საქმეში ონლაინ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ოპერატორებიც არიან გარეული
მიმდინარე წლის 5 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფის წევრები დააკავა, რომლებსაც ყალბი მონაცემები შეჰქონდათ არაფუნქციონირებადი საწარმოს გასული წლის დეკლარაციებში, რითაც ფიქტიურად დასაქმებულებად აჩვენებდნენ საქართველოს ათასობით მოქალაქეს. სქემის მიხედვით, დაჯგუფება მოქალაქეების სახელით, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდიდან დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაციებს აგზავნიდა და ამ გზით ბიუჯეტიდან უკანონოდ იღებდა სახელმწიფოს კუთვნილ თანხას. გამოძიების შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ მითვისებული ნახევარ მილიონამდე ლარი ამოღებული იქნა.
სამართალდამცველებმა დამნაშავეები იმ დროს გამოააშკარავეს, როცა თანხის გარკვეული ნაწილი ანგარიშებზე უკვე გადარიცხული იყო, ხოლო დარჩენილი თანხის ნაწილის ჩარიცხვამდე რამდენიმე საათი იყო დარჩენილი. გამოძიების ინფორმაციით, ამ საქმეში 2 000-მდე პირია ჩართული. თუმცა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მხოლოდ ორგანიზატორები მისცეს. როგორც bpn.ge-ს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, 1 904 მოქალაქის მიმართ, რომლებიც საწარმოს თანამშრომლებად იყვნენ გაფორმებულები, სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდება. მაკონტროლებელ უწყებაში აცხადებენ, რომ დაუბეგრავი მინიმუმის მითვისების მცდელობის ფაქტზე მცირე თაღლითობები ადრეც გამოუვლენიათ, თუმცა ასეთი მასშტაბური სახის დანაშაული პირველად მოხდა. სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის დაუფლების ფაქტზე შპს „პრო-მაშინის“ დამფუძნებლები ნანა მენთეშაშვილი, ზურაბ ვაჩეიშვილი, გრიგოლ ძაგანია და ლევან შურღაია დააკავეს, ხოლო სისხლის სამართლის პასუხისგებაში სხვადასხვა ონლაინ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ოპერატორები - სალომე დევაძე, ნიკოლოზ ვეკუა, ელეონორა გიორგაძე, ნანი კობახიძე და ვასილ გაბუნია მისცეს.
როგორც საგამოძიებო სამსახურში გვითხრეს, ონლაინ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოპერატორები, დანაშაულებრივ ჯგუფს მათი კომპანიის კლიენტების პირადი მონაცემების ასლებს უგზავნიდნენ. ამ მონაცემების საფუძველზე თაღლითები მოქალაქეებს ”პრო-მაშინის” თანამშრომლებად აფორმებდნენ, შემდგომ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე დეკლარაციას ავსებდნენ, კომპანიის ანგარიშის ნომერს უთითებდნენ და დაუბეგრავი მინიმუმის თანხების გადარიცხვა კომპანიის ანგარიშზე ხორციელდებოდა.
ვინაიდან, ზოგიერთი კომპანია ხელფასს ხელზე გასცემს, კანონმდებლობით უფლება აქვს, რომ დაუბეგრავი მინიმუმის ჩარიცხვა კომპანიის ანგარიშზე მოითხოვოს და შემდეგ ეს თანხაც ხელზე გასცეს. სწორედ ამ პრინციპით მოქმედებდნენ თაღლითებიც. ამიტომ მოქალაქეთა უმრავლესობამ თაღლითობაში მათი ირიბად მონაწილეობის შესახებ არაფერი იცოდა. აქედან გამომდინარე, მათ მიმართ განრიდება განხორციელდა და სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. რაც შეეხება ზოგიერთი ონლაინ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ მათი კლიენტების პირადი მონაცემების გაცემის ფაქტს, კანონმდებლობის თანახმად, პიროვნების მონაცემები კონფიდენციალურია და მესამე პირზე გაცემა აკრძალულია. შესაბამისად, კანონით ეს ქმედება დასჯადია.
როგორც bpn.ge-სთვის გახდა ცნობილი, დანაშაულებრივ საქმიანობაში იყო ჩართული ონლაინ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია Unicredit.ge. გამოძიების ინფორმაციით, Unicredit.ge-ს თანამშრომლები სალომე დევაძე და ნანი კობახიძე დანაშაულებრივ ჯგუფს კლიენტების პირადი ინფორმაციის ასლებს ელექტრონული ფოსტით უგზავნიდნენ.
