აშშ-ის პრეიზდენტი ბარაკ ობამა მსოფლიო ლიდერებს შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ლიდერია
CNN-ის მონაცემებით, აშშ-ის ლიდერის წლიური ხელფასი 400 ათასი დოლარია. ამერიკაში პრეზიდენტის ხელფასი 2011 წელს გაორმაგდა, როდესაც ქვეყნის სათავეში ჯორჯ ბუში-უმცროსი მივიდა. ბარაკ ობამას საკმაოდ ჩამორჩებიან გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.
CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის შემდეგ ყველაზე მაღალი ანაზღაურება კანადის პრემიერ-მინისტრს სტივენ ჰარპერს აქვს, რომლის წლიური ხელფასიც 260 ათასი დოლარია. 234 383 დოლარს (216 000 ევრო) შეადგენს გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ყოველწლიური ხელფასი. მიმდინარე წლის მარტის დასაწყისიდან გერმანიის კანცლერისა და მინისტრების ხელფასები 2,2%-ით გაიზარდა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი ყოველწლიურად 214 782 დოლარს (142 500 ფუნტი) გამოიმუშავებს და ამ თანხაში მისი პარლამენტის წევრობის ხელფასიც (67 060 ფუნტი) შედის.
2012 წელს საფრანგეთის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ფრანსუა ოლანდმა ხელფასი 30%-ით შეიმცირა, რის გამოც ახლა მისი ყოველწლიური ანაზღაურება მხოლოდ 194 300 დოლარს შეადგენს. მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტის ხელფასი 274 522 დოლარი იყო. ქვეყნის ეკონომიკური კრიზისის გამო, გასულ კვირას ხელფასის 10%-ით შემცირებაზე განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმაც, რომლის წლიური ანაზღაურება 8,2 მილიონ რუბლს - 136 ათას დოლარს შეადგენს. მსოფლიო ლიდერებს შორის ყველაზე დაბალი ანაზღაურება ჩინეთის პრეზიდენტს ქსი ძინპინს აქვს, რომლის ხელფასიც წლიურად მხოლოდ 22 ათასი დოლარია. თუმცა, ეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩინეთის ლიდერის ხელფასი მიმდინარე წლის დასაწყისიდან 60%-ით შემცირდა.
რაც შეეხებათ მსოფლიოს სხვა ქვეყნების ლიდერებს, მათი ყოველწლიური ანაზღაურება ასე გამოიყურება: სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი ჯეიკობ ზუმა - 223 500 დოლარი, იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინზო აბე - 202 700 დოლარი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი - 124 600 დოლარი, ბრაზილიის პრეზიდენტი დილმა რუსეფი -120 ათასი დოლარი, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი - 30 300 დოლარი.