„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა "ვისოლ ჯგუფმა" იყიდა. ამის შესახებ ინფორმაცია "საზოგადოებრივ მაუწყებელს" თავად ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ დაუდასტურა.
"ჩვენი ჯგუფი დიდი ხანია ახორციელებს კომერციული უძრავი ქონების განვითარებას ქ. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. კერძოდ, ჩვენ ვაშენებთ და ოპერირებას ვუწევთ საშუალო ზომის სავაჭრო ცენტრებს, სადაც მთავარი არენდატორია კომპანია “კარფური” და ასევე არენდატორები არიან ათობით სხვა საქართველოში მოღვაწე რითეილერები. შესაბამისად, ვფიქრობთ, ჯგუფში დაგროვდა ძალიან კარგი გამოცდილება უძრავი ქონების განვითარების კუთხით.
მიღებული გამოცდილების ბაზაზე, გარკვეული პერიოდის წინ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ დეველოპერული საქმიანობა, კონკრეტულად კი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა. სწორედ ამ მიზეზით შევისყიდეთ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" შენობა, ვაპირებთ ვიმუშაოთ უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, შევქნათ საინტერესო კონცეფცია და შესაბამისად განვითარდეს საინტერესო, მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა ამ ლოკაციაზე,"- განუცხადა ფხაკაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს.
შეგახსენებთ, რომ ქონების გაყიდვის მიზნით აუქციონი დღეს დასრულდა. კოსტავას 68 ნომერში მდებარე მიწის ნაკვეთი და შენობა ნაგებობები 65.1 მლნ ლარად გაიყიდა.
აღსანიშნავია, რომ ქონების საწყისი ღირებულება შეადგენდა 65 000 000 ლარს, დღგ-ს გარეშე. დღგ-ს ჩათვლით ქონების ღირებულება - 76 700 000 ლარი გადახდილი უნდა იქნას შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
45% - ხელშეკრულების დადებიდან 1 თვეში
20% - არაუგვიანეს 2022 წლის 31 დეკემბრისა
20% - არაუგვიანეს 2023 წლის 31 დეკემბრისა
7.5% - არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბრისა
7.5% - არაუგვიანეს 2025 წლის 31 დეკემბრისა,"- ნათქვამია აუქციონის პირობებში.
აუქციონი, მერვედ 2022 წლის 1-ელ სექტემბერს გამოცხადდა და 30 სექტემბერს დასრულდა.