გიორგი გრძელიშვილი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი:
„საწარმო „პრო-მაშინი“ სპეციალურად დაუბეგრავი მინიმუმის მისაღებად შეიქმნა. მათ ძალიან ბევრ ადამიანს შესთავაზეს ამ თანხების მარტივი გზით მიღება, რაზეც ბევრი დათანხმდა. თუმცა, მოქალაქეების 80%-მა არ იცოდა, რომ მათ მონაცემებს აყალბებდნენ. ეს მონაცემები სხვადასხვა ონლაინ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების თანამშრომლებმა მიაწოდეს. თუმცა, მოგეხსენებათ, რომ კლიენტის პირადი ინფორმაცია კონფიდენციალურია და მათ ამის გამჟღავნების უფლება არ ჰქონდათ. კომპანიის ბუღალტერი საბუთებს აყალბებდა და აჩვენებდა თითქოს საწარმოში 1 904 ადამიანი მუშაობდა, საბუთებში წლიურ შემოსავლის სახით ზოგს 3 000, ზოგს 4 000 ლარი ჩაუწერეს, რომ ვინმეს ეჭვი არ შეპარვოდა. დეკლარაციები ყალბი მონაცემებით შეავსეს და შემოსავლების სამსახურის საიტზე ატვირთეს. ფიზიკურად იმის საშუალება, რომ ყოველი 300 ლარის გადარიცხვა ვაწარმოოთ, არ არის. თუმცა, როცა ერთ კონკრეტულ საწარმოზე ნახევრი მილიონი ლარის გაცემა მოხდა, ეს სამართალდამცველებს არ გამოეპარათ. მოცემულ ეტაპზე თაღლითურად მითვისებული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნდა და ეტაპობრივად გადანაწილდება პატიოსან ადამიანებზე, რომლებსაც დაუბეგრავი მინიმუმი ნამდვილად ეკუთვნით”.საპირისპიროს ამტკიცებს Unicredit.ge-ს დაკავებული ოპერატორის, სალომე დევაძის ადვოკატი თამარ აბესაძე. მისი თქმით, პირადი მონაცემების გაცემა დანაშაული არ არის.
„სალომე დევაძე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „იუნიკრედიტში“ მუშაობდა, სადაც დღეში უამრავი მოთხოვნა შედის სესხის მოთხოვნის თაობაზე. კარგად იცით, რომ ასეთი სახის კომპანიები სესხს მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე გასცემენ. როდესაც დაუბეგრავი მინიმუმის პროგრამა ამოქმედდა, საწარმო „პრო-მაშინის“ წარმომადგენლებმა საფინანსო ორგანიზაციებს ოფიციალური წერილი გაუგზავნეს, სადაც ნათქვამი იყო, რომ მომხმარებლებს დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნებაში და დოკუმენტაციის მომზადებაში დაეხმარებოდნენ და პირად მონაცემებს ითხოვდნენ. ბევრმა ხომ არ იცის, როგორ უნდა შეავსოს დეკლარაცია. თავად სალომესაც შესთავაზეს, რომ შენც გაგიკეთებთო, მაგრამ სალომეს წლიური შემოსავალი 6 000 ლარს აღემატებოდა, ამიტომ უარი თქვა. სალომე დევაძე თაღლითობის მონაწილე რომ ყოფილიყო, თვითონაც ხომ მიიღებდა დაუბეგრავ მინიმუმს? სალომემ არ იცოდა, რომ ისინი საბუთებს აყალბებდნენ და დაუბეგრავი მინიმუმი უკანონოდ გაიცემოდა. თანაც, ამ მონაცემების გაგზავნა მომხმარებლებთან შეთანხმებით ხდებოდა. მუშას, რომელიც დღიურად 20 ლარზე მუშაობს და 100 ლარის იოლი გზით მიღებას ჩააწვეთებ, ამის მისაღებად ხომ ყველაფერს გააკეთებს?
- დევაძეს და მის თანამშრომელს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდათ?
- არა, ისინი გირაოს საფუძველზე გამოუშვეს. პროცესზე პროკურატურამ 10 000 ლარის გირაო მოითხოვა. სალომე დევაძეს ხელფასი თვეში 250 ლარია, ამხელა თანხას ვერ გადაიხდიდა, მოსამართლემ მისი მდგომარეობა გაიზიარა და დევაძეს და მის თანამშრომელს ნანი კობახიძესაც გირაო 2 000 ლარი შეუფარდა. კობახიძეს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, რომლებსაც მარტო ზრდის“.
საქმეზე გამოძიება თაღლითობის მუხლით მიმდინარეობს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 4-დან 9 წლამდე პატიმრობა ელით.
სალომე გოგოხია