუნა ჩიგოგიძე