პუტინმა 2022 წლის საშემოსავლო დეკლარაცია წარადგინა. ამის შესახებ მისი პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განაცხადებაში არის ნათქვამი, რასაც „ტასი“ ავრცელებს.
კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ 2022 წელს პუტინმა წელიწადში 10,2 მლნ რუბლი (132 279 დოლარი) გამოიმუშავა. ის 77 კვ.მ ფართობის ბინასა და 18 კვ.მ ავტოფარეხს ფლობს. ამასთან, პუტინი კიდევ ერთი, 153,7 კვ.მ ბინისა და 18 კვ. მ. საავტოფარეხო ფართის მფლოებელია. მისი მთელი უძრავი ქონება რუსეთში მდებარეობს.
პუტინზე გაფორმებულია ორი იშვიათი ავტომობილი GAZ M21, ასევე, ავტომანქანა „ნივა“და „სკიფის“ მარკის მისაბმელი.
პესკოვის თქმით, 31 მარტი დეკლარაციის შეტანის ბოლო დღეა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა უმრავლესობამ თავისი შემოსავალი უკვე აჩვენა.
აღსანიშნავია, რომ პუტინის ამ დეკლარაციაში, ფაქტობრივად, წინა, 2021 წლის საშემოსავლო მაჩვენებლები არის გადმოწერილი. ზუსტად ერთი წლის წინათ რუსულმა მედიამ პუტინის 2021 წლის დეკლარაცია გაასაჯაროვა, რომელშიც ანალოგიური ციფრები არის ნაჩვენები. კერძოდ, პუტინმა 2021 წელსაც ზუსტად 10,2 მლნ რუბლი (132 279 დოლარი) გამოიმუშავა. თუმცა „ინტერფაქსმა“ მაშინდელი მონაცემები პუტინის წინა, 2020 წლის შემოსავალს შეადარა, რაც ნაკლები, 9, 994 მლნ რუბლი (129 432 დოლარი) აღმოჩნდა.
რაც შეეხება უძრავ ქონებას, შარშანდელის მსგავსად, 2021 დეკლარაციაში მონაცემები ისევ იდენტურია და პუტინის საკუთრებაში 153,7 და 77 კვ.მ ფართობის ორი ბინა, ასევე, სათითაოდ 18 კვ.მ-ის ორი ავტოფარეხი ფიქსირდება. 2021 წლის დეკლარაციის მონაცემებსაც GAZ-M21-ის, „ნივას“ და „სკიფის“ მისაბმელისგან შემდგარი საავტომობილო პარკი ასრულებს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