საქართველოში მოქალაქეებს შესაძლოა, კრემაციის მოთხოვნის უფლება გაუჩნდეთ - კანონპროექტის დეტალები

საქართველოში მოქალაქეებს შესაძლოა, კრემაციის მოთხოვნის უფლება გაუჩნდეთ. აღნიშნულს გულისხმობს პარლამენტის წევრის ხათუნა სამნიძის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში უკვე დარეგისტრირდა.

„კანონპროქტის მიღება უკავშირდება იმ გარემოებას, რომ საქართველოს ორგანული კანონში „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ არ არსებობს ჩანაწერი ნეშტის დაკრძალვასა და მასთან დაკავშირებული საქმიანობების ლიცენზიის შესახებ. ხოლო, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სახეების ჩამონათვალში, კრემაცია ეკონომიკური საქმიანობის სახედ არის შეტანილი. ნეშტის დაკრძალვასა და მასთან დაკავშირებულ საქმიანობებს შესაბამისი ქვეკლასი შეიცავს და ეს საქმიანობებია: გვამის მომზადება დაკრძალვის ან კრემაციისათვის; დაკრძალვის ან კრემაციის მომსახურება.

კანონპროექტი მიხედვით, განხორციელდება საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქმიანობის ლიცენზიის სახეების ჩამონათვალში ახალი პუნქტის ჩამატება: ნეშტის დაკრძალვასა და მასთან დაკავშირებული საქმიანობების ლიცენზიის შესახებ. რაც საშუალებას მისცემს დაინტერესებულ პირებს განახორციელონ აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობა,“- აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

შესაბამისად, პარლამენტის მიერ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ნეშტის კრემაციის სურვილის შემთხვევაში პირებს შეეძლებათ აღნიშნული სერვისი საქართველოშივე მიიღონ.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მომზადებამდე ცვლილების ავტორებმა საქართველოში კრემაციის სერვისებზე ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით თემატური მოკვლევაც ჩაატარეს. როგორც ამ მოკვლევაშია აღნიშნული, საქართველოში ადამიანებს შეზღუდული აქვთ შესაძლებლობა, თავად აირჩიონ საკუთარი დაკრძალვის ფორმა და მეთოდი.

„კრემაციის სერვისის განვითარების შემთხვევაში, მისი გამოყენების პროცენტული მაჩვენებელი იქნება დაბალი საწყის ეტაპზე და მისი გაზრდა მოსალოდნელია ნელი ტემპით. შესაბამისად, ბაზარს ექნება შესაძლებლობა ეტაპობრივად მოერგოს ცვლილებებს. სასაფლაო მიწები არის დეფიციტური საქართველოში. კრემაციის სერვისის განვითარება ხელს შეუწყობს სასაფლაო მიწების დეფიციტის პრობლემის გადაწყვეტას და მიწის რესურსის გამოთავისუფლებას მიწის რესურსზე მზარდი მოთხოვნის შემცირების გზით; პირველადი შეფასებით საქართველოს ბაზარზე არის საკმარისი მოთხოვნა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს კრემაციის სერვისის მომგებიანი მიწოდება,“- ნათქვამია მოკვლევაში.

თაია არდოტელი