ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს რამდენიმე მოსამართლე დაასანქცირა. როგორც სახელმწიფო მდივანი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული, მათ და მათი ოჯახის წევრებს გაუუქმდათ მოქმედი ვიზები მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო.
სანქცირებულებს შორის მოხვდნენ მოსამართლეები: მიხელ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე.
ოთხიდან ერთი, ვალერიან ცერცვაძე ყოფილი მოსამართლეა, რომელსაც სანქციები შეეხო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის მიერ 2018 წელს შევსებული დეკლარაციით ირკვევა, რომ მისი უმცროსი შვილი 2013 წელს ნიუ ორკში დაიბადა და შესაბამისად აშშ-ს მოქალაქეა.
ცერცვაძეს ჰყავს მეუღლე და 2 არასრულწლოვანი შვილი. ყოფილი მოსამართლე სოფელ დიღომში 225 კვ.მ საცხოვრებელ სახლს ფლობს, რომლის მშენებლობაც 2013 წელს დაასრულა და 80 000 აშშ დოლარი დაუჯდა. იგივე მისამართზე 2011 წელს შეძენილი აქვს 55 000 აშშ დოლარად 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთი. 2011 წელსვე მისი მეუღლე გვანცა მიქუჭაძე ონის რაიონის სოფ. ჟაშქვაში ყიდულობს 600 კვ.მ მიწის ნაკვეთს 2 000 ლარად. ცერცვაძის ქონების ჩამონათვალს შორისაა ბორჯომის რაიონი, სოფ.სადგერი, 972 კვ.მ მიწის ნაკვეთის 70%, რომელიც თანასაკუთრებაში დავით ერისთავთან აქვს.
ცერცვაძემ 2009 წელს მსუბუქი ავტომობილი ssangyong kyron 15 500 დოლარად შეიძინა.
მოსამართლის პოზიციაზე ცერცვაძემ 72 009 ლარი მიიღო 2017 წელს.