ოქტომბრიდან რუსეთი ზეთის ექსპორტზე გადასახადს ანულებს. შედეგად, საქართველოში ზეთის ფასი მინიმუმ კიდევ 5%-ით შემცირდება - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ განაცხადა.
ივა ჭყონიას თქმით, საბაჟო გადასახადის პირობებშიც, ბოლო პერიოდში, ზეთი ყოველკვირეულად იაფდებოდა.
„ქართულ ბაზარზე ფასის კლება უკვე თვალშისაცემია. ფაქტობრივად, ყოველკვირეულად იაფდება ზეთი. ეს გამოწვუელია ერთის მხრივ, რუსეთის ჭარბი მოსავლით და მეორეს მხრივ უკრაინის პორტების და სხვა გზების გახსნითაც. ეს რა თქმა უნდა, ძალიან რთული ფაქტია. შესაბამისად, ყველანაირად ცდილობენ კონკურენტუნარიანები იყვნენ და გაყიდონ თავიანთი პროდუქცია. ახლა რუსეთის მიზანი, ბაზარზე კონკურენციის გაქრობაცაა. ზუსტი წარმოდგენა რომ ჰქონდეს საზოგადოებას, რუსული ზეთი 15-20%-ით უფრო იაფია, ვიდრე უკრაინული. შესაბამისად, ეს აისახება ფასებზეც. ვსაუბრობ არა ბრენდირებულ ზეთზე. ბრენდების ნაწილში ფასი უფრო ნელა იკლებს. ზოგადად რა თქმა უნდა, ტენდენცია დადებითია, ფასის ამ მასშტაბით კლება მომხმარებლამდეც მივა. რუსეთში საბაჟო გადასახადის კლება, კიდევ მინიმუმ 5%-ით შეამცირებს ზეთის ფასს“, - განაცხადა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ივა ჭყონიამ.
მისივე თქმით, რუსეთზე სასურსათო დამოკიდებულება ჩრდილოელი მეზობლის მიერ მუდმივ ეკონომიკურ ომში ყოფნაა.
„როცა საქართველოში საუბარია ბაზრების დივერსიფიცირებაზე, სულ ვამბობდი, რომ ამას ართულებს რუსეთის ფაქტორი. მართალია, იქ ბევრ პროდუქტზე თვითღირებულება და შემდეგ რუსეთიდან ლოგისტიკა იაფია, თუმცა არავინ იცის რას მოიმოქმედებს ეს ქვეყანა. 3 დღეიდან 1 კვირამდეა საჭირო რუსეთიდან ზეთის შემოტანისთვის, იგივე ზეთი არგენტინიდან რომ წამოიღო, თვენახევარია საჭირო. მომენტალურად შეიძლება შეცვალოს რუსეთმა საფასო პოლიტიკა და ჯერ კიდევ გზაში იქნება პროდუქტი, როცა ისეთი ფასით შემოვა, რომ ბიზნესს ფაქტობრივად, მოკლავს. ეს უკვე მოხდა უკრაინიდან შემომტანი კომპანიის შემთხვევაში. კერძოდ, იმპორტიორს შემოჰქონდა ზეთი უკრაინიდან, მაგრამ ვიდრე პროდუქტი საქართველოში ჩამოვიდოდა, რუსეთმა ფასები ისე დააგდო და ახლა ამ იმპორტიორს მოუწევს, რომ ზეთი თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გაყიდოს“, - ამბობს ჭყონია.
ინფორმაციისთვის, საქართველოსთვის ზეთის მთავარ იმპორტიორ ქვეყანაში, რუსეთში ამჟამად ზეთზე საბაჟო გადასახადი ტონაზე 8 621,3 რუბლს (148 დოლარს), შროტზე კი 1 578,5 რუბლს (27 დოლარს) შეადგენს. ოქტომბრიდან კი საბაჟო გადასახადი საექსპორტო ზეთზე განულდება.