„ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონე ჩამოსცდა საპროექტო მინიმუმს. ზამთრის მარაგი მთლიანად ამოწურულია,“- ინფორმაციას ამის შესახებ „ენერგოპლატფორმა“ ენგურჰესის ტექნიკური დირექტორის გია ხუბუას განცხადების საფუძველზე აცხადებს.
„ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონე ჩამოსცდა საპროექტო მინიმუმს. ზამთრის მარაგი მთლიანად ამოწურულია. ასე ადრე ეს პირველად მოხდა. მიზეზი - ელექტროენერგიაზე მოთხოვნილების პერმანენტული ზრდაა.
წყალუხვი წელი არ იყო, მაგრამ არც წყალმცირე ეთქმის, ორივე მოქმედ ჰესზე საშუალო წლიურზე მეტი ელექტროენერგია გამოვიმუშავეთ - წლის ბოლომდე ჯამი ასცდება 4, 5 მილიარდ კვტ.სთ-ს.
თბობლოკები და იმპორტი იქნება დენის ძირითადი წყარო ოთხი თვის განმავლობაში. აფხაზეთი, სადაც ზამთარში განსაკუთრებით იზრდება მოხმარება, დიდწილად რუსეთზე იქნება დამოკიდებული, ზამთრის ჩამონადენით ენგური გალი-ოჩამჩირეზე მეტს ვერ დააკმაყოფილებს. რთული ვითარებაა, საიდანაც გამოსავალი ახლო მომავალშიც არ ჩანს," - აცხადებს ხუბუა.