კერძო სასაფლაოებზე საფლავის ფასები 1 500-2 500 დოლარის ფარგლებში მერყეობს
მიცვალებულის გაპატიოსნება და დაკრძალვა ბევრი ოჯახისთვის მძიმე ფინანსური დარტყმაც არის. მიცვალებულის შემოსვა, სასახლე, ბალზამირება, კატაფალკი და დაკრძალვის ხარჯი, რომ აღარაფერი ვთქვათ ქართული ტრადიციისთვის დამახასიათებელ ქელეხზე, რომელიც ხშირად მინიმუმ 200 კაცზეა გათვლილი, ოჯახის ბიუჯეტზე მწვავედ აისახება. როგორც bpn.ge-თვის გახდა ცნობილი, დედაქალაქის მასშტაბით სულ 31 საქალაქო სასაფლაოა და ყველა თბილისის მერიაში დაფუძნებული შპს "ჰერმესის" დაქვემდებარებაშია. საქალაქო სასაფლაოების გარდა, დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებობს კერძო სასაფლაოებიც. რაც შეეხება საფლავის მიწას, საქალაქო სასაფლაოების ტერიტორიის თავისუფალი რესურსი დაყოფილია 5 ზონად. სასაფლაოები, სადაც არ არის დამტკიცებული სასაფლაოს ან მისი ნაწილის ზონირება, ერთ და ორადგილიანი ახალი საფლავების გამოყოფა უფასოა. რაც შეეხება ფასიან საფლავებს, საბურთალოს საქალაქო სასაფლაოს პირველ ზონაში, ერთადგილიანი საფლავის გამოყოფის ფასი 800 ლარია, ორადგილიანის - 1 600, ხოლო ყოველი მესამე და შემდეგი ადგილისთვის ჭირისუფალს 700 ლარის დამატება მოუწევს.
ვარკეთილის საქალაქო სასაფლაოზე პირველ ზონაში ერთადგილიანი სასაფლაოს ღირებულება 50 ლარს შეადგენს, ორადგილიანის - 100 ლარს, ხოლო ყოველ მესამე და შემდეგი ადგილის დასამატებლად, აქაც 700 ლარის დამატებაა საჭირო. მე-5 ზონის წესების გათვალისწინებით, ამ სასაფლაოზეც ერთი და ორადგილიანი ახალი საფლავების გამოყოფა უფასოა. თბილისი სწრაფად მზარდი ქალაქია. შესაბამისად, გადატვირთული სასაფლაოების პრობლემა დღის წესრიგში უკვე დგას. შპს "ჰერმესის" მართვაში არსებული 31 სასაფლაოდან უმრავლესობაზე ახალი საფლავებისათვის გამოსაყოფი თავისუფალი მიწის რესურსი უკვე ამოიწურა. რიგ სასაფლაოებს დახურულის სტატუსი აქვთ მინიჭებული, სადაც ახალი საფლავის გაცემა აკრძალულია. ასეთ სასაფლაოებზე დაკრძალვები საგვარეულო საფლავებში არსებულ თავისუფალ სამარეში ან/და ადრე გარდაცვლილი ნათესავის ნეშტზე ზემოდან მიმდინარეობს. რაც მხოლოდ ოჯახის მოთხოვნის საფუძველზე ხდება. მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პრობლემიდან გამომდინარე, შპს "ჰერმესი" ჯიქიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი საქალაქო სასაფლაოს მოწყობას გეგმავს. "2015 წელს გაფართოვდა ღრმაღელეს (თბილისის ზღვის მიმდებარედ) სასაფლაო და მოქმედ სასაფლაოს დაემატა დაახლოებით 3,5 ჰექტარი თავისუფალი მიწის ნაკვეთი, სადაც მალე დაიწყება ახალი საფლავების გაცემა", - გვითხრეს მერიაში.
სხვა საკითხებთან ერთად ჭირისუფალს აინტერესებს, მოუწევს თუ არა მიწის (ქონების) გადასახადის გადახდა საფლავის მიწის ყიდვის შემდეგ. დედაქალაქის მერიის ცნობით, საქალაქო სასაფლაოებზე ახალი საფლავის გამოყოფა და დაკრძალვა ნიშნავს ჭირისუფლისთვის/ოჯახის წევრებისთვის საფლავის მფლობელობაში გადაცემას იმ ვადით, რა ვადაშიც მიცვალებული იქნება დაკრძალული კონკრეტულ საფლავში, თუ გადასვენების შემთხვევაში საფლავი გათავისუფლდა, მფლობელობის უფლებაც ავტომატურად იკარგება. "საფლავის მფლობელობის უფლებით გაცემა არ ნიშნავს საფლავის მიწის ნაკვეთის გაყიდვას/საკუთრების უფლების გადაცემას. აღნიშნულ მიწაზე საკუთრების უფლება მუნიციპალიტეტს რჩება. აქედან გამომდინარე, მომხმარებელი მასზე მფლობელობაში გადაცემული მიწისთვის დამატებით არანაირ გადასახდს მომდევნო პერიოდში არ იხდის. გარდა უკვე გამოყოფილ საფლავში დაკრძალვის მომსახურების (მიწის გათხრა) გადასახადისა. ამასთან, ახალი საფლავის გამოყოფის საფასურის გადახდა ერთჯერადია", - აცხადებენ მერიაში.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქალაქოს გარდა, თბილისში კერძო სასაფლაოებიც ფუნქციონირებს. bpn.ge-ის მოკვლევამ აჩვენა, რომ საფლავის ფასები ამ შემთხვევაში 1 500-2 500 დოლარის ფარგლებში მერყეობს. შესაბამისად, თუ ბოლო პერიოდში ლარის გაუფასურებასა და დოლარის კურსის ზრდას გავითვალისწინებთ, კერძო საფლავზე ფასები საკმაოდ გაძვირდა.
ბოლო წლებში ასევე მომრავლდა სარიტუალო მომსახურების კომპანიები, რომელთაც მიცვალებულის გაპატიოსნებასა და დაკრძალვაზე ზრუნვა ოჯახის ნაცვლად იკისრეს. შესაბამისად, ჭირისუფალი ყოველ დეტალს კომპანიასთან ათანხმებს ან სრულიად მას ანდობს დაკრძალვასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. ცხადია, ეს მომსახურება საკმაოდ ძვირიც ღირს. თუმცა, კომპანიებმა ამაზეც იზრუნეს და ბაზარზე ახალი მომსახურება - დაკრძალვა განვადებით გამოჩნდა. მაღალი კონკურენციის მიუხედავად, კლიენტების სიმცირეს კომპანიები არ უჩივიან. ფასები თითქმის ყველას ერთნაირი აქვს - ჩასასვენებლის ფასი 220-დან 5 000 ლარამდე მერყეობს, კატაფალკი 70-დან 200 ლარამდე, ბალზამირება ჩაცმასთან ერთად 70 ლარი ღირს, მაცივარი 250-300 ლარი. კომპანიებს კლიენტების მოსაზიდად მეტად ორიგინალური სახელები აქვთ შერჩეული - "ჩაო ესკუდერო", "აღაპი", "სამოთხე" და სხვა.
როგორც ხედავთ, იმქვეყნად გასამგზავრებელი ბილეთი საკმაოდ ძვირი ღირს, ჩამოთვლილი ფასების შემხედვარემ კი შეიძლება გარდაცვალებაც გადაიფიქრო... დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ!
სალომე გოგოხია