ჟურნალ "ფორბსის" ყველაზე მდიდარი რუსი ქალების ბოლო რეიტინგის მიხედვით, 51 წლის ელენა ბატურინას ქონება 1 მილიარდი დოლარია
რუსეთის ყველაზე მდიდარ ქალბატონად კვლავ რჩება მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის მეუღლე ელენა ბატურინა. ჟურნალ "ფორბსის" ყველაზე მდიდარი რუსი ქალების ბოლო რეიტინგის მიხედვით, 51 წლის ელენა ბატურინას ქონება 1 მილიარდი დოლარია. თუმცა, 2010 წელთან შედარებით, როდესაც ელენა ბატურინამ ყველაზე მდიდარი რუსი ქალების რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა, მისი ქონება 2,9 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
450 მილიონი დოლარის მფლობელია რეიტინგის მეორეადგილოსანი, კომპანია "პროგრეს კაპიტალის" თანამფლობელი და დირექტორთა საბჭოს წევრი, 45 წლის ოლგა ბელიავცევა. მესამე ადგილს კი ინტერნეტ-მაღაზია Wildberries გენერალური დირექტორი, 40 წლის ტატიანა ბაკარჩუკი იკავებს 380 მილიონი დოლარით. ახალგაზრდა ტატიანა ბაკარჩუკმა ეს ბიზნესი ჯერ კიდევ 2004 წელს, ინგლისურის მასწავლებლად მუშაობისას წამოიწყო. ბავშვის გაჩენის შემდეგ, დეკრეტულ შვებულებაში მყოფმა ტატიანამ გერმანული კატალოგებიდან ტანსაცმლის გაყიდვა და ამით დამატებითი შემოსავლის შოვნა გადაწყვიტა. ტატიანა ბაკარჩუკმა და მისმა მეუღლემ მალე გახსნეს ინტერნეტ-მაღაზია და პირველ ეტაპზე ამანათებს ტატიანა თავად არიგებდა შემკვეთთა მისამართზე. "ვერც კი ვიფიქრებდით, რომ ჩვენი იდეა სუპერპროექტად იქცეოდა", - აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში ტატიანა ბაკარჩუკმა.
ყველაზე მდიდარი რუსი ქალბატონების ათეულში ასევე მოხვდნენ სუპერმარკეტების ქსელის "ბახეტლეს" თანადამფუძნებელი მუსლიმა ლატიპოვა - 300 მილიონი დოლარი, კომპანია "ტაიფის" ერთ-ერთი მფლობელი გუზელია საფინა (210 მილიონი). "ფორბსის" ინფორმაციით, "ტაიფი" თათარსტანის ნავთობქიმიისა და ნავთობგადამუშავების 96%-ს აკონტროლებს. მილიონერებს შორის დასახელდა თათარსტანის პირველი პრეზიდენტის მინტიმნერ შაიმიევას შვილიშვილი - კამილია შაიმიევა, რომლის ქონებაც 90 მილიონ დოლარს შეადგენს. რეიტინგში მეათე პოზიცია ერგო "ლუკოილის" ვიცე-პრეზიდენტსა და მთავარ ბუღალტერს ლიუბოვ ხობას, რომლის ქონებაც 180 მილიონს შეადგენს.