”2008 წლის ომის დღეებშიც კი მხოლოდ ერთკვირიანი ჩავარდნა გვქონდა, ახლა კატასტროფული ვითარება გვაქვს”
დოლარის კურსის აწევა ყველა სფეროს მტკივნეულად შეეხო - დახურვის რეალური საფრთხის წინაშე არიან სილამაზის სალონები, რომლებიც კლიენტების საგრძნობლად შემცირებაზე საუბრობენ.
”15 წელია ჩვენი სალონი მუშაობს და ასეთი მკვდარი სეზონი კარგა ხანია არ მახსოვს. 2008 წლის ომის დღეებშიც კი მხოლოდ ერთკვირიანი ჩავარდნა გვქონდა, ახლა გაცილებით კატასტროფული ვითარება გვაქვს - რომელ მოგებაზეა ლაპარაკი? თვის ბოლოს ფართის ქირას როგორ გადავიხდით, არ ვიცი,” - გვითხრა ერთ-ერთი სილამაზის სალონის მფლობელმა მარიამ სანადირაძემ. მისივე თქმით, იგივე სიტუაციაა სხვა სალონებშიც, სადაც სტილისტები მხოლოდ ძველ, ე.წ. თავის კლიენტურაზე მუშაობენ.
"ორ თვეზე მეტია, ვითარება უკეთესობისკენ არ იცვლება. მომხმარებელთა რაოდენობა ყოველდღიურად მცირდება. ამ თვეში, ჩემს გარშემო უკვე დაიხურა ორი სალონი. არადა გზაფხულის მოსვლა პირდაპირ უკავშირდებოდა კლიენტების მატებას. წინა თვეში ფართის ქირის თანხა და კომუნალური გადასახადები ძლივს დავფარეთ. სტილისტებს კუთვნილი გასამრჯელოს ნახევარი მივეცი. კრიზისი სალონში არსებული მომსახურების ყველა სპეციალისტს შეეხო", - ამბობს მარიამ სანადირაძე.
საჭირო პროდუქციისა და სამუშაო იარაღების გამოწერის შემცირებაზე საუბრობენ სტილისტები. მათი თქმით, თუ მანამდე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან თვეში ერთხელ იწერდნენ თმის საღებავებს, შამპუნებსა და ბალზამებს, ამ თვეში მხოლოდ აუცილებელი, მკაცრად განსაზღვრული რაოდენობის პროდუქცია გამოიწერეს დოლარის კურსის აწევისა და კლიენტების შემცირების გამო.
კლიენტურის დეფიციტს უჩივიან კოსმეტოლოგებიც. როგორც ერთ-ერთი სილამაზის სალონის კოსმეტოლოგმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, ძირითადად მხოლოდ ძველ კლიენტებზეღა უწევს მუშაობა. "20 წელზე მეტია სალონში ვმუშაობ, მაგრამ ასეთი ჩავარდნა არ მქონია. თან ფართიც ქირით გვაქვს აღებული და იმაზე ვღელავთ, როგორი იქნება თვის ბოლო. დღის განმავლობაში თუ 20-ზე მეტ კლიენტს ვიღებდი, ეს დღეები 10 მომხმარებელს ვერ ავცდი", - გვითხრა კოსმეტოლოგმა თინა სიხარულიძემ.
ლალი პაპასკირი