საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა გლობალური მშპ-ის წლევანდელი პროგნოზი შეამცირა.
სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ყოველკვარტალური ანგარიშის Global Economic Outlook-ის თანახმად, მსოფლიოს მშპ მიმდინარე წელს 2,7%-ით გაიზრდება, რაც 0,2%-ით ნაკლებია Fitch-ის დეკემბრის პროგნოზთან (2,9%) შედარებით. სააგენტოს ცნობით, 2016 წელს გლობალური ეკონომიკის ზრდა 3,0%-ს შეადგენს. ”მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის ტემპების მატებას მსხვილი განვითარებული ეკონომიკების აღდგენა განაპირობებს”, - ნათქვამია Fitch-ის ანგარიშში.
სააგენტოს პროგნოზით, მსოფლიოს სამი ყველაზე განვითარებული ეკონომიკა - აშშ, ჩინეთი და ევროზონა - 2010 წლის შემდეგ პირველად აჩვენებს ზრდას. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს მონაცემებით, მზარდი ბაზრების ქვეყნების მშპ, რომლის ზრდის მაჩვენებელმა 2010 წელს 6,9% შეადგინა, 2015 წელს 3,6% იქნება, 2016 წელს კი 4,2%. რაც შეეხება აშშ-ს, სარეიტინგო სააგენტოს პროგნოზით, აშშ-ში 2015 წელს მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 3,1%, 2016 წელს კი 3% იქნება. ”დოლარის გამყარების წყალობით, შენარჩუნდება ამერიკული ექსპორტის მაჩვენებელი”, - ნათქვამია Fitch-ის ანგარიშში.
სააგენტოს ცნობით, ჩინეთის მშპ ისევე როგორც წელს, მომავალ წელსაც 6,5% იქნება. Fitch-ის პროგნოზით, 2015 წელს ევროზონის მშპ 0,3%-ით გაიზრდება, ხოლო მომავალ წელს 0,2%-ით - შესაბამისად, 1,4% და 1,7%. სარეიტინგო სააგენტო რეცესიას წინასწარმეტყველებს რუსეთში. მათი შეფასებით, 2015 წელს რუსეთის მშპ 4,5%-ით შემცირდება, 2016 წელს კი - 1%-ით. Fitch-ის ექსპერტები ასევე ვარაუდობენ, რომ მიმდინარე წელს მსოფლიოს მსხვილ განვითარებულ ქვეყნებში ინფლაცია 0,3%-ს შეადგენს.